GE

„2017 წელს აბიტურიენტებს კიდევ შევთავაზებთ სიახლეებს“ – მაია მიმინოშვილი ეროვნულ გამოცდებს აჯამებს

შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში გამოცდები 2016 შეჯამდა. ცენტრის ხელმძღვანელის თქმით მიუხედავად სერიოზული მღელვარებისა, საგამოცდო პროცესმა  კარგად ჩაიარა.

,,ყველანი კმაყოფილები ვართ. სერიოზული მღელვარება იყო, რომელიც დაკავშირებული იყო ახალ ფორმატთან, რომელიც აპლიკანტებს შევთავაზეთ. გვქონდა ცალკეული შემთხვევები, როდესაც აპლიკანტები საგამოცდო პროცესიდან მოიხსნენ, თუმცა მთლიანად პროცესმა წარმატებით ჩაიარა, რაც გვაძლევს იმის თქმის საშუალებას, რომ 2017 წლიდან  კიდევ ერთი ნაბიჯით წინ წავალთ და გარკვეულ სიახლეებს შევთავაზებთ აპლიკანტებს. სისტემა წარმატებით დაინერგა,”- განაცხადა მიმინოშვილმა.

წელს ერთიან ეროვნულ გამოცდებზე 38 500 ზე მეტი აბიტურიენტი; 4 ათასამდე სტუდენტი;  12 500-ზე მეტი მაგისტრობის მსურველი და 22 700-ზე მეტი პედაგოგი იყო რეგისტრირებული.  ცენტრის ინფორმაციით, 10–მდე აპლიკანტი საგამოცდო პროცესიდან მოიხსნა.

მაია მიმინოშვილის თქმით, ყველა შემთხვევაში დადგენილი წესების დარღვევას ჰქონდა ადგილი. თითქმის ყველა მოხსნილი აპლიკანტი დამხმარე მასალის გამოყენების გამო გამოეთიშა საგამოცდო პროცესს. იყო პედაგოგების მოხსნის ფაქტიც. ბათუმის საგამოცდო ცენტრში გამოცდის დროს მასწავლებელს ტელეფონმა დაურეკა.

“წელსვე საგამოცდო პროცესიდან მოიხსნა 6 მეთვალყურე. მათი დაუდევრობით საგამოცდო ცენტრიდან აბიტურიენტებმა შავი, სამუშაო ფურცლების გატანა შეძლეს. იყო შემთხვევები, როდესაც მეთვალყურემ დრო კარგად ვერ გამოთვალა და დანიშნულზე უფრო ადრე დაასრულებინა აბიტურიენტებს საგამოცდო ტესტზე მუშაობა. თუმცა შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა ყველა დაჩაგრული აპლიკანტი უკან მოაბრუნა და დაკლებული დრო აუნაზღაურა.

რაც შეეხება დასწრების საკითხს:  ტრადიციულად 2–დან- 3%–მდე მერყეობს იმ აბიტურიენტების რიცხვი, რომლებიც გამოცდაზე არ გამოცხადდნენ. რაც შეეხება პედაგოგებს – დარეგისტრირებული და გამოცდაზე არ მისული პედაგოგების ციფრი კვლავ მაღალია და 25% შეადგენს”,– განაცხადა გამოცდების ცენტრის ხელმძღვანელმა.

მაია მიმინოშვილმა გამოცდების შედეგების გამოქვეყნების პროცესზეც ისაუბრა. დღეს უკვე აბიტურიენტებს მიეწოდათ ზოგადი უნარების გამოცდის შედეგები. რაც შეეხება დანარჩენი გამოცდების შედეგებს, ისინი ეტაპობრივად გამოქვეყნდება.  ხვალ ცნობილი იქნება მაგისტრობის მსურველების ტესტის შედეგები სამი ნაწილი, ხოლო ანალიტიკური წერის დავალებები ჯერ კიდევ გასწორების პროცესშია. ხვალვე გაიგებენ შედეგებს ის სტუდენტები რომლებსაც გრანტის გაუმჯობესება სურდათ.

უცხო ენის გამოცდებიდან დასრულებულია რუსულის, ფრანგულისა და გერმანულის ტესტების გასწორების პროცესი. რაც შეეხება ინგლისური ენისა და ლიტერატურის გამოცდის შედეგებს, ვინაიდან ინგლისურს 30–ათასამდე აბიტურიენტი აბარებდა,  გასწორების პროცესი ჯერ კიდევ მიმდინარეობს.

საკუთარი შედეგების გასაჩივრება კი აბიტურიენტებს მხოლოდ მას შემდეგ შეეძლებათ, რაც ყველა გამოცდის შედეგი გამოქვეყნდება და შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი აპელაციის პროცესს გამოაცხადებს.

ზოგად უნარებში ზღვარი აბიტურიენტების 16%–მა ვერ გადალახა – გამოცდები 2016

ზოგადი უნარების შედეგები გამოქვეყნდა – გამოცდები 2016

განახლებადი ინფორმაცია გამოცდების შესახებ

ეკა არის© წივწივაძე

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური