GE

10 ნაბიჯი, რომლებიც დაგვეხმარება ვისწავლოთ უფრო სწრაფად

ბავშვმა რომ შეძლოს მშობლის მიერ, მისი წამატებისთვის, დასახული დიადი მიზნების მისაღწევ გზაზე სიარული, აუცილებელია, დავიწყოთ მისი სწავლის უნარის განვითარება. ზოგი ადამიანი დღესაც ძველებური მიდგომით განაგრძობს სწავლას და აზროვნებას, არ მიაჩნია საჭიროდ მეთოდების გაუმჯობესება. საბედნიეროდ, კოგნიტურმა მეცნიერებამ კარგად დაგვანახვა, თუ როგორ სწავლობენ ადამიანები ყველაზე ეფექტურად. კვლევის შედეგები გასაოცარია და რეალურ რჩევებს იძლევა.

1. უნარ-ჩვევებს ყველაზე კარგად მაშინ ვიძენთ, როცა ნაწილ-ნაწილ ვსწავლობთ

გიტარაზე დაკვრის შესწავლა თუ გსურთ, მთლიანი ნაწარმოების დაკვრაზე არც უნდა იფიქრით. დასაწყისისთვის, მიზნად პატარა, გაზომვადი რამის სწავლა დაისახეთ, მაგალითად, მარტივი აკორდების, სწორი რიტმის შერჩევა და აკორდების ერთმანეთზე გადასვლა. დროთა განმავლობაში, პატარ-პატარა უნარები ერთმანეთს დაემატება და გიტარაზე სრულფასოვნად დაკვრასაც შეძლებთ.

აღნიშნული ტექნიკა ეხება როგორც მექანიკურ სწავლას, ასევე ფაქტებზე დაფუძნებული საგნების მეცადინეობას.

2. ბევრი რამის ერთდროულად კეთება არ არის ეფექტური, განსაკუთრებით, როცა ახალი ინფორმაციის მიღებასთან გვაქვს საქმე

ბევრისათვის ცხადია, რომ რამდენიმე საქმის პარალელურ რეჟიმში ეფექტიანად კეთება მითია, რომ ჩვენ ტვინს უბრალოდ არ შეუძლია ორ სხვადასხვა რამეს თანაბარი ყურადღება მიაპყროს. თუმცა, არიან ადამიანები, რომლებიც სწავლის დროს სწორედ ამას ცდილობენ.

დაანაწილეთ სრული სასწავლო მასალა პატარ-პატარა ეტაპებად და თითოეულ მათგანს სრული ენერგია მოახმარეთ. როცა ყურადღება სხვა რამეზე გადაგაქვთ, საწყის ამოცანაზე კონცენტრაციის ფოკუსირებას დაახლოებით 25 წუთი სჭირდება.

თუ ბევრ საქმეს ერთდროულად შეეჭიდებით, მიიღებთ შედეგს, რომ ყველაფერზე ნაწილობრივი წარმოდგენა გექნებათ და ვერ შეძლებთ დახელოვნებას რომელიმე მათგანში.

3. შეცდომები მისასალმებელია და მათზე უნდა ვისწავლოთ

შეუძლებელია, იყო სრულყოფილი. სწავლის მთელი არსი იმაშია, რომ ვცადოთ და გამოვასწოროთ, რაც არ გამოგვივა.
2014 წელს ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ ტვინს მეტ-ნაკლებად აქვს გამოყოფილი ადგილი, იმ შეცდომებისათვის, რომელსაც ვუშვებთ.
ბავშვები ვერ შეძლებენ ცოდნის სიმდიდრესთან ზიარებას, თუკი მშობლები არ დართავენ მათ შეცდომების დაშვების უფლებას ან გაუბრაზდებიან, როცა მსგავს რამეს ექნება ადგილი.

4. ოპტიმიზმი წარმატებაში გვეხმარება

ბავშვებზე ნეგატიური ძალისხმევით მოქმედებას შეუძლია მათ მენტალურ მდგომარეობას დაღი დაასვას, თვითრწმენა დაუკარგოს და გამოიწვიოს შფოთვა და მღელვარება. აღნიშნულ მოვლენებს ტოქსიკური ეფექტი აქვთ სწავლის ეფექტურობაზე.

ჰარვარდის ბიზნეს სკოლის პროფესორის, ელისონ ვუდ ბრუკსის, აზრით: „შფოთვა ჰქმნის ბარიერს რეალური გადაწყვეტილებების მიღების პროცესში და ხელს უშლის ისეთი აზროვნების მოწყობას, რომელიც პრობლემების გადაჭრისათვისაა საჭირო“.

პოზიტიური ფსიქოლოგიის მიმართულებით წარმოებულმა მრავალწლიანმა კვლევებმა გვიჩვენა, რომ წარმატება შესაძლებელია თითქმის ყველა მიმართულებით, თუკი საკითხს გახნილი გონებით მივუდგებით და დავინახავთ განვითარების საჭიროებას.

მშობლებმა უნდა ასწავლონ შვილებს, რომ სწავლა ძიებისა და აღმოჩენების პროცესია. ამით ხელს შეუწყობენ მათ მიზანდასახულებას, რაც თავის მხრივ, სიმტკიცეს შემატებს რთული სიტუაციაში აღმოჩენისას.

5. საინტერესო საკითხები უფრო გვამახსოვრდება, ვიდრე მოსაწყენი

ბავშვები ბუნებრივად არიან მიდრეკილნი უცნაურობისა და ექსცენტრიულობისკენ, მაგრამ როცა განათლების პროცესი მათგან მექანიკურობას ითხოვს და ფაქტების ენით ესაუბრება, ხალისის ფაქტორი სრულად ქრება. მშობლებო, ნუ დაუშვებთ ამას!

რატომ ახსოვთ ბავშვებს ბებიის სახლი, მისი უცნაური სუნით და მამის ფოსფორისფერი სავარჯიშო შორტები? იმიტომ, რომ ისინი უნიკალურია. რაც მალე მივხვდებით ამას, მით უკეთესი. აშშ-ს მახსოვრობის ჩემპიონატის ყოფილმა ჩემპიონმა და წიგნის ავტორმა, ჯოშუა ფოერმა, შეძლო, 2 წუთში დაემახსოვრებინა კარტის სული დასტა, კარტების უცნაურ სურათებთან დაკავშირებით გზით. ბავშვებსაც შეუძლიათ ანალიგიურად მიუდგნენ მასალას.

6. სწაფად კითხვა სწავლის დროს ამცირებს

პრეამბულა მარტივია: თუ შეგიძლია სწრაფად კითხვა, შეგიძლია სწრაფად სწავლა.

თუ ფიქრობთ, რომ სწრაფად კითხვას დიდი ძალისხმევა სჭირდება, ისარგებლეთ ისეთი პროგრამებით, როგორიცაა „Spreeder“, რომელსაც შეუძლია რიტმის ეტაპობრივი აკრეფა და კითხვის პროცესის უკეთ მართვა.

სიტყვების სწრაფად გადამუშავებაში თუ გაავარჯიშევთ ტვინს, მიეჩვევით სიტყვების ერთობლივობის წაკითხვას და არ დაგჭირდებათ სათითაო სიტყვის გააზრება, რაც პროცესს ანელებს.

7. პრაქტიკა, პრაქტიკა და კიდევ ერთხელ, პრაქტიკა

სიბეჯითე ტვინზე რეალურ გავლენას ახდენს.

2004 წელს „Nature”-ში გამოქვეყნებულმა კვლევამ აჩვენა, რომ ჟონგლიორობის პროცესში ტვინში მეტი რუხი ნივთირებები გამოიყოფოდა. როცა ჟონგლიორობა ჩერდებოდა, რუხი ნივთიერებები ქრებოდა. მართლია, თავად ჟონგლიორობაში განაკუთრებული არაფერია, მაგრამ მთავარი პროცესის განგრძობადობაა. ნეირომეცნიერებები ამ პროცესს „გაკვალვას“ უწოდებენ, რაც გულისხმობს იმ ახალი გზის გაჭრას, რომელიც ერთი და იმავე აქტივობის გამუდმებით გამეორებისას ხდება იმ მომენტამდე, სანამ სასარგებლო, წარუშლელ კვალს არ დატოვებს. სხვაგვარად რომ ვთქვათ, უნარ-ჩვევების გამომუშავება ექვემდებარება პრინციპს: „ან იყენებ და გაქვს, ან კარგავ“.

8. გამოიყენე ის, რაც იცი, რათა ისწავლო ის, რაც არ იცი

როცა ბავშვები გადააწყდებიან ისეთ საკითხს, რომლის გააზრებაც უჭირთ, მშობლები უნდა დაეხმარონ მათ, დაუკავშირონ ახალი მასალა, უკვე ნასწავლ და ათვისებულს. ამ მეთოდს „ასოციაციური სწავლება“ ჰქვია. მაგალითად, თუ მოსწავლეს უჭირს მათემატიკა, მაგრამ უყვარს ფეხბურთი, შეუძლია იპოვოს მსგავსება ჩახვეულ გადაცემასა და ფუნქციის გრაფიკს შორის. ამრიგად, შეძლებს მისთვის აბსტრაქტული საკითხის უკეთ წარმოდგენას.

9. პასუხების ძიება ყოველთვის ცუდი არაა

ბავშვებმა უნდა ისწავლონ პრობლემებთან შეჭიდება. ამით დისციპლინას გამოიმუშავებენ. თუმცა, ფაქტები გვაჩვენებს, რომ პრობლემებთან გამკლავებაზე დიდი დროის დახარჯვა, უარეს შედეგს გვაძლევს. 2008 წელს, მკვლევარებმა დაასკვნეს, რომ სიტუაციებს, რომელშიც რაღაც „ენის წვერზე გვადგას“, მაგრამ ვერ ვიხსენებთ, თანდათან, გადავყავართ „შეცდომის პოზიციაში“, რომელის დროსაც რეალური კონცეფცია ან ფაქტი ნაცვლდება იმ მომენტის მოგონებით, როცა ვერ გავიხსენეთ, არადა „ენის წვერზე გვადგა“.

გამოსავალი: თუ იცი, იცი. თუ ვერ იხსენებ – „დაგუგლე“.

10. სხვებისათვის სწავლება შენც გეხმარება

მეცნიერები ამ ფაქტორის „პროტეჟეს ეფექტს“ უწოდებენ.

როცა შენი სიტყვებით გადმოსცემ იმას, რაც ისწავლე, არა მარტო გასცემ, არამედ იმტკიცებ ცოდნას. ინფორმაციის პატარა ნაწილებად დაშლისას თემა უფრო ადვილად გასაგებია და თანაც, მასწავლებელიც უფრო გათვითცნობიერებული ხდება დეტალებში.

2007 წლის კვლევა ვარაუდობს, რომ სწორედ ამიტომ არიან უფროსი და-ძმები, უმცროსებზე ჭკვიანები. ისინი უმცროსებს იმ ცოდნას გადასცემენ, რასაც თავად იღებენ.

7 ვებგვერდი, რომლებიც გვასწავლიან უფასოდ და მოგვცემენ დიპლომსაც

40 შესანიშნავი საიტი, რომელიც დაგეხმარებათ ისწავლოთ რაღაც ახალი ყოველ დღე

წყარო: businessinsider

მოამზადა ანა ნემსიწვერიძემ

 

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური