GE

10 წიგნი, რომელმაც მსოფლიო შეცვალა – ნაწილი II

ევკლიდეს „ელემენტებიდან“ ფროიდის „სიზმრების ახსნამდე“ და სიმონა დებოვუარის „მეორე სქესიდან“ შექსპირის „პირველ ფოლიომდე“… იხილეთ 10 ავტორის მიერ შერჩეული 10 წიგნი, რომელიც აქტუალურია ყველა დროსა და ეპოქაში. ამ სტატიაში EDU.ARIS.GE წარმოგიდგენთ მეორე ხუთეულს და თითოეული წიგნის მოკლე აღწერას.

ალდო ლეოპოლდის “ქვიშის საგრაფოს ალმანახი“

„არიან ადმიანები, ვისაც შეუძლიათ ცხოვრება ველური ბუნების გარეშე და არიან ისინი, ვისაც ეს არ ძალუძთ. ისევე, როგორც ვერ ვაფასებთ ქარს და მზის ჩასვლას, ველურ ბუნებასაც ვერ ვაფასებდით, სანამ ტექნოლოგიურმა პროგრესმა არ დაიწყო მისი განადგურება. ჩვენთვის, იმ უმცირესობისათვის, ვისაც ტელევიზორის ყურებას ბატების ყურება გვირჩევნია, შეგვეძლოს ენძელის პოვნა, ისეთივე აუცილებელი უფლებაა, როგორც სიტყვის თავისუფლება,“ წერს ალდო ლეოპოლდი „ქვიშის საგრაფოს ალმანახის“ წინასიტყვაობაში.

„ქვიშის საგრაფოს ალმანახი“, რომელიც პირველად 1949 წელს გამოქვეყნდა, ავტორის გარდაცვალებიდან ერთი წლის შემდგომ, დღემდე შექმნილ წიგნთაგან ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანია. წიგნმა შეძლო არსებითად კონსერვატიული და უტალიტარული ბუნებისდაცვითი მოძრაობა გარდაექმნა ეკოლოგიაზე ორიენტირებულ მწვანეთა მოძრაობად დასავლეთში.

ლეოპოლდი იყო სულითხორცამდე ბუნების დამცველი, რომელმაც თითქმის მთელი ცხოვრება ვისკონსინში, „ქვიშის საგრაფოს“ ფერმაში გაატარა. ამერიკის მიწების სასტიკმა ექსპლუატაციამ და ადამიანების ხელით ბუნების განადგურების ყურებამ იგი დაარწმუნა, რომ მხოლოდ დაცვა საკმარისი არ იყო – კაცობრიობას სჭირდებოდა ახალი ეთიკური დამოკიდებულების დამყარება მიწასთან და მასზე მცხოვრებ სხვა ცოცხალ არსებებთან.

ლეოპოლდის უდიდეს მიღწევად მიიჩნევა განვითარების გეგმის შემუშავება, რომელსაც იგი „მიწის ეთიკას“ უწოდებდა. „რაღაც სწორი მაშინ არის, თუ ის იცავს ბიოტიკური გარემოს ერთიანობას, სტაბილურობასა და სილამაზეს. ყველა სხვა შემთხვევაში, ის არასწორია,“ – ამბობს ის ალმანახში. ალდო ლეოპოლდის აზრით, ადამიანებს რაც არ უნდა დიდი წარმოდგენა ჰქონდეთ საკუთარ თავზე, არასდროს დგანან  ბუნებაზე მაღლა; ყოველთვის იყვნენ მისი შემადგენელი ნაწილები. მისი აზრით, ადამიანები ან მიხვდებიან ამას და შესაბამისად მოიქცევიან, ან გააგრძელებენ ბუნების განადგურებას და თავსაც დაიღუპავენ.

1948 წელს, ბევრ ბუნებისდამცველს საკუთარ მოვალეობად მიაჩნდა, რომ ველური ბუნება ნადირობისათვის ნებადართული ყოფილიყო. ახალგაზრდა ლეოპოლდიც მათ აზრს იზიარებდა. ალმანახში იგი იხსენებს ისტორიას, თუ როგორ მოკლა ძუ მგელი და როგორ დაინახა მგლის თვალებში „მწვანე ცეცხლის“ ჩაქრობა. „მე მაშინ ახალგაზრდა ვიყავი და თითი სასხლეტზე მეჭირა. მეგონა, რომ ნაკლები მგელი მეტ ირემს ნიშნავდა და მგლების დახოცვა მონადირეების სამოთხესავით იქნებოდა. თუმცა, მას შემდეგ, რაც დავინახე მწვანე ცეცხლის გაქრობა, ვიგრძენი, რომ არც მგელი და არც მთა არ იქნებოდა ლამაზი ამგვარი ხედით.“

ლეოპოლდის აზრით, ჩვენ მიწის დამპყობლებისაგან ბუნების რიგით წევრებად უნდა გადავიქცეთ, რაც ბუნებისათვის ყურადღების მიქცევას გულისხმობს. ლეოპოლდისათვის „ბუნება“ არ არის მხოლოდ ცნება. მისთვის ბუნება მგლის თვალების მწვანე ცეცხლი, ქვიშიანი საგრაფოს ტბების ბატები  და არიზონაში ფიჭვის თეთრ მერქანზე აყვავებული  მღიერებია. ამის დასანახად მხოლოდ წამოდგომა და მოწიწებაა საჭირო. ეს ის გაკვეთილია, რომელიც ჯერ კიდევ უნდა ვისწავლოთ.

ფრიდრიხ ენგელსისა და კარლ მარქსის „კომუნისტური მანიფესტი“

მანიფესიტში  ვკითხულობთ: „ევროპაში აჩრდილი დადის“. მარქსისა და ენგელის მანიფესტის გამოცემის დღიდან, ევროპას მართლაც აფრთხობდა ეს აჩრდილი კრიზისული სიტუაციების დროს. მოხეტიალე აჩრდილი არ იყო მხოლოდ მუშათა კლასის აჯანყების შიში, რადგან მანჩესტერში ქარხნის მუშები მანიფესტის გამოცემამდე 30 წლით ადრეც აწყობდნენ ჯანყს. საფრთხე პოლიტიკური იყო – მუშათა კლასის შეუპოვრობას შეეძლო საზოგადოების სუსტი რესპუბლიკურ-სოციალური იდეოლოგიიდან კომუნიზმისაკენ შეტრიალება.

მარქსისდროინდელი გერმანელი მემარცხენეებისათვის კომუნიზმი წარმოადგენდა საზოგადოებრივ წყობას კლასების გარეშე. მარქსისა და ენგელსის იდეები 1830-იანი წლების ათეისტური მემარცხენე ინტელიგენციის შეხედულებებს ეფუძვნებოდა. თუმცა, მას შემდეგ, რაც ენგელსი 1842 წელს მანჩესტერს ეწვია, მიხვდა, რომ ინდუსტრიული პროლეტარიატი იყო ერთადერთი სოციალური ძალა, რომელსაც რაიმეს მიღწევა შეეძლო. „მანიფესტი“ არ არის პროლეტარიატზე. მთელი პირველი თავი ხოტბას ასხამს კაპიტალიზმის, როგორც რევოლუციურ ძალას, რომელმაც შეძლო ჩაენაცვლებინა ნაწილობრივი და არაფორმალური საბაზრო ეკონომიკა წმინდა საბაზრო ეკონომიკით. ასევე, დიდი ნაწილი ეთმობა ბურჟუაზიის ქებას.

„მანიფესტი“ 1848 წლის საფრანგეთის რევოლუციამდე რამდენიმე კვირით ადრე გამოქვეყნდა და პარიზიდან გერმანიაში გაიგზავნა, სადაც სრულმაშსტაბიანი რევოლუცია გუგუნებდა. პატრა-პატარა კომუნისტურ სექტებს, რომლებიც დაკომპლექტებული იყო პროფესიონალი მუშებითა და რადიკალურად განწყობილი სტუდენტებით, მოუწიათ დადგომა ჯერ რადიკალური დემოკრატების, შემდგომ გადაგდებული მონარქიის და ბოლოს ბურჟუაზიის გვერდით, რაც ამ შეიარაღებული ჯგუფისათვის არარევოლუციური იყო. კომუნისტებისათვის ყველა რევოლუცია ბინძურ საქმედ იქცა, რომელიც გამოყენებული იყო რადიკალური სოციალური და დემოკრატიული მიზნებისათვის და რომელშიც კლასობრივი ძალების ჩართულობა არამყარი იყო.

ადვილად გასაგებმა  „მანიფესტმა“ თავისი მისია შეასრულა. იგი სავსე იყო ლოგიკური სიცხადით. კაპიტალიზმი თავად წარმოშობს საკუთარ მესაფლავეებს და აძლევს მათ თავისუფლებას ეკონომიკური საჭიროებებიდან გამომდინარე. „მანიფესტის“ იდეოლოგია იმდენად ძლიერი იყო, რომ მისი იდეის გამო, ადამიანთა თაობებს შეეძლოთ გაეძლოთ გადასახლებებისათვის, დაპატიმრებებისა და საკონცენტრაციო ბანაკებისათვის.

ტონი მორისონის „საყვარელი“

სცენარისტი და კრიტიკოსი, ბონი გრირი, იხსენებს: „როცა 1987 წელს გამოცემული „საყვარელი“ გადავშალე და წავიკითხე პირველი რამდენიმე წინადადება, რომელიც მკითხველს მოკლული გოგონას აჩრდილიან სახლში უძღვვება: „124 საშინელება იყო. სავსე ბავშვის შხამით. სახლში მცხოვრებმა ქალებმა ეს კარგად იცოდნენ. კარგად იცოდნენ ბავშვებმაც,“ – მივხვდი, რომ მზად არ ვიყავი კითხვის გასაგრძელებლად. ეს მხოლოდ ორი წლის შემდგომ მოვახერხე. რატომ? ერთი მხრივ, არ ვიყავი მზად, რომ შევჯახებოდი ნოველის სათქმელს. ინსტინქტურად ვგრძნობდი, რომ ტონი მორისონმა ახალი ჯოჯოხეთი დაგვანახა. ისეთის, როგორის ჩვენებაც უდიდესმა მწერლებმა: რიჩარდ რაიტმა, ჯეიმს ბოლდვინმა და ელის ვოკერმაც ვერ შეძლეს. „საყვარელმა“ ავტორის ოთხი ძველი ნამუშევრისაგან განსხავებით, შეძლო, გადაეყვანე წიგნის რეალობაში. კითხვისას, შენც ოჰაიოს მოჩვენებიან სახლში ხარ, სეტის სახლში, ქალის, რომელმაც ამჯობინა საკუთარი შვილი მოეკლა, ვიდრე იგი ისევ მონობაში დაებრუნებინა. მკითხველი გადადის გოგონას, დენვერის, გონებაში და მასთან ერთად ცდილობს იპოვნოს რაიმე ბალანსი საზოგადოებაში, რომელსაც მისი არსებობაც კი სძაგს და ხვდება პოლ დის – კაცს, რომელიც გადაურჩა მონობის საშინელებებს და რომელსაც მიაჩნია, რომ ურთერთობების მოგვარების გზა სტაბილურობაზე გადის. მეორე მხრივ, იყო სხვა მიზეზიც, რამაც დამაფრთხო: მორისონის ხმა იმდენად ძლიერი და შთამბეჭდავია, რომ შემეშინდა ხელოვანების მრავალი თაობების მსგავსად, უნებლიედ, მეც მისი შემოქმედების გავლენის ქვეშ არ მოვქცეულიყავი.

წიგნის წაკითხვა მაშინ მომიწია, როდესაც მემუარების წერისას დამჭირდა სამყაროს დანახვა დედაჩემისა და ბებიის თვალებით. წიგნს ხაზად გასდევს ის დიდი მძვინარება და სიბრაზე, რასაც შავკანიანი ქალები გრძნობდნენ: სიბრაზე უძლურებისა, დაიცვა შენი შვილი და საკუთარი თავი. „საყვარელი“ არის ერთგვარი გოდება ყველა დაღუპული ბავშვის – წარმოდგენილი ერთი პატარა გოგონას გარდაცვალების ისტორიით. წიგნი გასცდა მხატვრტული ლიტერატურის ჩარჩოებს და რეალური ძალა შეიძინა.

უილიამ შექსპირის კომედიები, ისტორიები და ტრაგედიები

ბრუტუსის მიერ ცეზარისათვის დანის ჩაცემა, მალვოლიოს ყვითელი წინდები და თასმები, კლეოპატრას მრავალფეროვანი სახეები, ლედი მაკბეტი, მისი ბნელი ქარიზმით, კალიბანის ხმა… „ეს სამყარო სცენაა“, „უფრთხოდეთ მარტის იდებს“, „ჩვენ ვართ ის, რაზეც ვოცნებობთ“… წარმოიდგინეთ, რა იქნებოდა სამყარო ბატონი უილიამ შექსპირის კომედიების, ისტორიებისა და ტრაგედების გარეშე, რომელიც 1623 წელს დიდი მასშტაბით ორსვეტოვან ფოლიოდ გამოიცა.

მსოფლიოს უდიდესი მწერილის პიესების ნახევარზე მეტმა ჩვენამდე სწორედ ამ წიგნის დამსახურებით მოაღწია. რომ არა ფოლიო, მხოლოდ ამოგლეჯილი და არეულ-დარეული ტექსტები შემოგვრჩებოდა. როგორც პირველი ფოლიოს სათაური გვამცნობს, შექსპირმა სრულყოფილებას მიაღწია ყველა ჟანრში: კომედია, რომელზეც შეგიძლია იცინო, ისტორიული პიესები, რომელიც დაგაფიქრებს და ტრაგედიები, რომლებიც აგატირებს.

თუმცა ფოლიოს სათაური მართალი არ არის. მის ნაწარმოებებს ვერ მივაკუთნებთ ერთ, ცალკე აღებულ ჟანრს. მისი ტრაგედიები შეიცავს კომედიურ ელემენტებს, კომედიაში გვხვდება ტრაგედია და ისტორიული მხარე ყველა მათგანშია. პიესებში კაცობრიობის მთელი ცხოვრება ირეკლება: მეფეები და მასხარები, მმართველი ქალები და სამხედროები, სულმდაბალი პოლიტიკოსები და გაიძვერები, საუკეთესო მეგობრები, რომლებიც ერთი და იმავე ქალის სიყვარულის გამო ერთმანეთის მოსისხლე მტრებად იქცნენ, მშობლები, რომლებიც არ ეპუებიან საკუთარ ასაკს და შვილებს, ახალგაზრდა ქალ-ვაჟები მომწიფების ასაკში, დეპრესიაში ჩავარდნილნი და შეშლილნი. მეგობრები, რომლებიც იჩენენ არნახულ ერთგულებას და შურიანები, რომლებსაც ავი საქმის კეთება სიამოვნებას ჰგვრით. რომ აღარაფერი ვთქვათ მოჩვენებებზე, ფერიებზე, არაამქვეყნიურ სულებსა და ოლიმპოს ღმერთებზე. ამას გარდა, შექსპირს ეკუთვნის დაუვიწყარი ფრაზები, გამონაგონი სიტყვები და კომბინაციები, ბეატრისისა და ბენედიქტის სიბრძნეები, ჰამლეტის ღრმა მედიტაციები, ოტელოსა და კლეოპატრას ჰაეროვანი პოეზია, სერ ჯონ ფალსტაფის სასაცილო და ფანტაზიით აღსავსე პროზა. არც ერთ სხვა წიგნს არ აუთვისებია ენობრივი რესურსი ასე სრულყოფილად.

ფოლიო შექსპირის კრებულების პირველი გამოცემა იყო. ბოლო 400 წლის მანძილზე, თითქმის ყველა დიდ მოაზროვნე და ისტორიული პირვნება შექსპირის დამფასებელი და მისი წინგების კოლექციის მფლობელი იყო. ფროიდი ამბობდა, რომ ფსიქოანალიზი ფაქტობრივად წარმოადგენდა შექსპირის პერსონაჟების მახასიათებლების მეცნიერული აღწერას. მარქსმა ფულის ძლევამოსილების შესახებ ბევრი რამ ათენელი ტიმონისაგან ისწავლა. აბრაამ ლინკოლნი შექსპირს საათობით ხმამაღლა კითხულობდა. ნელსონ მანდელა და მისი რობენის კუნძულელი თანასაკნელები შექსპირის წიგნს საგულდაგულოდ მალავდნენ. და როგორც ბენ ჯონსონმა, შექპირის მეგობარმა და მეტოქემ აღნიშნა, ეს არის წიგნი „ყველა დროისა და ეპოქისათვის.“

წმინდა წერილი

ბიბლია წიგნებს ნიშნავს. ბერძნულად მოლაპარაკე ებრაელები და ქრისტიანები ამ სიტყვას იყენებდნენ საღმრთო წერილების ერთობლიობის მოსახსენიებლად, რომელიც სხვადასხვა დროში, სხვადასხვა ადგილზე და სხვადასხვა  სტილით დაწერილი საგანძურს წარმოადგენდა. ებრაელები არ იზიარებდნენ ქრისტეს ცხოვრების შესახებ, ოთხი მოციქულის მიერ, დაწერილ ცხოვრებას, რომელიც ქრისტეს გარდაცვალებიდან 4 საუკუნის შემდგომ ქრისტიანებმა კანონიკურად გამოაცხადეს და ახალ აღთქმად მოიხსენიეს. ნაკლები აზრთა სხვაობაა იმ საღმრთო წერილებზე, რასაც ებრაელები თანახს და ქრისტიანები ძველ აღთქმას უწოდებენ. იგი წარმოადგენს კანონების კრებულს, რომელიც მიიჩნევა თავად ღვთის მიერ შექმნილად. მასში მთხრობილია სამყაროს შექმნის ისტორია, ახლო აღმოსავლეთის იმპერიების აღზევება-დაცემა, წინასწარმეტყველებები, ანდაზები. ებრაელებიცა და ქრისტიანებიც, მათი განსხვავების მიუხედავად, ამ მრავალფეროვან წერილებს მიიჩნევენ საკუთარი რწმენის ამოსავლად.

საინტერესო ფაქტია ის, რომ „ყურანს“, მსგავსად „ახალი აღთქმისა“, აქვს ებრაული წმინდა წერილების გავლენა. ყურანის მუხლებში მოსე ყველაზე ხშირად არის ნახსენები და წინასწარმეტყველების დოქტრინა მთლიანად ებრაული ბიბლიიდან მოდის იმ განსხვავებით, რომ მისი მცნებები გაცილებით მკაცრია. მუსლიმანების რწმენით, მუჰამედი არ არის ყურანის ავტორი. მას იგი ღვთისგან გადაეცა. ისლამური სწავლებით ყურანი არ შექმნილა, ის დაუსაბამოა და ყველაფერზე უწინ არსებობდა, რაც ეხმიანება ძველი და ახალი აღთქმების მუხლებს. მუსლიმანებს მიაჩნიათ, რომ ყურანი წარმოადგენს ღვთის პირდაპირ და წმინდა სიტყვას,  ყველაფერს, რასაც ის ამბობს, სიმართლეა. შედეგად, ყურანი უფრო განმსაზღვრელი ფაქტორი გახდა ისლამური ცივლიზაციისათვის, ვიდრე ბიბლია ქრისტიანულისათვის.

შუა საუკუნეებში ბერძნული ბიბლია ანუ „წიგნები“ შეიცვლა მხოლობითი „წიგნით“. დასავლური გავლენის გავრცელებასთან ერთად, ბიბლიამ მანამდე წარმოუდგენელ მიწებზეც ჩააღწია. დღეს ბიბლია ყველაზე მეტად გაყიდვადი წიგნია მთელს მსფლიოში. ვერც ერთი სხვა წიგნი მას ამ მხრივ კონკურენციას ვერ უწევს.

10 წიგნი, რომელმაც მსოფლიო შეცვალა – ნაწილი I

მოამზადა ანი ნემსიწვერიძემ

წყარო: theguardian.com

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური