GE

2016 წლიდან აჭარაში უმაღლესი სასწავლებლების დაფინანსების წესი იცვლება

განათლების სამინისტრო ახალი ინიციატივით გამოდის. 2016 წლიდან უწყება, როგორც მაკონტროლებელი ორგანო, უმაღლესი სასწავლებლების დაფინანსებას მონიტორინგს გაუწევს. სასწავლებლები სუფსიდირების ნაცვლად პროგრამულად დაფინასდებიან. მომდევნო წლის დაფინანსების მოსაპოვებლოად უმაღლესი სასწავლებლები გაწერილ პროგრამას სამინისტროს წინასწარ წარუდგენს, რომელიც განსახილველად ჯერ აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს შემდეგ კი აჭარის მთავრობას წარედგინება. უწყება შემდგომში ფინანსების ხარჯვასაც დააკვირდება.

აქამდე არსებული კანონმდებლობის მიხედით, გარკვეულ თანხას უმაღლესი სასწავლებლები სამინისტროსგან სუფსიდირების სახით იღებდნენ, შემდგომ კი საჭიროებისამებრ ხელფასების, სამეცნიერო ფონდების განვითარებისა, თუ სხვა ინფრასტრუქტურული ღონისძიებებისთვის საკუთარი ინიციატივით და ერთპიროვნულად განსაზღვრული რაოდენობით  განკარგავდნენ.

Aris.ge-განათლება დაინტერესდა, როგორ აფასებს აჭარის განათლების სამინისტრო ახალ რეგულაციას და რამდენად არიან მზად უნივერსიტეტები ახალი გამოწვევისთვის.

11263793_677783178993386_538951037_nგია თავამაიშვილი – აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განთლების კულტურისა და სპორტის მინისტრი:  „ეს ჩვენთვის უფრო მეტი პასუხისმგებოლობაა და მეტი ტვირთია, მაგრამ ამის თაობაზე გვექნება კონსულტაცია აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსთან. ასევე,  ვაგრძელებთ კონსულტაციებს საქართველოს განათლების სამინისტროსთან, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსთან, ასევე  მდგრადი განვითარების სამინისტროსათან. არ გამოვრიცხავ, რომ გარკვეული ცლილებების განხორციელება იქნება საჭირო კანონმდებლობის კუთხით.“

აჭარის ფინანსთა სამინისტროს რესპუბლიკური ბიუჯეტის ფორმირებისა და ანალიზის განყოფილების უფროსი დავით ბერიძე ამბობს, რომ აღნიშნული რეგულაციები საბიუჯეტო კოდექსში შეტანილი ცვლილებების შემდეგ წარმოიშვა.

„ასეთი პროგრამის წარმოდგენის ვალდებულება, აჭარაში მოქმედ უმაღლეს სასწავლებლებს, საბიუჯეტო კოდექსში შეტანილი ცვლილების  შესაბამისად წარმოეშვათ. კერძოდ, საბიუჯეტო კოდექსში  შეტანილი ცვლილებების მიხედვით, განისაზღვრა, რომ  მოქმედი სასწავლებლები რომელიმე მხარჯავი დაწესებულების კონტროლის ქვეშ უნდა გაერთიანდეს.“  

კანონში ახალი ცვლილების შესაბამისად, შესაძლოა, სამინისტროში განხილვის შემდეგ, რომელიმე საუნივერსიტეტო პროგრამა არ დაფინანსდეს. მიუხედავად ამისა,  უმაღლესი სასწავლებლების წარმომადგენლები Aris.ge- განათლებასთან საუბრისას, ცვლილებას სამინისტროს მხრიდან  კონტროლის გამკაცრებად არ აღიქვამენ და საბიუჯეტო პოლიტიკის განსაზღვრის კვალიფიკაციას ანიჭებენ.

 „პროგრამული დაფინანსების შემთხვევაში, უნივერსიტეტმა წინასწარ  უნდა მოამზადოს და აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს წარუდგინოს შესაბამისი პროგრამა, სადაც  გამოკვეთილი იქნება ის პრიორიტეტები და აუცილებლობა,  თუ რატომ უნდა მიიღოს უნივერსიტეტმა სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსება. ვფიქრობ, რომ  ეს ჯანსაღი მიდგომაა. ინსტიტუტების სამეცნიერო საბჭოების მიერ პრიორიტეტები  შემუშავებულია და დარწმუნებული ვარ, დაფინანსების ეს ფორმა დადებითად აისახება სამეცნიერო  და სასწავლო პროცესებზე,“ – აცხადებს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებელი მერაბ ხალვაში.

ბსუ 2014 წელს სამინისტროსგან 1 591 000 ლარით, 2015 წელს კი 1 600 000 ლარით დაფინანსდა. აქედან, თანამშრომელთა ხელფასზე 1 000 000 ლარი გაიხარჯა, დარჩენილი თანხა კი ინფრასტრუქტურისა და მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გაუმჯობესებას მოხმარდა. ბსუ-ის რექტორის მოვალეობის შემსრულებელი 2016 წლის ბიუჯეტის გათვლასაც ამავე პრინციპით გეგმავს.

 „პროგრამული დაფინანსების შემთხვევაში დაახლებით 1 000 000 ლარი მეცნიერ-თანამშრომელთა მიერ განხორციელებული სამეცნიერო-კვლევითი ხასიათის სამუშაოების შესრულების  დაფინანსებისათვის იქნება გათვალისწინებული – როგორც გაწეული შრომის ანაზღაურება, ხოლო სხვა თანხა ძირითადად მიმართული იქნება ინფრასტრუქტურისა და მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გაუმჯობესებისათვის.“

უმაღლესი სასწავლებლების დაფინასების წესის ცვლილება განსაკუთრებული სიახლე ხელოვნების უნივერსიტეტისთვის იქნება.

2015 წლის ჩათვლით სასწავლებელი დაფინანსებას ცენტრალური ბიუჯეტიდან იღებდა, კანონში ცვლილების განხორციელების შემდეგ კი, 2016 წლიდან აჭარის მთავრობა დააფინანსებს.

„ახალი გადაწყვეტილებით არ იცვლება არაფერი გარდა აჭარის ა.რ. რესპუბლიკური ბიუჯეტით გათვალისწინებული თანხის გამტარი ორგანიზაციისა. თუ აქამდე უნივერსიტეტისათვის გამოყოფილი 750 ათასი ლარი სახელფასო ფონდის შესავსებად  მოდიოდა პირდაპირ ფინანსთა სამინისტროდან და ჩვენ ვიყავით ცალკე მხარჯავი დაწესებულება, 2016 წლიდან უნივერსიტეტის დაფინანსება განხორციელდება აჭარის განათლების სამინისტროს ბიუჯეტის გავლით.“

საზღვაო აკადემიამ აჭარის განათლების სამინისტროს 2016 წლის სასწავლო პროგრამა უკვე წარუდგინა. თუ ამ ფორმით მოხდა მისი დაფინანსება,უმაღლესი საწავლებელი მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში 1600 000 ლარს მიიღებს. თემის კომენტირება Aris.ge-განათლებასთან  ბათუმის საღვაო სახელმწიფო აკადემიის რექტორმა ირაკლი შარაბიძემ, პრესსამსახურის ინფორმაციით, ჯანმრთელობის გაუარესების გამო ვერ შეძლო.

მიიღებენ თუ არა საზღვაო აკადემია და ბსუ სამინისტროსგან მოთხოვნილ დაფინანსებას და როგორი იქნება ფინანსთა სამინისტროს ვერდიქტი, ამით Aris.ge- განათლება აუცილებლად დაინტერესდება.

მაია შავაძე – ბათუმი

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური