GE
51-ე საჯარო სკოლა გალაკტიონ ტაბიძის სახელობის 51-ე საჯარო სკოლა თავის ისტორიას ითვლის 1917 წლიდან.  სკოლას მაშინ “ვერის მე-7 სასწავლებელი” ეწოდებოდა, რომელიც მოთავსებული იყო სესიაშვილების  კერძო სახლში და ეჭირა სულ ხუთი ოთახი.

1921 წელს ვერის მე-7 სასწავლებელი გადაკეთდა მე-18 შრომის სკოლად, რომლის ხელმძღვანელი იმჟერად გახდა სასწავლო ნაწილის გამგე თამარ ხელაშვილი. ამ სახელწოდებით სკოლამ ათი წელი იარსება და 1931 წლის სექტემბერში გადაკეთდა შვიდწლედად. იმ დროისთვის სკოლა უკვე მეტად პრესტიჟულად ითვლებოდა, მას პარმენის სკოლადაც მოიხსენიებდნენ.

1931-35 წლებში მე-18 სკოლა შვიდწლედს წარმოადგენდა, 1935 წლის მაისში კი გადაწყდა სკოლისთვის ახალი შენობის აგების საკითხი. ამჟამინდელი შენობის ნაწილი სწორედ მაშინდელი აგებულია, რომელიც მშობელთა შემოწირულობებითა  და  მათ მიერ გაწეული ფიზიკური შრომით მოხერხდა. შენობა სულ ოთხმოცდაცამეტ დღეში აშენდა. პროექტის ავტორი პეტრე დუნდუა გახლდათ, მისი შვილიც ამ სკოლის მოსწავლე იყო. სკოლის აღორძინების საქმეში დიდი წვლილი მიუძღვით მაშინდელ მშობლებს, განსაკუთრებით აღსანიშნავია იმდროინდელი  მშობლეთა კომტეტის თავმჯდომარე ქალბატონი მარიამ ლეონიძე-ერისთავის ფინანსური თანადგომა.

1935 წელს სკოლას სახელოვანი ქართველის, დიდი ივანე ჯავახიშვილის სახელი მიენიჭა, 1943 წელს კი გაიყო ქალთა და ვაჟთა სკოლებად. მე-18 სკოლის შენობაში დაარსდა ქალთა მე-6 სკოლა, ხოლო ვაჟთა სკოლა განთავსდა 25-ე სკოლის (ამჟამინდელი 53-ე სკოლა) შენობაში და ეწოდა ვაჟთა მე-7 სკოლა. ამავე წელს მას მიენიჭა ივანე ჯავახიშვილის სახელი.

ამჟამად სკოლაში 78 აკადემიური კლასი, 2477 მოსწავლე და 156 მასწავლებელია.