GE

13 გავრცელებული ფრაზა, რომელიც მოსწავლეებთან არ უნდა გამოვიყენოთ

საგანმანათლებლო სტატიების ავტორი, დოქტორი ქარვინი, აღნიშნავს, რომ საშუალო სკოლაში სწავლების ადრეულ ეტაპზე მოსწავლეებს ხანდახან ისეთ რამეს ეტყოდა, რასაც შემდეგ ნანობდა. ბოლო წლებში თავადაც შეესწრო სხვა მასწავლებლების წარმოთქმულ ანალოგიურ  ფრაზებს. ქარვინი დაინტერესდა მისი კურსდამთავრებული სტუდენტების პრაქტიკაში არსებული იმ შემთხვევებითაც (ყველანი მოქმედი მასწავლებლები არიან), როცა მათაც ინანეს  მოსწავლეების მისამართით გამოთქმული ფრაზების გამო. იგი ბავშვებსაც გაესაუბრა და მათგან მოისმინა, თუ რა სწყენიათ მასწავლებლებისაგან. ამ ყოველივეს საფუძველზე ქარვინმა შეადგინა იმ ფრაზების სია, რომლებიც პედაგოგებმა არ უნდა გამოიყენონ.

სია საკმაოდ მსუყე გამოვიდა და ქარვინმა ის 13 პუნტქამდე დაიყვანა. ზოგიერთი ფრაზა კონტროლის მექანიზმებს ეხება, ზოგიც მოტივაციას, ხოლო დანარჩენი – კლასის მართვის საკითხებს. ყველა მათგანი კი იმედგაცრუებას და/ან სიბრაზეს გამოხატავს. მოდით, საქმიანი დღე დავიწყოთ ყველა ამ გამონათქვამის ამოშლით ჩვენი ლექსიკონიდან.

1. „პოტენციალი კი გაქვს, მაგრამ არ იყენებ

მოსწავლეები ამ ფრაზის მოსმენისას თავს შეურაცხყოფილად გრძნობენ. თუკი ზოგი გამოწვევას იღებს და ცდილობს, უკეთესი გახდეს, ბევრი მოტივაციას საერთოდ კარგავს და ხელს იქნევს. უმჯობესია, თუ მზრუნველი ტონით ჰკითხავთ: „როგორ შემიძლია შენი შესაძლებლობების მაქსიმალურად გამოყენებაში დაგეხმარო?“

2. “მე შენ იმედები გამიცრუე

რა თქმა უნდა, დროდადრო მოსწავლეების საქციელი იმედებს გვიცრუებს. ჩვენი გულდაწყვეტის ღიად გამოხატვის ეფექტი დამოკიდებულია როგორც თქმის ფორმაზე, ასევე კონკრეტულ სიტყვებზეც. ქარვინთან საუბარში მოსწავლეებმა აღნიშნეს, რომ ვერ იტანენ, როცა მასწავლებელი აღნიშნულ ფრაზას იყენებს. გამონათქვამის პრობლემა იმაშია, რომ ის წარსულს ეხება. მომავალზე აქცენტირება კი უფრო სწორი მიდგომაა. გთავაზობთ ალტერნატიულ ვერსიას: „როგორ ფიქრობ, სამომავლოდ ანალოგიურ სიტუაციაში თუკი აღმოჩნდები, როგორ  აჯობებს მოქცევა?“

3. „რა თქვი?“

ეს ფრაზა ხშირად გამოიყენება მასწავლებლების მხრიდან, როცა მოსწავლეებთან პირადი საუბრის შემდეგ, მათი მიტრიალებისას, ბავშვი ჩაილაპარაკებს ან ვიღაცას ჩუმად გადაურჩურჩულებს რაიმეს. ფრაზას – „რა თქვი?“, ესკალაცია მოყვება. განა მართლა მნიშვნელოვანია თქვენთვის, თუ რა ითქვა? საერთოდ ნუ მიაქცევთ ყურადღებას ვერგაგონილ შეპასუხებას. არ არის აუცილებელი, ყოველთვის თქვენ იყოთ ბოლო სიტყვის ავტორი.

4. „შენთვის თუ გავაკეთებ ამას, მაშინ ყველასათვის უნდა გავაკეთო

ქარვინი და ალ მენდლერი, წიგნში „დისციპლინა ღირსების დაცვით“, აცხადებენ, რომ სამართლიანობა სულაც არ ნიშნავს თანასწორობას. შეუძლებელია, ყველას ერთნაირად მოეპყროთ და თან, ამავდროულად, სამართლიანიც იყოთ. ყველა მოსწავლეს ინდივიდუალური საჭიროებები აქვს და თითოეული მათგანი განსხვავებული პიროვნებაა. ამასთან, არავის უნდა დიდი ჯგუფის რიგით  წევრად საკუთარი თავის აღქმა. გაცილებით უკეთესია, თუ იტყვით: „არ ვიცი, რამდენად შემიძლია ამის გაკეთება, თუმცა ყველანაირად ვეცდები, რომ რაიმე გზით დაგეხმარო“.

5. „ეს წესებს ეწინააღმდეგება

წესები ქცევას არეგულირებს. ხშირად, საკითხის გადასაწყვეტად რამდენიმე გზა არსებობს, რომელთა შორისაც შესაძლებელია არჩევანის გაკეთება. ზოგიერთი მათგანი აუცილებლად ჩაჯდება წესების ჩარჩოში. უმჯობესია ვთქვათ: „ვნახოთ, თუ შევძლებ შენს დახმარებას, რეგულაციების ფარგლებში“.

6. „შენი ძმა/და შენზე კარგი იყო

ნურასდროს შეადარებთ მოსწავლეს მის და-ძმას ან ნებისმიერ ადამიანს, ნურც დადებით და ნურც უარყოფით ჭრილში. რა სიტუაციაშიც არ უნდა იყოს ობიექტი, შედარებას კარგი არაფერი მოაქვს. ქარვინი წერს, რომ შვილიშვილები ხშირად ეკითხებიან, თუ რომელი მათგანი უფრო უყვარს. აქ ავტორი სვამს რიტორიკულ კითხვას: „წარმოგიდენიათ, რა მოხდება, ამ კითხვას მართლა რომ ვუპასუხო?!“

7. „მომწონს, ტომი როგორც ზის

ამ მანიპულაციის მიზანი, მოსწავლეების ადგილებზე დასმაა. ირიბად გადაკვრას, პირდაპირ თქმა სჯობს: „ბავშვებო, დასხედით, გთხოვთ.“ მაშინაც კი, როცა მეთოდი ამართლებს, მისი უარყოფითი მხარე, დადებითს ყოველთვის გადაწონის.

8. „შენგან არაფერი არ გამოვა

გარდა იმისა, რომ ეს შეურაცხმყოფელია, სრულიად არასწორიცაა. ქარვინი იხსენებს, რომ პატარაობისას ეუბნებოდნენ, მისგან მასწავლებელი არ გამოვიდოდა, მაგრამ შეცდნენ. რამდენი ადამიანისათვის უთქვამთ, რომ არაფერი არ გამოუვიდოდათ? რამდენი თქვენგანისათვისაა ეს ფრაზა ნაცნობი?

9. „თავი ვინ გგონია

ნუთუ მართლა გსურთ, მოსმინოთ, თავი ვინ ჰგონიათ? ეს კითხვა, ხომ გულისხმობს შედეგს: „შენ არ ხარ ჩემზე მეტად მნიშვნელოვანი!“, რაც იწვევს უაზრო ამბიციების წარმოშობას და ძალების ჭიდილს.

10. „ოდესმე ენას აჩერებ?“

ფრაზა მოსწავლის გაჩუმების ცინიკური გზაა. შეკთხვა არასდროს დაიწყოთ სათქმელი შემდეგი ფორმულირებით: „ოდესმე იზამ ამას და ამას?“ მაგალითად, „ოდესმე მოისმენ? შეასრულებ დავალებას? პასუხისმგებლობით მოეკიდები საქმეს?!“. ნუ მიმართავთ სარკაზმს და სათქმელი პირდაპირ თქვით.

11. „ახლა არ მცალია

თუ მოსწავლეს რამეში სჭირდებით, თავიდან უცბად ნუ მოიშორებთ. აგრძნობინეთ, რომ იგი თქვენთვის სულ ერთი არაა. უთხარით: „ახლა ძალიან დაკავებული ვარ, მაგრამ ჩემთვის შენ მნიშვნელოვანი ხარ. თუ ძალიან გადაუდებელი არაა, იქნებ საუბრისათვის უკეთესი დრო შევარჩიოთ. მინდა, რომ კარგად მოგისმინო.“

12. „მთელი კლასი დაისჯება, სანამ ვინმე არ აღიარებს…”

კოლექტიური დასჯა არასდროსაა სწორი. მისი თავიდან ასარიდებლად ბევრი მიზეზი არსებობს, მაგრამ თუ გვინდა, მოსწავლეებმა ისწავლონ საკუთარ ქმედებებზე პასუხისმგებლობების აღება, მათ უნდა იცოდნენ იმ მოსალოდნელი შედეგების შესახებ, რაც მათ არჩევანს მოჰყვება.  როცა ისჯებიან იმ ქმედების გამო, რაც მათ არ ჩაუდენიათ, ისინი სამყაროს უსამართლოდ და არაპროგნოზირებადად აღიქვამენ. იფიქრებენ, რომ შედეგები სულაც არაა დამოკიდებული კონკრეტულ საქციელზე. ჩვენ არ გვინდა, ბავშვებს ეს ვასწავლოთ.

13. „რა გემართება?

კითხვა საკუთარ თავში გულისხმობს, რომ მოსწავლეს რამე ნაკლი ან პრობლემა აქვს. არავინაა სრულყოფილი. შესაბამისად, ამ ფრაზის მიზანი ადამიანის განაწყენებაა. რა პასუხი გვინდა ამ კითხვაზე  გვითხრან, რომ ოჯახური ძალადობის გარემოში იზრდებიან და მშობლებს ისინი არ უყვართ?! ბევრი პროფესიონალი მიიჩნევს, რომ ადამიანები მაშინ არიან საუკეთესოები, როცა არიან ის, ვინც არიან. გირჩევთ შემდეგნაირ ფორმულირებას: „ვხედავ, რომ პრობლემა გაქვს. მოდი ერთად ვიპოვნოთ გამოსავალი.“

არ არის მისასალმებელი, როცა მასწავლებელი ადვილად ბრაზდება, გამოდის წყობიდან და წლის მანძილზე ერთხელ ან ორჯერ მაინც ამბობს ამ ფრაზებიდან რომელიმეს. როცა მოსწავლეებს მასწავლებელი უყვართ და პატივს სცემენ, მისი მხრიდან დაშვებული იშვიათი შეცდომა დიდ გავლენას ვერ ახდენს. მაგრამ მაშინ, როცა ის არ მოსწონთ, ნაკლებად მიმტევებლები არიან მის მიმართ და ასეთი მასწავლებლისაგან თავს შეურაცხყოფილად ან უსამართლობის მსხვერპლად მიიჩნევენ. ასეთი შემთხვევები ხდება და შეიძლება მას  თავი ვერ ავარიდოთ. აი, ისეთი სიტყვების გამოყენებაზე უარის თქმა კი შეგვიძლია, რომელიც თავიდანვე ვიცით, რომ კარგს ვერაფერს მოგვიტანს.

როგორ გავუმკლავდეთ რთულ მოსწავლეებს – 7 ნაბიჯი

ხართ თუ არა კარგი მასწავლებელი?

როგორი უნდა იყოს 21-ე საუკუნის მასწავლებელი – 15 მახასიათებელი

მოამზადა ანა ნემსიწვერიძემ

წყარო: edutopia.org

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური