GE
ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის სასწავლო უნივერსიტეტი ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის სასწავლო უნივერსიტეტი რვალი დაფუძნდა 1995 წელს ქ. თბილისში. 2000 წლიდან ფუნქციონირებს ქ. რუსთავში. 2004 წელს და შემდგომ 2006 წ. საქართველოს საგანმანათლებლო დაწესებულებების სახელმწიფო სააკრედიტაციო სამსახურის ბრძანებით მიენიჭა ინსტიტუციური აკრედიტაცია. დღეისთვის სასწავლო უნივერსიტეტი რვალი ერთადერთი აკრედიტირებული უნივერსიტეტია ქვემო ქართლის რეგიონში.

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან სწავლობენ სხვადასხვა ეთნიკური წარმომავლობის სტუდენტები. 2002-2006 წწ.-ში ჩვენთან სწავლობდნენ ჩრდილო კავკასიიდან ლტოლვილი სტუდენტები. გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის წარმომადგენლობამ საქართველოში (UNHCR) განახორციელა პროექტი (DAF) ლტოლვილ სტუდენტთა დასახმარებლად, რომელიც ფინანსდებოდა გერმანიის მთავრობის მიერ. 2008-2009 სასწავლო წლებში უნივერსიტეტის რექტორი მიწვეულ იქნა დიდი ბრიტანეთის ქ. ოქსფორდში გამართულ ევროპის ბიზნეს ასამბლეაზე. EBA-ს საინფორმაციო ანალიტიკურმა ცენტრმა უნივერსიტეტი დააჯილდოვა ევროპული ხარისხის ნიშნით საგანმანათლებლო სფეროში - ''EUROPEAN QUALITI". ამავე სამიტზე უნივერსიტეტის რექტორი არჩეულ იქნა ევროპის რექტორთა კლუბის წევრად.

2009 წლიდან წმიდა დიოდორის ფონდის თაოსნობით უნივერსიტეტი თანამშრომლობს ესპანეთის ქ. ბარსელონას ავტონომიურ უნივერსიტეტთან. ბარსელონაში საქმიანი ვიზიტისას ხელი მოეწერა მემორანდუმს სტუდენტთა გაცვლითი პროგრამის შესახებ. 2010-2011 სასწავლო წელი უნივერსიტეტმა დაიწყო საკუთარ რესტავრირებულ და განახლებულ შენობაში, რომლის საუნივერსიტეტო კამპუსად სრულად ჩამოყალიბება დაგეგმილია 2016 წლისათვის.

2014 წლის აპრილიდან სასწავლო უნივერსიტეტმა რვალმა შეიცვალა სახელწოდება და ფუნქციონირებას აგრძელებს ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის სასწავლო უნივერსიტეტის სახელწოდებით.