GE
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი დაარსდა 1918 წელს ცნობილი ქართველი ისტორიკოსის ივანე ჯავახიშვილის და მის თანამოაზრეთა ჯგუფის თაოსნობითა და უდიდესი ძალისხმევით. იგი პირველი და ერთადერთი იყო იმ დროს მთელს კავკასიაში.

უნივერსიტეტი საზეიმოდ გაიხსნა 1918 წლის 26 იანვარს – საქართველოს მეფის დავით აღმაშენებლის მოსახსენიებელ დღეს.
მისივე სახელობის ეკლესია უნივერსიტეტის ბაღში 1995 წლის 5 სექტემბრიდან შეუდგა მსახურებას.

1989 წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს მისი დამაარსებლის ივანე ჯავახიშვილის სახელი მიენიჭა.
დღეს უნივერსიტეტში ახალგაზრდების აღზრდისა და მეცნიერული წვრთნის საქმეს 3275 პროფესორ-მასწავლებელი ემსახურება. მათგან 55 აკადემიკოსი და აკადემიის წევრ-კორესპონდენტი, 595 პროფესორი და დოქტორი, 1246 დოცენტი და მეცნიერებათა კანდიდატია.

ქართულ უნივერსიტეტში დაფუძნდა არაერთი საქვეყნოდ აღიარებული სამეცნიერო სკოლა:
  • მათემატიკური (ანდრია რაზმაძე, ნიკოლოზ მუსხელიშვილი, ილია ვეკუა, ვიქტორ კუპრაძე, ანდრო ბიწაძე და სხვ.);
  • ფიზიკური (ელეფთერ ანდრონიკაშვილი, მათე მირიანაშვილი, ვაგან მამასახლისოვი, გივი ხუციშვილი, ალბერტ თავხელიძე და სხვ.);
  • ფსიქოლოგიური (დიმიტრი უზნაძე და სხვ.);
  • ფიზიოლოგიური (ივანე ბერიტაშვილი და სხვ.).
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კათედრებზე და სამეცნიერო კვლევით ქვედანაყოფებში ინტენსიურად მიმდინარეობს ასპირანტებისა და სამეცნიერო ხარისხის მაძიებელთა მომზადება; ფუნქციონირებს სამეცნიერო ხარისხების მიმნიჭებელი 26 საკვალიფიკაციო საბჭო მეცნიერების თითქმის ყველა დარგში.

უნივერსიტეტთან 1923 წლიდან არსებობს სტამბა, 1933 წლიდან – გამომცემლობა. 1933 წელს შეიქმნა უნივერსიტეტის არქივი. 1919 წლიდან დარგების მიხედვით გამოდის სამეცნიერო კრებული ,,თბილისის უნივერსიტეტის შრომები”, 1996 წლიდან მოქმედებს პროგრამა ,,სახელმძღვანელოები სტუდენტებისათვის”. უნივერსიტეტს გააჩნია ორი ყოველკვირეული გაზეთი ,,თბილისის უნივერსიტეტი” (გამოდის 1927 წლიდან) და ,,ქართული უნივერსიტეტი” (გამოდის 1998 წლიდან).
უნივერსიტეტში ფუნქციონირებს რამდენიმე მუზეუმი:
  • ისტორიისა და ქართული ემიგრაციის;
  • მინერალოგიის, გეოლოგია-პალეონტოლოგიის;
  • გეოგრაფიის;
  • ზოოლოგიის;
  • ბოტანიკის.
უნივერსიტეტში ფართოდაა გაშლილი სტუდენტთა სამეცნიერო მუშაობა. ყოველწლიურად იმართება სტუდენტთა შემაჯამებელი სამეცნიერო კონფრენციები.