GE

„აბიტურიენტებს მხატვრული ტექსტის ანალიზი უჭირთ, მართლწერაც კვლავ პრობლემაა“

ქართულ ენასა და ლიტერატურაში აბიტურიენტების ნაშრომების გასწორება უკვე დაწყებულია. დღეს აღნიშნულ პროცესს ტექნიკური უნივერსიტეტის პირველ კორპუსში განთავსებულ ცენტრში მედიის წარმომადგენლები გაეცნენ. ტესტების გასწორებაში ჩართულია 250-მდე გამსწორებელი.

11731342_971169966237566_677460187_oAris.ge-განათლება დაინტერესდა, როგორია გამსწორებელთა შეფასებები ნაშრომების გასწორების შემდეგ, რა უჭირთ და რას ვერ გაართვეს თავი აბიტურიენტებმა.

„მეორე დღეა, მიმდინარეობს შეფასების პროცესი. ტექნიკურ უნივერსიტეტში საგამოცდო კომისიის მხოლოდ ნაწილია წარმოდგენილი. ძირითადი ნაწილი შინ მუშაობს. ტექნოლოგია საშუალებას გვაძლევს, პროცესი ასე ვმართოთ. ცალკე, საგამოცდო კომისია მრავალრიცხოვანია, 200 კაცს აღემატება და საკმაოდ ფართო არეალს მოიცავს, ხულოდან თელავის ჩათვლით.

რა თქმა უნდა, 2 დღეში სრულ სურათზე ვერ ვისაუბრებთ, მაგრამ ტენდენცია შეინიშნება, რომ ტესტი არ იყო ძალიან რთული, საშუალო სირთულის იყო. ტელევიზიით ვადევნებდი თვალს, ძალიან კმაყოფილები გამოდიოდნენ აბიტურიენტები გამოცდიდან და ამბობდნენ, რომ იოლი იყო. მართლაც, დავალების აღქმის თვალსაზრისით, არ იყო რთული. ისე შეასრულეს, ვინც როგორ მოემზადა. არის ძალიან საინტერესო ნაწერებიც, საშუალოც, როგორც ხდება. არაფერი ისეთი განსაკუთრებული ტენდენცია არ არის. ზოგადი ტენდენციაა აბიტურიენტების მომზადების დონის გაუმჯობესება. წლების გამოცდილებამ აჩვენა, რომ ის ახალგაზრდები, რომლებიც პასუხისმგებლობით მოეკიდნენ ამ პროცესს და კარგად მოემზადნენ, სასურველ შედეგს აღწევენ,“- აღნიშნა ქართული ენისა და ლიტერატურის ჯგუფის წამყვანმა სპეციალისტმა ნანა ლოლაძემ.

11725509_971168136237749_1459396951_oნანა ლოლაძეს Aris.ge-განათლებამ დამატებით ის კითხვები დაუსვა, რომელიც აბიტურიენტებს ყველაზე მეტად აღელვებთ და აინტერესებთ:

როგორც ცნობილია, გამსწორებლები სკანირებულ ვარიანტს ასწორებენ, როდესაც წითელ ხაზს არის გადასული აბიტურიენტის ნაწერი, ასეთ შემთხვევაში ტექსტს შეიძლება გვერდებზე მოეჭრას სიტყვები და ხომ არ დააკლდება ამის გამო აბიტურიენტს ქულა?

-როდესაც წითელ ხაზზეა გადასული ნაწერი, ვინც ტესტების სკანირებას აკეთებს, უფრო ფართოდ ჭრის, რომ ტექსტი გამოჩნდეს. თუ შემთხვევით აღმოჩნდება, რომ ტექსტი არ ჩანს, ასეთ დროს ქაღალდზე ვაბეჭდინებთ და მაინც ვაფასებთ. ასე რომ არცერთი სიტყვა, რომელიც დაწერა აბიტურიენტმა, არ დაეკარგება და აუცილებლად შეფასდება. ამის გამო შეუძლიათ, მშვიდად იყვნენ.

რა  ტენდენცია გამოიკვეთა, ქართული ენისა და ლიტერატურის ტესტზე მუშაობისას, რომელი ნაწილის შესრულება უფრო უჭირთ აბიტურიენტებს და რომელი უადვილდებათ?

-ტრადიციულად, უჭირთ მხატვრული ტექსტის ანალიზი, განსაკუთრებით პოეტური ტექსტის ანალიზი. არგუმენტირებულ ესეს რაც შეეხება, ჩვენ ისეთ საკითხებს ვაძლევთ, რაც მათ ყოველდღიურ ცხოვრებას შეეხება და აქტუალურია. ერთ ვარიანტში წელს ნაადრევ ქორწინებაზე მათი დამოკიდებულება უნდა გამოეხატათ. მეორე ვარიანტში, ბავშვებზე, რომლებიც სკოლას ტოვებენ სამუშაოდ, ამ საკითხის მიმართ უნდა გამოეხატათ დამოკიდებულება. ეს ისეთი საკითხებია, რომლებიც მათ თავისთავად ესმით, ან აწუხებთ და შეუძლიათ, მასზე დაწერონ. ვინც კარგად იცის წერა, კარგად წერს, ვინც ცუდად იცის, რაღაცას მაინც წერს. ამ თვალსაზრისით, რა თქმა უნდა,  არგუმენტირებული ესეს დაწერა მათთვის არ არის პრობლემა. ვეფხისტყაოსნის ანალიზი, თუ არ იცის ტექსტი, ბუნებრივია, უჭირთ.

ერთი დღის გასწორებული ნამუშევრით შეფასება ძნელია. სკოლაში ახლა შემოვიდა არგუმენტირებულ ესე. ადრე საერთოდ არ ავარჯიშებნდნენ. სასწავლო პროცესში შევიდა და იგრძნობა, რომ არგუმენტირებული მსჯელობა უფრო უიოლდებათ. პრობლემა რჩება მართლწერის თვალსაზრისით, სწორედ იმიტომ რომ წერის სწავლება სკოლაში უფრო გაუმჯობესებას მოითხოვს. მთლიანობაში, ის,  რომ შიში ჰქონდეთ და არ დაწერონ, ეს ტენდენცია თანდათან იკლებს.

11715195_971169992904230_1554014382_oტოვებენ თუ არა ცარიელ ადგილებს აბიტურიენტები? ავსენებ, თუ არა ყველა ფურცელს?

-პრაქტიკულად, წლიდან წლამდე იკლებს ცარიელი ფურცლების რაოდენობა. ტექსტებიდან ერთი შესწავლილი ნაწარმოები მოდის, მეორე უცნობი ტექსტი. თუ შესწავლილი ტექსტი არ იცის, გაუჭირდება დაწერა. უცნობი ტექსტზე მუშაობაც თუ არ უნდა, ასეთ შემთხვევაში შეიძლება დატოვოს ადგილი ცარიელი. თუმცა, როგორც აღვნიშნეთ, ნაკლებად ტოვებენ ცარიელ ადგილებს და იმედია, ეს ტენდენცია შენარჩუნდება.

აბიტურიენტების ნაშრომების გასწორება კომპიუტერული პროგრამა EMARKER-ით ხორციელდება. ამ ელექტრონული პროგრამის მეშვეობით, პედაგოგები ნაშრომებს არამხოლოდ თბილისში და საქართველოს სხვა რეგიონში, არამედ საცხოვრებელი სახლიდან გაუსვლელადაც ასწორებენ.

რაც შეეხება ტესტის სისწორის შემოწმების პრინციპს, პროგრამა EMARKER-ით გამსწორებელს მხოლოდ ნახევარი ტესტი აქვს. თითოეულ დავალებას ორი პედაგოგი ასწორებს. იმ შემთხვევაში კი, თუ გამსწორებლების შეფასებები ერთმანეთს არ ემთხვევა, ნაშრომი მესამე სპეციალისტს ეგზავნება.

ცისანა არის© შერგილაშვილი

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური