GE

10 რამ, რისი გაკეთებაც შეგიძლიათ ყოველ დღე, რათა უფრო ჭკვიანი გახდეთ

თქვენ შეიძლება, ფიქრობთ, რომ გონება და ნიჭიერება პატარა ასაკიდანვე განსაზღვრული ზომით აქვს ადამიანს და იგი არ იცვლება დროთა განმავლობაში. მაგრამ, კვლევები აჩვენებს, რომ ეს ასე არ არის. ის, თუ როგორ მივუდგებით ამა თუ იმ სიტუაციას და როგორ ვკვებავთ საკუთარ ტვინს, მნიშვნელოვნად განსაზღვრავს ჩვენს გონებრივ შესაძლებლობებს.

გამოკითხვების მიხედვით, იმისათვის, რომ უფრო ჭკვიანი გახდეთ, სულაც არ არის აუცილებელი ძალიან დიდი დრო და ენერგია. არსებობს არაერთი მცირე რამ, რისი გაკეთებაც ყოველ დღე შეგიძლიათ და მათი ყოველდღიურ რუტინაში ჩართვა სულაც არ არის რთული.

მაშ ასე:

1. უფრო გონივრულად მიუდექით თქვენს ონლაინ-დროს – ყოველი შესვენების დროს არაა აუცილებელი სოციალური ქსელების შემოწმება ან საყვარელი ცხოველების სურათების დათვალიერების დღიური რაციონის შევსება. ინტერნეტი სავსეა შესანიშნავი სასწავლო რესურსებით, როგორებიცაა ონლაინ-კურსები, ლექსიკის შესასწავლი მასალები თუ სხვა უამრავი წყარო, რომელსაც გონების კვება შეუძლია.

2. ჩაიწერეთ, რასაც სწავლობთ – არ არის აუცილებელი, წეროთ ლამაზი კალიგრაფიით ან ძალიან ვრცლად. უბრალოდ, დაუთმეთ რამდენიმე წუთი იმის აღწერას, რაც დღის განმავლობაში ისწავლეთ. Bayside Biosciences ადასტურებს, რომ ეს ზრდის თქვენს აზროვნების უნარს.

3. შექმენით „შესრულებულ საქმეთა სია“ – გონებისათვის სტიმულია თავდაჯერებულობა და ბედნიერების გრძნობა, ამიტომ, წაახალისეთ იგი არა იმ საქმეების სიაში ცქერით, რაც გასაკეთებელი გაქვთ, არამედ იმ საქმეებით, რომლებიც უკვე წარმატებით შეასრულეთ.

4. ითამაშეთ პაზლები და ინტელექტუალური თამაშები მინიშნებების გარეშე – სამაგიდო თამაშები და თავსატეხები უბრალო გასართობი არაა. ისინი ტვინის გავარჯიშებაში გეხმარებათ. ამიტომ, ითამაშეთ სკრაბლი, ჭადრაკი თუ სხვადასხვა პაზლები… თანაც, მინიშნებების გარეშე.

5. იმეგობრეთ ჭკვიან ადამიანებთან – შეიძლება, ეს თქვენს თავმოყვარეობას ეწინააღმდეგებოდეს, მაგრამ, თქვენზე ჭკვიან და განათლებულ ადამიანებთან ერთად ყოფნა ყველაზე სწრაფი საშუალებაა სწავლისათვის. გახსოვდეთ, „თქვენი IQ საშუალო მაჩვენებელია იმ 5 ადამიანის IQ-სა, რომლებთან ერთადაც ყველაზე მეტ დროს ატარებთ.“

6. იკითხეთ ბევრი – ნამდვილად არ არის ახალი, რომ კითხვა აუცილებელია, მაგრამ განსხვავებულია მოსაზრებები იმის შესახებ, თუ რა არის გონების გაძლიერებისათვის საუკეთესო საკითხავი მასალა. ამაზე კონკრეტული სწორი პასუხი არ არსებობს. ეს შეიძლება იყოს ყველაფერი, დაწყებული ყოველდღიური გაზეთებიდან, დასრულებული მხატვრული თუ სამეცნიერო საკითხავებით. თუმცა, ყველა თანხმდება იმაზე, რომ რაოდენობაა მნიშვნელოვანი. ამიტომ, ბევრი იკითხეთ!

7. აუხსენით სხვებს – ალბერტ აინშტაინი ამბობდა: „თუ არ შეგიძლიათ რაიმეს მარტივად ახსნა, ესე იგი, თავადაც არ გესმით საკითხი.“ აუხსენით თქვენ მიერ შესწავლილი მასალა სხვებს. ეს დამახსოვრების საუკეთესო საშუალებაა.

8. მოსინჯეთ შემთხვევითი და თქვენს ინტერესებთან შორს მყოფი სიახლეები – სკოლიდან გარიცხვის შემდეგ სტივ ჯობსი ბევრი დროის ქონის გამო, კალიგრაფიის კურსებზე დადიოდა. მაშინ მას ეს აბსოლუტურად შეუსაბამოდ და უინტერესოდ მიაჩნდა, მაგრამ, შემდგომ, იქ ნასწავლი დიზაინერული უნარები მან პირველი Mac-ის შექმნაში გამოიყენა. მორალი: არასოდეს იცით წინასწარ, რისი ცოდნა გამოგადგებათ მომავალში. უბრალოდ, უნდა ცადოთ სიახლეები, თუნდაც, ისინი გამოუყენებლად ან არაპროდუქტიულად გეჩვენებოდეთ და აუცილებლად იხილავთ, როგორ გამოიყენებთ მათ მომავალში.

9. ისწავლეთ ახალი ენა – არ არის აუცილებელი, სწრაფადვე სუფთად და გარკვევით ისაუბროთ ან გაიქცეთ უცხო ქვეყანაში ამ ენის დასახვეწად. ეს შეგიძლიათ, მერხთან ან სავარძელში მოკალათებულმა გააკეთოთ და მაინც მოიმკოთ თქვენი შრომის ნაყოფი. ენების შესასწავლად ხომ არაერთი უფასო საიტი არსებობს.

10. გამოყავით დრო არაფრის კეთებისთვის – მიეცით საკუთარ თავს დრო და სივრცე, რათა ტვინმა ნასწავლის დამუშავება და შეთვისება შეძლოს. დაჯექით ცოტა ხნით სიწყნარეში, სამეცადინოს, სამუშაოს, კომპიუტერისა და სხვა ხელისშემშლელების გარეშე და დრო მხოლოდ და მხოლოდ ფიქრს დაუთმეთ.

წყარო: time.com

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური