GE
იუსტიციის სასწავლო ცენტრი

საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრი არის საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომლის საქმიანობის ძირითად მიმართულებებს წარმოადგენს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სტრუქტურული ერთეულების თანამშრომელთა მომზადება და კვალიფიკაციის ამაღლება, სამოქალაქო საზოგადოებისა და სამართლებრივი რეფორმის მხარდაჭერა საზოგადოების სამართლებრივი განათლების ხელშეწყობის გზით.
თავისი კომპეტენციის ფარგლებში იუსტიციის სასწავლო ცენტრის მიერ განხორციელდა მრავალი პროექტი.

აღნიშნული მიზნების განსახორციელებლად ცენტრი:

  • ატარებს ლექციებს, დისკუსიებს, სპეციალური თემატურ სემინარებს;
  • აწყობს კაზუსთა გარჩევას, რომელთა თაობაზე მსმენელებს გამოაქვთ თავიანთი იურიდიულად დასაბუთებული გადაწყვეტილება;
  • შეიმუშავებს სამართლის სხვადასხვა დარგებში მიღებული ახალი კანონმდებლობის კომენტარებს და ამზადებს მათ გამოსაცემად;
  • აწარმოებს სამეცნიერო და კვლევით საქმიანობას სამართლის ცალკეულ პრობლემებზე;
  • ახორციელებს სასჯელაღსრულების დაწესებულების მოსამსახურეთა მომზადებას;
  • განაზოგადებს ადვოკატურის, ნოტარიატის, აღსრულების სამსახურის, სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოებისა და იუსტიციის სამინისტროს აპარატის თანამშრომელთა პრაქტიკას და ახდენს ამ განზოგადების შედეგების განხილვას მსმენელებთან;
  • შეიმუშავებს დამხმარე და მეთოდურ ლიტერატურას, მათ შორის ელექტრონულს, სამართლის სხვადასხვა დარგების პრაქტიკოსი მუშაკებისათვის;
  • აწყობს ტრენინგებს: ზოგადი კომპიუტერული სამომხმარებლო სისტემებისა და ინტერნეტის შესასწავლად; სამინისტროში დანერგილი ინფორმაციების გლობალური სისტემის შესაბამისი ქვედანაყოფების ფუნქციური ამოცანების ექსპლუატაციის ასათვისებლად;
  • ქმნის ბიბლიოთეკას სასწავლო ცენტრის მსმენელებისა და კურსდამთავრებულთათვის;
  • ეწევა საგანმანათლებლო და მთარგმნელობით საქმიანობას;
  • ორგანიზებას უწევს ცენტრის ტერიტორიულ ორგანოებს;
  • ცენტრის კურსდამთავრებულთათვის აწყობს გამოცდებს;
  • ამზადებს დისტანციური სწავლების მეთოდიკას იუსტიციის სამინისტროს რეგიონალური სამსახურების მოხელეთა და სასჯელაღსრულების ადგილებში სწავლების უზრუნველსაყოფად ტერიტორიული გადაადგილების გარეშე;
  • ახორციელებს იუსტიციის სისტემის კადრების მართვის მონიტორინგს;
  • უზრუნველყოფს იურიდიული ტერმინოლოგიის დადგენას;
  • ახორციელებს კანონით აუკრძალავ სხვა საქმიანობას.