GE

აბიტურიენტი: „თუ ბენდუქიძეში თანადაფინანსებას გააუქმებენ, სწავლის საფასურიც უნდა დაწიონ“

,,ბადიაურიდან გირეკავთ, გადაჭარბებულად არ ვამბობ, ჩემი შვილი კარგი მოსწავლეა, სკოლის სიამაყე, წელს აბიტურიენტია. სამწუხაროდ  შესაძლებლობიდან გამომდინარე ვერ ვამზადებ,  თუმცა მასწავლებლები  100%-იან გარანტიას მაძლევენ, თვითონაც, თავის თავში ძალიან დარწმუნებულია, მეც პედაგოგი ვარ და ვიცი მისი შესაძლებლობები. დათოს „ბენდუქიძის“ უნივერსიტეტი აქვს ამოჩემებული. რატომღაც მგონია, ჩააბარებს, მაგრამ თბილისში საცხოვრებელი არ გვაქვს. ადრე იმედი გვქონდა, მაგ უნივერსიტეტის შიდა გრანტს ავიღებდით საცხოვრებელსაც დაუფინანსებდნენ და მერე, სწავლის დასრულების შემდეგ, უკვე თვითონ გადაიხდიდა. ახლა ამბობენ, ბენდუქიძე, რომ გარდაიცვალა სასწავლებელში დაფინანსების წესები შეიცვალაო. ასე ხშირად თბილისში ვერ ჩამოვდივარ და იქნებ ამ საკითხით დაინტერესდეთ,“– ლუიზა ცანკაშვილი Aris.ge- განათლებას ამ თხოვნით 2 დღის წინ დაუკავშირდა.

როდესაც აღნიშნულ თემაზე სტატიის მომზადება გადავწყვიტეთ, დავინტერესდით, არიან თუ არა სხვა აბიტურიენტებიც,  რომლებიც თავისუფალ უნივერსიტეტში აბარებენ და  „ცოდნის ფონდის“ გრანტებთან დაკავშირებით  გაურკვევლობაში არიან.

 „ბენდუქიძეში მინდა ჩაბარება, ახლა ღია კარის დღეს ველოდები რომ გავიგო დაფინანსების ძველი მექანიზმი ექნებათ თუ არა წინააღმდეგ შემთხვევაში, ალბათ გადავიფიქრებ და პირველ ადგილზე აღარ ჩავწერ. თუ ცოდნის ფონდის“ თანადაფინანსებას გააუქმებენ, მაშინ სწავლის საფასურიც უნდა დაწიონ,“– ამბობს Aris.ge-განათლებასთან აბიტურიენტი კოსტა ფოცხვერაშვილი.

თავისუფალი უნივერსიტეტის ძველი კურსის ირგვლივ კითხვის ნიშნები სხვადასხვა მიმართულებით არსებობს. თუმცა უნივერსიტეტის ოფიციალურ საიტზე ფასებთან და გრანტებთან დაკავშირებით ხაზგასმით წერია, რომ 2015 წელსაც პირველ კურსელები იმ პრინციპით დაფინანსდებიან რა პრინციპიც ადრე, კახა ბენდუქიძის პერიოდში იყო.

2015 წელს ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად ჩარიცხული სტუდენტებისთვის (შარშანდელის მსგავსად) ცოდნის ფონდი თავისუფალი უნივერსიტეტის ყველა სტუდენტისთვის აწესებს სასწავლო გრანტს 11 600 ლარის ოდენობით.

ეს თანხა სტუდენტს 4 წლის განმავლობაში ყოველწლიურად სწავლის საფასურს 2 900 ლარით შეუმცირებს.

ამასთან, ცოდნის ფონდის გრანტს ემატება სახელმწიფო გრანტი, რომელიც სტუდენტს ერთიან ეროვნულ გამოცდებზე მიღწეული შედეგის მიხედვით ეძლევა.

თავისუფალ უნივერსიტეტში სწავლის საფასურიც ასევე არ შეცვლილა და გასული წლის მსგავსად 6 950 ლარს შეადგენს (გარდა ბიზნეს სკოლისა, სადაც სწავლის საფასური წლიურად 7 850 ლარია).

გარდამავალი დაფინანსებააბიტურიენტს შეუძლია სწავლის საფასური უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ ეტაპობრივად დაფაროს.

თუ აირჩევ გარდამავალ დაფინანსებას, შეგეძლება ბაკალავრიატზე სწავლის დროს (4 წლის განმავლობაში) არ გადაიხადო სწავლის საფასური და შემდეგ კი 4 წლის მანძილზე დააფინანსო მომავალი თაობის სტუდენტების სწავლა.

გარდამავალი დაფინანსების მისაღებად საჭიროა მხოლოდ ხელშეკრულების გაფორმება,“– ნათქვამია თავისუფალი უნივერსიტეტის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.

აქვეა მითითებული, რომ რეგიონებიდან ჩამოსული სტუდენტებისთვის გაიცემა 200 ლარიანი საცხოვრებელი გრანტებიც,  სწავლის დასრულების შემდეგ კი, 4 წლის მანძილზე, სტუდენტს სხვა არათბილისელი სტუდენტის თბილისში ცხოვრების დაფინანსება მოუწევს.

კანონმდებლობიდან გამომდინარე, კახა ბენდუქიძს ოფიციალური შემცვლელი მისი გარდაცვალებიდან 6 თვეში, 2015 წლის მაისში გამოვლინდება. ჯერ–ჯერობით უცნობია, შეცვლის თუ არა ახალი მმართველი გამოცდებამდე რამდენიმე თვით ადრე კახა ბენდუქიძის სიცოცხლის პერიოდში არსებულ დაფინანსების სქემას.

თემაზე მუშაობისას  Aris.ge-განათლება ოფიციალური კომენტარის მოპოვებას კახა ბენდუქიძის სავარაუდო მემკვიდრესგან შეეცადა, (მემკვირდედ მისი და მოიაზრება) თუმცა ნუნუ ბენდუქიძესთან კომუნიკაცია ვერ შედგა.

ჯერ ოფიციალური კომენტარი არც სოციალურ ქსელში გამოჟონილ შიდა დაპირისპირებაზე გაკეთებულა. 30 იანვრისთვის დაანონსებული ოფიციალური განცხადება, რომელიც ყველა კითხვას გასცემდა პასუხს, ამ დრომდე არ გამოქვეყნებულა. როგორც Aris.ge-განათლებას საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განუცხადეს, მიზეზი ადმინისტრაციის რამდენიმე წევრის მივლინებაში ყოფნაა.

ეკა არის© წივწივაძე

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური