GE

10 -17 თებერვალი – საუნივერსიტეტო სიახლეების ყოველკვირეული მომიხილვა

ჯიპას სტუდენტი ,,ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში 2016″-ის გამარჯვებული გახდა; ქუთაისის უნივერსიტეტის რექტორად ლია ელიავა დაინიშნა; გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში რექტორთა საბჭოს სხდომა გაიმართა, – ამ და სხვა სიახლეებით იყო გამორჩეული გასული კვირა ქართული უნივერსიტეტებისთვის.

EDU.ARIS.GE გთავაზობთ 10-17 თებერვალს უნივერსიტეტებში მომხდარი ამბების დაიჯესტს.

GIPA-ს მულტიმედიური ჟურნალისტიკის სამაგისტრო პროგრამის მეორე კურსის სტუდენტმა, სოფიკო ვასაძემ, კონკურსის ,,ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში 2016″-ში გაიმარჯვა. Europe On Air პროექტის ფარგლებში Newscafe.ge-სთვის მომზადებული სიუჟეტი გამარჯვებულად დასახელდა კატეგორიაში – ,,საუკეთესო აუდიო სიუჟეტი ონლაინ მედიაში”.

საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის სამართლისა და პოლიტიკის სკოლამ მიჩიგანის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის კოლეჯთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა, რომლის თანახმად იგეგმება გაცვლითი პროგრამები სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალისთვის. ასევე ერთობლივი საგანმანათლებლო პროექტების და სამეცნიერო კვლევების განხორციელება.

გაცვლითი პროგრამის ფარგლებში, მიჩიგანის სახელმწიფო უნივერსიტეტში ერთი სტუდენტი ერთი სემესტრის განმავლობაში უფასოდ ისწავლის. ამავე დროს, ჯიპა-ს სხვა სტუდენტებს ექნებათ შესაძლებლობა ისარგებლონ 50% ფასდაკლებით.

გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში, 13 თებერვალს, რექტორთა საბჭო შეიკრიბა. სხდომას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა უძღვებოდა და მასში რექტორთა საბჭოს წევრი სახელმწიფო და კერძო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებათა ხელმძღვანელები იღებდნენ მონაწილეობას.

სხდომაზე უცხოელი სტუდენტების მოზიდვის, უმაღლესი განათლების დაფინანსების სქემის შემუშავებასთან დაკავშირებულ საკითხებზე, ფაკულტეტების დაფინანსების ახალ პრინციპებზე, საგანმანათლებლო პროგრამების კვოტებზე, საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის ვადებზე იმსჯელეს.

ქუთაისის უნივერსიტეტის რექტორის თანამდებობაზე,  პარტნიორთა კრების გადაწყვეტილებით, 2017 წლის 26 იანვარს ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ლია ელიავა დაინიშნა.

უმაღლესი დაწესებულების ხელმძღვანელად დანიშვნამდე ლია ელიავას შპს ქუთასის უნივერსიტეტში   პროფესორის აკადემიური თანამდებობა ეკავა. ასევე აქვს ადმინისტრაციულ თანამდებობებზე მუშაობის გამოცდილება.

აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2017 წლის 15 თებერვალს იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის, გუბერნატორის, გივი ჭიჭინაძის ინიციატივით, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები აწსუ-ის პროფესორ-მასწავლებლებსა და სტუდენტებს შეხვდნენ. შეხვედრაზე ფილოსოფიის, სოციალური მეცნიერებების კვლევისა და სწავლების განვითარებაზე ისაუბრეს, რომლის ფარგლებშიც აწსუ-ში იგეგმება ვორქშოფები და სემინარები. პროფესორ–მასწავლებლები და სტუდენტები ლექციებს მოისმენენ დემოკრატიის პრინციპებზე და ადამიანის უფლებებზე.

საქართველოს კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარემ ნოდარ ხადურმა გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტში მასტერკლასი ჩაატარა, თემაზე – ,,სახელმწიფოს ეკონომიკური პოლიტიკა”. ასევე საქართველოს კონკურენციის სააგენტოსა და გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომლის თანახმად ხელი შეეწყობა სტუდენტთა პროფესიულ განვითარებას, კვალიფიციური კადრების მომზადებას; სამეცნიერო პროექტების, სემინარების, კონფერენციებისა და ტრენინგების ერთობლივად ჩატარებას, წარმატებული სტუდენტები კი პრაქტიკულ სწავლებას სააგენტოში გაივლიან.

გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის სამართლის სკოლის სტუდენტები თეონა ჩაჩუა და თამარ ყოლბაია ბრემენის მიწის (გერმანია) სასამართლოში 6 კვირიან სტაჟირებას გადიან, კერძოდ, სისხლის სამართლის პალატაში.

სტაჟირება ორგანიზებულია გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის მიერ, ბრემენის სასამართლოს ხელშეწყობით.

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის უწყვეტი განათლების სამსახურმა მიმდინარე სემესტრიდან ერთ-ერთი ყველაზე მოთხონადი სასერტიფიკატო კურსი – ,,ღვინო, ტურიზმი და გასტრონომია“ – განაახლა.

კურსის ფარგლებში, მსმენელებს გარდა ღვინის ტიპოლოგიის, ღვინის მარკეტინგული სტრატეგიისა და სამომხმარებლო კულტურის შესწავლისა, დეგუსტაციის ჩატარების შესაძლებლობაც მიეცათ. კურსის დასრულების შემდეგ ტრენინგის მონაწილეებს ორენოვანი საუნივერსიტეტო სერტიფიკატი გადაეცათ.

კურსები, „ღვინო, ტურიზმი და გასტრომონია“, „ღვინო და ღვინის კულტურა“, კსუ-ში მევენახეობა-მეღვინეობის ფაკულტეტის შექმნიდან ტარდება.

ინფორმაცია უნივერსიტეტების შესახებ

ცისანა არის© შერგილაშვილი

ცისანა არის© შერგილაშვილი Aris.ge-განათლების ჟურნალისტი