GE
საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტი – სდასუ
საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტი (სდასუ) დაარსდა 1991 წელს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს – პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით. აქტიური და მიზანმიმართული საქმიანობით, სდასუმ უკვე შექმნა გარკვეული ტრადიცია, მოიპოვა მაღალი რეიტინგი, მიაღწია აღიარებას ევროპულ სივრცეში, რითაც გამორჩეული ადგილი დაიმკვიდრა ჩვენი ქვეყნის უმაღლეს სასწავლებლებს შორის.

საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტის მისია გამოხატულია მისი სწრაფვით, სრულად შეესაბამებოდეს ევროპულ სტანდარტებს და, იმავდროულად, განასახიერებდეს საუკეთესო ეროვნულ ტრადიციებს, ანუ, თავისი არსით, იყოს ქართულიც და ევროპულიც.
უნივერსიტეტი ორიენტირებულია დემოკრატიისა და ჰუმანიზმის იდეალებზე, არა მხოლოდ მაღალკვალიფიციური კადრების, არამედ ზნეობრივად სრულყოფილ, ეროვნული სულისკვეთებით გამსჭვალულ, დემოკრატიულ ღირებულებებთან ნაზიარებ პიროვნებათა აღზრდაზე, რაც ხელს შეუწყობს ქვეყანაში სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბება–განვითარებას.

ამ მისიას შეესაბამება უნივერსიტეტის მიზანი – შექმნას პიროვნების ინტერესებისა და შესაძლებლობების შესატყვისი უმაღლესი განათლების მიღების, კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების ყველა პირობა, ამასთანავე, ყოველმხრივ წაახალისოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სტუდენტთა და აკადემიური პერსონალის მობილობა.

უმაღლესი განათლების სამივე საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამები და შესაბამისი ადამიანური და მატერიალურ–ტექნიკური რესურსი ემსახურება დაინტერესებული პირებისათვის თანამედროვე მოთხოვნათა შესატყვისი, მაღალი ხარისხის უმაღლესი განათლების შეთავაზებას, სტუდენტის პიროვნული პოტენციალის განვითარებას, თეორიული ცოდნით და პრაქტიკული უნარ-ჩვევებით აღჭურვილი, შიდა და საგარეო შრომით ბაზარზე კონკურენტუნარიანი სპეციალისტების აღზრდას.

საზღვარგარეთის საგანმანათლებლო და სამეცნიერო–კვლევით ცენტრებთან თანამშრომლობა მიზნად ისახავს ქართული მეცნიერების განვითარების ხელშეწყობასა და ახალი სამეცნიერო კადრების მომზადებას.

უნივერსიტეტის კურსდამთავრებულებს – ბაკალავრებს, მაგისტრებს, დოქტორებს – შესაძლებლობა აქვთ, დასაქმდნენ საჯარო თუ არასამთავრობო დაწესებულებებში, საერთაშორისო ორგანიზაციებში, კერძო სექტორში, შეავსონ მაღალკვალიფიციურ სამართალმცოდნეთა, მედიკოსთა, ჟურნალისტთა, ფილოლოგთა, ეკონომისტთა რიგები, ახალი სიტყვა თქვან მეცნიერებაში და ამით საკუთარი წვლილი შეიტანონ ქართული სახელმწიფოს შენებაში.