GE

8 ოქტომბერს ილიაუნიში ”ვეფხისტყაოსანის“ ახალი ინგლისური თარგმანის წარდგენა და მთარგმნელთან შეხვედრა გაიმართება

8 ოქტომბერს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში ”ლიგამუსი“, ილიას უნივერსიტეტის ლიტერატურული კლუბი გიწვევთ ”ვეფხისტყაოსანის“ ახალი ინგლისური თარგმანის პრეზენტაციაზე.

ილიაუნის ცნობით, ”ვეფხისტყაოსანის“ ახალი ინგლისური თარგმანი პირველად გამოვიდა ბოლო 40 წლის განმავლობაში და ეს პირველი პოეტური თარგმანია, რომელიც შესრულებულია 16-მარცვლიანი შაირით.

შეხვედრის მთავარი სტუმარია პოემის მთარგმნელი ლინ კოფინი. შეხვედრის სტუმრები ასევე იქნებიან ილიას უნივერსიტეტის პროფესორები, პოეტი და მთარგმნელი გია ჯოხაძე (მოდერატორი) და ფილოლოგი ლევან გიგინეიშვილი.

ილიაუნის ინფორმაციით, ახალი გამოცემა მოამზადა გამომცემლობამ ”პოეზია“. ”ვეფხისტყაოსანზე“ მუშაობა ლინ კოფინმა 2012 წელს დაიწყო. ბწკარედი შეასრულა პროფესორმა დოდონა კიზირიამ. თარგმანის ტექსტს საფუძვლად უდევს 1966 წელს ”ვეფხისტყაოსანის“ ტექსტის დამდგენიკომისიის მიერ მომზადებული და პროფესორ ნოდარ ნათაძის მიერ კომენტირებული გამოცემები. ტექსტს რედაქტირება გაუკეთა პროფესორმა ნოდარ ნათაძემ.

უნივერსიტეტის ოფიციალური გვერდის ცნობით, ამერიკელი პოეტი, მწერალი და მთარგმნელი, ლინ კოფინი, დაიბადა 1943 წელს. დღემდე გამოქვეყნებული აქვს პოეზიის სამი კრებული. მისი ლექსები, ესეები, მოთხრობები და პიესები წლების განმავლობაში იბეჭდება პერიოდიკაში. ლინ კოფინი მონაწილეობდაპოეზიის საღამოებში იოსებ ბროდსკისა და ჩესლავ მილოშთან ერთად. გია ჯოხაძის მიერ ქართულად თარგმნილი მისი ლექსების კრებული 2012 წელს თბილისშიც გამოიცა. ლინ კოფინს თარგმნილი აქვს რუსი, ჩეხი, ჰოლანდიელი, მონღოლი და ირანელი პოეტებისლექსები. იგი, რამდენიმე წელია, აქტიურად თანამშრომლობს საქართველოსთან. 2013 წელს, დოდონა კიზირიას რედაქტორობით, აშშ-ში გამოიცა ”ქართული პოეზიის ანთოლოგია“, რომელშიც შევიდა ლინ კოფინის თარგმნილი ძველი ქართული ლიტერატურის (XIXსაუკუნის ჩათვლით) ნიმუშები. ლინ კოფინს თარგმნილი აქვს თანამედროვე ქართველი პოეტების – დათო ბარბაქაძის, გიორგი კეკელიძის, გივი ალხაზიშვილის, ზაზა აბზიანიძის – ლექსებიც.

 

დასწრება თავისუფალია.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური