GE

10 წიგნი, რომელმაც მსოფლიო შეცვალა – ნაწილი I

ევკლიდეს „ელემენტებიდან“ ფროიდის „სიზმრების ახსნამდე“ და სიმონა დებოვუარის „მეორე სქესიდან“ შექსპირის „პირველ ფოლიომდე“… იხილეთ 10 ავტორის მიერ შერჩეული 10 წიგნი, რომელიც აქტუალურია ყველა დროსა და ეპოქაში. ამ სტატიაში EDU.ARIS.GE წარმოგიდგენთ პირველ ხუთეულს და თითოეული წიგნის მოკლე აღწერას.

სიმონა დე ბოვუარისმეორე სქესი

სიმონა დე ბოვუარის „მეორე სქესი“ გამორჩეული ფემინისტრური წიგნია. ავტორის მიერ ქალთა სექსუალურობის, მათ შორის ლესბოსელობისა და საწინააღმდეგო სქესის ტანსაცმლის ტარების ღია განხილვამ, დიდი მღელვარება გამოიწვია და გამოცემა ვატიკანის მიერ აკრძალულ წიგნთა სიაშიც კი მოხვდა. წიგნის შინაარსიდან და მასშტაბებიდან გამომდინარე, არც იყო გასაკვირი, რომ „მეორე სქესი“ სენსაცია გახდა. 1949 წელს, პარიზული გამოცემიდან პირველივე კვირაში, 22 000 წიგნი გაიყიდა, ხოლო მისი ინგლისური თარგმანი ამერიკაში უმალვე ბესტსელერად იქცა. წიგნმა დიდი გავლენა მოახდინა ისეთ ცნობილ და გამორჩეულ ფემინისტებზე, როგორებიც არიან: ბეტი ფრიედანი, ჯუდით ბატლერი და ოდრი ლორდი. „მეორე სქესი“ სვამს ფემინიზმის მეტად ფუნდამენტურ შეკითხვას: რას ნიშნავს იყო ქალი?

დე ბოვუარი ეწინააღმდეგება ბიოლოგიურ ეგზისტენციალიზმს და მიიჩნევს, რომ იყო ქალი,ცგაცილებით მეტია, ვიდრე გააჩინო შვილი. იგი ქალის ფართო გაგებას ლობირებს. მას ეკუთვნის ცნობილი გამოთქვამი: „ქალად არ იბადები, ქალი ხდები“. დე ბოვუარი გვაჩვენებს ქალთა ცხოვრების პანორამას: სამსახური, დედობა, ქალთა სახეები ლიტერატურულ ნაწარმოებებში, ეკონომიკური დამოუკიდებლობა, სექსუალურობა, ასაკობრივი ფაქტორები და კარადის უკან მტვრის გამოგვით გამოწვეული მოწყენილობა.

დე ბოვუარის პროზა მკაფიო და გამჭოლია. მისი პასუხები მარტივი და ამასთან აბსტრაქტულია. მასთვის გასაოცარია ის რომ ქალი თავად აძლევს მამაკაცს უფლებას, რომ ყოველგვარი განხილვის გარეშე იყოს კაცობრიობის მთავარი, წამყვანი ფორმა. იგი ქალებზე ძალადობას ადარებს ებრაელებისა და ამერიკის შავაკნიანი პოპულაციის, პროლეტარიატისა და კოლონირებული ხალხების შევიწროვებას. თუმცა, ამასთან ასკვნის, რომ სექსიზმი ჩაგვრის უნიკალური ფორმაა, რადგან ქალები თანაარსებობენ მასთან ერთად და უყვართ კიდეც მათზე მოძალადეები. მას მიჩანია, რომ ქალებს უნდა ჰქონდეთ წვდომა იმავე დონის განათლების მიღებაზე, რაზეც მამაკაცებს, უნდა გამოიმუშავებდნენ იმდენივეს, რამდენსაც მამაკაცები და უნდა ჰქონდეთ უფლებამოსილება, ძალადობის გარეშე გადაწყვიტონ, თუ როდის გააჩენენ შვილს ან როდის ისურვებენ განქორწინებას. სიმონა დე ბოვუარი აცხადებს, რომ ქალებს ისეთივე ადამიანური მოპყრობა ეკუთვნით, როგორც მამაკაცებს. თანამედროვე ფემინიზმი ნაკლებად კრიტიკულია რიგი თემების მიმართ, თუმცა  დე ბუვარის რადიკალურმა და წინააღმდეგობრივი პოზიციებით სავსე წიგნმა დროს გაუძლო და დღესაც იმაზე მეტი პოპულარობით სარგებლობს, ვიდრე ბევრი თანამედროვე ფემინისტური წიგნი.

კონფუცისანალექტები

იმისათვის, რათა გაიცნოთ ჩინეთი, პირველ რიგში კონფუცის ანალექტები უნდა გაიგოთ. 2400 წლის წინ დაწერილი ეს წიგნი ჩინეთის კულტურული სტრუქტურის საფუძველია. ბიბლიისა და ყურანისაგან განსხვავებით, რომლებიც უფრო სულიერებაზეა აქცენტირებული, ანალექტები შეიცავს ყოფითი ცხოვრების საკითხებს: ოჯახის ერთგულება, მორალური ღირსება, სოციალური იერარქია და პოლიტიკა. ჩინელისათვის ბიბლიური ფრაზა – „გიყვარდეს მტერი შენი და ილოცე მათთვის“, გაუგებარია, რადგან კონფუცი საპირისპიროს ამბობს: „მხოლოდ ჭეშმარიტ ადამიანს აქვს უნარი, უყვარდეს და სძულდეს“. სიძულვილი ჩინელისათვის მორალური მდგომარეობის აუცილებელი კომპონენტია.

კონფუცის ცხოვრება ბუნდოვნებითაა მოცული, მაგრამ ამასთან საინტერესოა. მიუხედავად იმისა, რომ იგი ლუს გავლენიანი პოლიტიკოსი იყო ქრისტეშობამდე 500 წლისათვის, მას არ ჰქონდა სამხედრო ძალაუფლება. მისი კარიერული წინსვლა შეაფერხა იმდროინდელ მმართველებს შორის ძალების გადანაწილებამ და შიდა ომებმა. კონფუცმა დატოვა ლუ და დარჩენილი ცხოვრება სამეფოთა შორის ხეტიალსა და ხალხის სწავლება-დამოძღვრაში განვლო. მისი მსოფლმხედველობა მჭირდოდაა გადანასკვული ადამიანის ძალაუფლებასა და მის მორალურ მოვალეობებთან. არაა გასაკვირი, რომ ჩინეთის ისტორიაში ყველა იმპერატორი ატარებდა კონფუციიზმის პოლიტიკას და მათ შორის- ამჟამინდელი კომუნისტური პარტიაც. ჩინური ავტოკრატია სწორედ კონფუცისეული ღირებულებების გამზიარებლად მიიჩნევს თავს: „ღირსეული ადამიანი სიკეთის კეთებაზე ფიქრობს, ჩვეულებრივი ადამიანი კი საკუთარ კეთილდღეობაზე.“ იმპერატორები საკუთარი ღირსეულობის განმტკიცებას სწორედ კონფუცის აფორიზმებით  საუბრით ცდილობდნენ.

წიგნში ფართოდაა განხილული, თუ რა არის ღირსეული კაცის თვისებები და ფუნქციური საზოგადოებების წესები, რომლებიც ავტოკრატიულ პოლიტიკას უფრო წაადგა. თუმცა, თანამედროვე, დასავლური ღირებულების მქონე მკითხველსაც ასწავლის, თუ როგორ იცხოვროს – „ადამინმა უნდა იფოქროს ასე: ნუ იდარდებ იმაზე, რომ შენ არ გაქვს მაღალი ჩინი. იდარდე იმაზე, იმსახურებ თუ არა მაღალ ჩინს. ნუ შფოთავ იმის გამო, რომ შენ არ გიცნობს ხალხი. შეშფოთდი იმაზე, ხარ თუ არა ღირსი, რომ ისინი გიცნობდნენ.“

ჩარლზ დარვინისსახეობათა წარმოშობა

დარვინი არ ყოფილა პირველი, ვინც გამოთქვა მოსაზრება, რომ სახეობებმა დროთა განმავლობაში მუტაცია განიცადეს. ევოლუციის იდეა ანტიკური საბერძნეთიდან მოდის, თუმცა სწორედ დარვინი და პარალელურად – ალფრედ რასელ უოლასი იყვნენ ისინი, ვინც ევოლუციის განმაპირობებელ მექანიზმად ბუნებრივი სელექცია მიიჩნიეს.

„სახეობათა წარმოშობა“ ლოგიკურად დასაბუთებული წიგნია. იგი „ერთი დიდი არგუმენტია“, რომელიც შექმნილია ჩვეულებრივ მოვლენებზე დაყრდნობით და მკითხველისათვის ადვილად გასაგებ ენაზე. დარვინი გვესაუბრება ფუტკრებზე, მტრედებზე, ჭიაყელებსა და ზღარბებზე, გვეუბნება, რომ მიმოვიხედოთ და საკუთარი თვალებით განვსაჯოთ.

დარვინის ხედვები მხოლოდ ზოოლოგებისა და ბიოლოგებისათვის არ ყოფილა საინტერესო. მისი ნამუშევრები, უფრო კონკრეტულად, თეორია „ბრძოლა გადარჩენისათვის“, გამოყენებულ იქნა ბევრი პოლიტოლოგის, სოციოლოგის, ანთროპოლოგისა და ფილოსოფოსის მიერ. დარვინის იდეებს ვხვდებით კომუნისტურ მანიფესტში, ჩარლზ კინგსლის „წყლის ბავშვებში“, ლუის კეროლის „ალისა საოცრებათა ქვეყანაში“ და ა.შ. წიგნმა შეცვალა ჩვენი ხედვა სამყაროს მიმართ. წიგნის მიხედვით, ბუნების მრავალფეროვნება შესაძლოა აიხნას რაიმე ზებუნებრივი ძალის ჩარევის გარეშე, რადგან ეყრდნობა მოსაზრებას, რომ მრავალფეროვნება მილიარდობით წლების განმავლობაში მომხდარმა ბუნებრივმა კატაკლიზმებმა და ძირეულმა ცვლილებებმა გამოიწვია. წიგნი ასევე გვიჩვენებს, რომ დედამიწა არ ყოფილა პროგრესისადმი დასაბამიდანვე დაპროგრამებული. ის სახეობები, რომლებიც ზომაში ძალიან იზრდებიან, გადაშენების რისკქვეშ არიან არა მათი მედიდურობის, არამედ იმის გამო, რომ შეუსაბამოები ხდებიან გარესამყაროსათვის და იკარგავენ თვითგადარჩენის შანსს. „ჩვენ ყველა ერთმანეთთან ვართ გადაჯაჭვულნი“ – წერს დარვინი. ჩვენი ბოლო ათწლეულის გამოწვევებისა და სახიფათო ცვლილებების გამკლავების გზაზე, ეს ჩვენთვის მნიშვნელოვანი გაკვეთილია.

ევკლიდესელემენტები

„ელემენტები“ ალექსანდრიაში ქრისტეშობამდე 300 წელს დაიწერა და წარმოადგენს ცამეტწიგნიან  ტრაქტატს, რომლის 465 თეორემა აჯამებს ყველაფერ იმას, რაც იმდროინდელმა ბერძნებმა გეომეტრიის შესახებ იცოდნენ. გამორჩეულია პითაგორას თეორემის დამტიკიცება და მტკიცება იმისა, რომ მარტივი რიცხვების რაოდენობა უსასრულოა.

„ელემენტები“ ყველაზე მნიშვნელოვანი წიგნია მათემატიკის შესახებ, არამხოლოდ საგნობრივი გაგებით, არამედ მისი რევოლუციური მეთოდიკით. სწორედ ამ წიგნიდან მომდინარეობს ის, თუ როგორ იყენებენ მათემატიკოსები მათემატიკას დღეს. წიგნი ბერძნულიდან ლათინურად გადაითარგმნა, შემდგომ არაბულად, რამაც დიდი გავლენა მოახდინა ისლამურ კულტურასა და მეცნიერებაზე. მათემატიკის ისტორიკოსი კარლ ბოიერი 1960 წელს წერდა, რომ „ელემენტების“ პირველი დაბეჭდვიდან (1482 წ.) წიგნი ათასზე მეტი ვერსიად გამოიცა და „ალბათ, ბიბლიის გარდა ვერცერთი სხვა წიგნი ვერ დაიკვეხნის ამდენი გამოცემით.“

„ელემენტები“ იწყება ჩამონათვალით, რომელიც მოიცავს 23 განმარტებას, 5 პოსტულატსა და 5 ცნებას. განმარტებებში საუბარია იმ გეომეტრიულ ფიგურებზე, რომლებზეც შემდგომში ხდება საუბარი, მაგალითად წერტილები და წრფეები. პოსტულატები გვეუბნება, რისი გაკეთება შეგვიძლია, მაგალითად: შეგვიძლია ორ ნებისმიერ წერტილზე გავავლოთ წრფე. ხოლო, ცნებები აზუსტებს ძირითად დაშვებებს, რომ თუ A=X და თუ B=X, მაშინ A=B. ამის შემდგომ თავდაპირველად გაწერილი მარტივი მოცემულობებიდან იგი აშენებს გასაოცარ მათემატიკურ ნაგებობებს. „ელემენტებში“ მოყვანილი ყველა თეორემა ლოგიკურადაა დამტკიცებული მცირე მათემატიკურ ჭეშმარიტებებზე დაყრდნობით.  „ელემენტების“ მთელი ხიბლი მის სიზუსტესა და გონებამახვილობაშია. წიგნმა დაადგინა მათემატიკური მტკიცებულებების სტანდარტი. სხვა მეცნიერებებისაგან განსხვავებით, სადაც ახალი მოდელები და თეორიები აბათილებს ძველს, „ელემენტების“ თეორიები იმავე ჭეშმარიტებებად რჩება, როგორც ეს ძველი საბერძნეთის დროიდან იყო.  ზოგიერთი მათგანი, როგორიცაა პითაგორას თეორემის ცოდნა სავალდებულოა საშუალო განათლების სერტიფიცირების  გამოცდაზე

წიგნი არ არის ადვილად წასაკითხი. ევკლიდეს ნაკლებად აინტერესებდა ნამუშევრის სილამაზე და გაგებადობა. იგი ორიენტირებული იყო შეექმნა სისტემა, რომელიც კრიტიკას გაუძლებდა. ფაქტია, რომ 2500 წლის შემდეგაც მასში თითქმის არანაირი ხარვეზი არ არის ნაპოვნი. ევკლიდე არის ერთადერთი დიადი მათემატიკოსი, რომლის სახელსაც არ უკავშირდება მნიშვნელოვანი თეორემის აღმოჩენა. მისი რეპუტაცია ეფუძნება არა იმას, თუ რა გააკეთა, არამედ, როგორ.

ზიგმუნდ  ფროიდის  „სიზმრების ახსნა

როდესაც იურიდიული ფაკლუტეტის ახალგაზრდა სტუდენტმა, ჰანს საქსმა, პირველად გადაშალა „სიზმრების ახსნა“, მისი ცხოვრება სამუდამოდ შეიცვალა. ეს იყო ისეთივე საბედისწერო მომენტი, როგორც შეხვედრა “femme fatale“-თან, იხსენებდა მომავალი ანალიტიკოსი. დღეს ამ 800 გვერდიან წიგნს მსგავსი დრამატული ეფექტი აღარ აქვს, როგორიც ეს ფროიდისდროინდელ ეპოქაში ჰქონდა. მისი დიდშესავლიანი, გაწელილი და მშრალი პირველი თავი ბევრს უკარგავს წაკითხვის სურვილს.  მიუხედავად ამისა, ფროიდი მართალი იყო, როცა გრძნობდა, რომ რაღაც ძალიან მნიშვნელოვანს წერდა. ფროიდს სწამდა, რომ ჩვენს შეგნებულ ცხოვრებში სექსუალურობასა და ძალადობას ცენტრალური ადგილი უკავია. მწერლები და პოეტები ყოველთვის წერდნენ ფსიქიკის ბნელ და მშფოთვარე მხარეზე, მაგრამ სწორედ ამ სიზმრების წიგნმა აჩვენა, თუ როგორ ფორმირდება და იშიფრება იგი.

ეს კომპლექსური წიგნი უპოვებს ახსნას ცნობილ გამონათქვამს: „სიზმარი ასრულებული ნატვრაა“. ფროიდმა გაავლო ხაზი ნატვრასა და სურვილს შორის. სიზმარი შეიძლება აიგოს ნატვრებზე. ნატვრაა, მაგალითად, გამოცდის ჩაბარება, ხოლო ქვეცნობიერ სურვილს, რომელიც მას თან სდევს, ნატვრა სიზმარში გადააქვს.

ფროიდმა იცოდა, რომ წიგნი საშიშროებას შეიცავდა. ისევე, როგორც femme fatale-ს შეუძლია აგაცდინოს სწორ გზას, ამ წიგნსაც შესწევდა ძალა, რომ მკითხველი მუდმივი უსაფუძლო სიმბოლიზმის ძიების მორევში გადაეგდო. მისი მთელი შემდგომი საქმიანობა ამ საკითხის გამოსწორებას მიეძღვნა. 1899 წელს იგი წერდა, რომ დაფარული მნიშვნელობის ძიება არაფერში გვეხმარება და სიზმრებს აქვთ ბირთვი, წერტილი, რომლის ინტერპრეტაცია უბრალოდ შეუძლებელია და ახსნას არ ექვემდებარება. ამ სიზმრების წიგნმა მომავალ თაობებს გაუღო ორივე სამყაროს კარი: ერთი, რომელიც მნიშვნელობებზეა აგებული და რომელიც მიმზიდველია დამწყები ანალიტიკოსებისათვის და მეორე, სადაც ყველაფერს ვერ ავხსნით.

10 წიგნი, რომელიც ჭამასაც დაგავიწყებთ

10 არაჩვეულებრივი წიგნი, რომელიც შეგიცვლით აზროვნებას

5 წიგნი, რომელიც ყველა ქალს წაკითხული უნდა ჰქონდეს

სტივ ჯობსის საყვარელი 8 წიგნი, რომელთა წაკითხვასაც ის ყველას ურჩევდა

მოამზადა ანა ნემსიწვერიძემ – მეორე ნაწილი იხილეთ მომდევნო კვირას

წყარო: theguardian

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური