GE

აბიტურიენტებმა გეოგრაფიაში მაქსიმალური ქულის დაგროვება წელსაც ვერ შეძლეს

ერთიან ეროვნულ გამოცდებზე არჩევით საგნად გეოგრაფია წელს 11 ათასზე მეტმა აბიტურიენტმა აირჩია. მათგან 94%-მა დავალებას თავი წარმატებით გაართვა. თუმცა გამონაკლისი არც წლევანდელი წელი აღმოჩნდა – მაქსიმალური ქულის დაგროვება აბიტურიენტებმა გეოგრაფიაში წელსაც ვერ შეძლეს. EDU.ARIS.GE შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის გეოგრაფიის ჯგუფის ხელმძღვანელს დავით გოგელიძეს ესაუბრა.

– ბატონო დავით, როგორ გაართვეს წელს აბიტურიენტებმა თავი გეოგრაფიის გამოცდას?

– წელს 11 311 აბიტურიენტი აბარებდა გეოგრაფიის გამოცდას. ტრადიციულად დიდი ნაკადი იყო და გამოცდა ორ სესიად ჩატარდა. ორივე სესიის მონაცემებით სულ 94%-მა გადალახა ბარიერი. 6%-მა კი მინიმალური კომპეტენციის ზღვარი ვერ დაძლია.

– ბატონო დავით, რომელი ვარიანტი აღმოჩნდა უფრო რთული?

– თითქმის თანაბარი სირთულის ტესტი იყო, თუმცა პირველი ვარიანტი შედარებით რთული აღმოჩნდა, ამიტომაც პირველი ვარიანტის 14 ქულა მეორე ვარიანტის 15 ქულას გაუთანაბრდა. შესაბამისად პირველი ვარიანტი ვინც წერა, მათთვის გამსვლელი ქულა 14 იყო, ხოლო მეორე ვარიანტისთვის 15.

– მაქსიმალური ქულები დაიწერა?

– ძალიან საინტერესო ფაქტია, რომ წლებია გეოგრაფიაში მაქსიმალურ ქულას აბიტურიენტები ვერ იღებენ. ჩვენი ტესტი 59 ქულიანია. პირველ ვარიანტში მაქსიმალური ქულა იყო 56 და ორმა აბიტურიენტმა მოახერხა 56 ქულის აღება. მეორე ვარიანტში კი მაქსიმალური 55 ქულა ოთხმა აბიტურიენტმა მიიღო.

– რა გაუჭირდათ ყველაზე მეტად წლევანდელ ტესტში აბიტურიენტებს?

– ტრადიციულად უჭირთ ის დავალებები, სადაც მსჯელობაა საჭირო. სწორედ ამ ნაწილში იწერება დაბალი ქულები. შედარებით უადვილდებათ დახურულბოლოიანი დავალებები, სადაც სწორი პასუხის არჩევაა საჭირო.

– ბატონო დავით, წლიდან-წლამდე როგორია აბიტურიენტების მომზადების დონე? უმჯობესდება?

– თუ წინა წელს შევადარებთ, ზღვარი წელს გაცილებით მეტმა აბიტურიენტმა გადალახა. უკეთ მომზადებულები იყვნენ. შარშან 12%-ზე მეტი აბიტურიენტი ჩაიჭრა, წელს კი 6%.

– აპელაციის პროცესმა საბოლოო სურათი ძალიან შეცვალა?

– ძალიან ცოტა სააპელაციო განაცხადი შემოვიდა. 11 300-ზე ოდნავ მეტი ნაშრომი იყო და სულ 100-120 განაცხადი შემოვიდა სააპელაციო კომისიაში. გვქონდა როგორც მომატების, ასევე ქულის დაკლების შემთხვევებიც. თუმცა ძალიან მცირე. სულ 10-12 აბიტურიენტს შეეცვალა ქულა.

– და ბოლოს, რა იქნება თქვენი რჩევა 2017 წლის აბიტურიენტებისთვის?

– ვურჩევ, რომ ყურადღებით წაიკითხონ ყოველთვის ინსტრუქციები. წერონ მაქსიმალურად იმის მიხედვით, თუ რას ითხოვს კითხვა და არ წერონ ყველაფერი. გვაქვს შემთხვევები, როდესაც აბიტურიენტი სწორ პასუხთან ერთად კითხვას არასწორ პასუხსაც სცემს. გამსწორებლებს კი გვიჭირს გავიგოთ იცის მან საკითხი თუ არა. შესაბამისად, ასეთ შემთხვევაში აბიტურიენტი რჩება ქულის გარეშე. ხშირია შემთხვევები, როდესაც გულისხმობენ მაგალითად 250 ათასს და წერენ 250–ს. ეს კი შეცდომაა. აქაც გამსწორებელი ქულას ვერ წერს. ამიტომაც ვურჩევ, იყვნენ უფრო დაკვირვებულები და მეცადინეობის დროს ღია დავალებების სპეციფიკას მიაქციონ ყურადღება.

ქართულ ენაში ბარიერის დაწევა აბიტურიენტებში სიტყვა ,,დემოკრატიის” არცოდნამ გამოიწვია

უცხოურ ენებს შორის, ყველაზე მეტი მაქსიმალური ქულა წელს ინგლისურში დაიწერა

განახლებადი ინფორმაცია გამოცდების შესახებ

ეკა არის© წივწივაძე

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური