GE

აჭყვისთავში ექსტერნის გამოცდის ინციდენტთან დაკავშირებით შიდა აუდიტის დასკვნა გამოქვეყნდა

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების სამინისტროს შიდა აუდიტისა და ინსპექტირების სამსახურმა აჭყვისთავის სკოლაში ექსტერნის გამოცდის დღეს მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, რომელსაც სკოლის ერთ-ერთი პედაგოგის სამსახურიდან დათხოვნაც მოყვა, მოკვლევა დაასრულა. საუბარია ექსტერნის გამოცდის მიმდინარეობისას, სკოლის დირექტორის მხრიდან, მოსწავლეებისთვის განზრახ არასწორი პასუხების კარნახზე.

დასკვნის მიხედვით, სკოლის მხრიდან, ან დირექტორის მხრიდან რაიმე პროცედურულ დარღვევებს ამ კონკრეტულ გამოცდაზე ადგილი არ ჰქონია.

განათლების სამინისტროს შიდა აუდიტისა და ინსპექტირების სამსახურის ხელმძღვანელი ალექსანდრე მჟავანაძე აცხადებს, რომ სკოლის დირექტორის შორენა მენაღარიშვილის პასუხისმგებლობის საკითხი არ დადგება:

„2015 წლის 11 მარტს შემოსულ განხადებაზე შიდა აუდიტისა და ინსპექტირების სამსახურმა მოკვლევა დაასრულა. ინსპექტირების დასკვნაში დაფიქსირდა შემდეგი გარემოება: გამოცდები უნდა ჩატარებულიყო 12 საგანში და აღნიშნული გამოცდა რუსულში უნდა ყოფილიყო 7 მარტს.  ექსტერნებზე არსებული კანონმდებლობის მიხედვით, გამოცდები დაძლეულად ჩაითვლება მას შემდეგ, რაც ყველა გამოცდაში ბარიერი იქნება გადალახული და არ უნდა მიიღონ მოსწავლეებმა 5 ქულაზე ნაკლები. საკითხი, რაზეც დაიწყო კონფლიქტი, იყო რუსულის გამოცდაზე მომხდარ პროცედურებთან დაკავშირებით.  განცხადებაში მითითებული იყო სხვადასხვა გარემოებები. ჩვენ შევისწავლეთ და დავადგინეთ, რომ სამივე მოსწავლეს აღნიშნულ გამოცდამდე რამდენიმე საგანში უკვე ჰქონდათ არადამაკმაყოფილებელი შედეგი და შესაბამისად, სკოლის დირექტორს არ შეიძლებოდა ჰქონოდა რაიმე ინტერესი, რომ მაინცდამაინც ბოლო, რუსულის საგანში დაფიქსირებულიყო არადამაკმაყოფილებელი შედეგი, რადგან მან იცოდა, რომ წინა გამოცდებში ისინი უკვე ჩაჭრილები იყვნენ. მათ რომც მიეღოთ რუსულის გამოცდაზე მაღალი ქულა, იმის გამო რომ წინა გამოცდებში უკვე ჩაჭრილები იყვნენ, ექსტერნის გამოცდები დაუძლევლად ჩაითვლებოდა. ხოლო სკოლის მხრიდან, ან დირექტორის მხრიდან რაიმე პროცედურულ დარღვევებს ამ კონკრეტულ გამოცდაზე ადგილი არ ჰქონია.“

შეგახსენებთ, რომ აჭყვისთავის სკოლისოთხმა მოსწავლებ 18 მარტს შიმშილობა დაიწო.  ისინი აცხადებდნენ, რომ ექსტერნის გამოცდა დირექტორის მიერ არასწორი პასუხების კარნახის გამო ვერ ჩააბარეს, რის გამოც შორენა მენაღარიშვილის გადადგომას ითხოვდენ. მოგვიანებით გავრცელდა ფარული ვიდეო ჩანაწერი, სადაც სკოლის დირექტორი, რომელიც ამავდროულად რუსულის პედაგოგია, მოსწავლეებთან საუბარში გამოცდაზე პასუხების კარნახს ადასტურებდა. როგორც ჩანაწერებიდან ირკვეოდა, საუბარს ამავე სკოლის ინგლისურის პედაგოგიც ესწრებოდა.  მოგვიანებით, ქობულეთის რესურსცენტრის წარმომადგენლების ჩარევის შემდეგ, მოსწავლეებმა აქცია დროებით შეწყვიტეს.

აჭარის განათლების სამინისტროს შიდა აუდიტისა და ინსპექტირების სამსახურის ხელმძღვანელის ალექსანდრე მჟავანაძის თქმით, გამოცდაზე ჩაჭრილ მოსწავლეებს ჯერ კიდევ აქვთ დრო მიმართონ საპრეტენზიო კომისისას დაუძლეველი გამოცდების განმეორებით ჩაბარებისთვის:

„ჩაჭრილ მოსწავლეებს შესაბამის ვადაში შეუძლიათ მიმართონ საპრეტენზიო კომისიას იმ გამოცდებთან დაკავირებით, რომლებიც ვერ დაძლიეს. შემდგომ კომისია იმსჯელებს განმეორებით ჩატარდება თუ არა ეს გამოცდები. სხვა შემთხვევაში კანონმდებლობა ითვალისწინებს შემდეგს, როცა ჩატარდება ექსტერნატის გამოცდა, მათ ჩაბარების საშუალება განმეორებით ექნებათ.“

 მაია შავაძე – ბათუმი

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური