GE

აი, რას ნიშნავს რომ ჯეჯელავა პედაგოგი არ არის – სპეციალისტები სკოლების რეიტინგების იდეის შესახებ

განათლებისა და მეცნიერების მინისტრის იდეას სკოლების საჯარო რეიტინგების სისტემის შემოღების შესახებ სპეციალისტები EDU.ARIS.GE-სთან უარყოფითად აფასებენ და ამბობენ, რომ ეს ისედაც დისკრედიტირებულ მდგომარეობაში მყოფ პედაგოგებს კიდევ უფრო ცუდ სიტუაციაში ჩააყენებს.

მათი აზრით, სკოლისა და პედაგოგის შრომის ეფექტიანობის გაზრის მიზნით რაიმე სახის სისტემა მართლაც შეიძლება იქნას შემოღებული, თუმცა არა ისეთი, რაც ნებისმიერ მსურველს საშუალებას მისცემს მასწავლებელი „გალანძღოს“.

მოგეხსენებათ, ალექსანდრე ჯეჯელავას იდეა იმაში მდგომარეობს, რომ სკოლებისა და პედაგოგების რეიტინგები  არა გამოცდების შედეგებით, სერიტფიცირებული მასწავლებლების რაოდენობით, ან მოსწავლეთა ნიშნებით, არამედ მშობლებისა და მოსწავლეების შეფასებებით შედგეს.

ანუ, თითოეული სკოლის, დირექტორის, ცალკეული მასწავლებლის  შეფასებებს ისინი საჯაროდ დაწერენ და სხვებსაც ექნებათ საშუალება ამა თუ იმ სკოლის ავკარგიანობის შესახებ უშუალოდ მათგან შეიტყოს.

„ცხადია, ერთი-ორი გიჟური შეფასებაც იქნება. ამ სისტემის ფარგლებში უზრდელობას და შეურაცხყოფას, რა თქმა უნდა, არ დავუშვებთ. სუბიექტური კომენტარებიც იქნება და დირექტორებზეც დაწერენ, რომ მტარვალი და დიქტატორია. დირექტორს კი ამ ამბავთან თანაცხოვრება მოუწევს. თუმცა, ვფიქრობთ, რომ მასიურად დადებითი კომენტარები დაიწერება,“ – განაცხადა ჯეჯელავამ ცოტა ხნის წინ სკოლების დირექტორებთან შეხვედრისას.

სპეციალისტები ამგვარი შეფასებების კომპეტენტურობას ეჭვქვეშ აყენებენ და ამბობენ, რომ თითოეული ადამიანის აღქმა ამა თუ იმ პედაგოგის მიმართ სუბიექტურია. მოსწავლეებს, როგორც წესი, ისეთი პედაგოგები მოსწონთ, რომლებიც ნაკლებად მკაცრები არიან. მშობლებს კი ისეთები, რომლებიც მათ შვილებს მაღალ ნიშანს უწერენ.

მათი თქმით, არავის მოსწონს მასწავლებელი, რომელიც ბავშვისგან დისციპლინას და ცოდნას მოითხოვს და შეფასებისასაც მკაცრები არიან. შესაბამისად, მათი აზრით, ამგვარი რეიტინგი სანდო და ობიექტური ვერ იქნება. საბოლოო ჯამში კი, შესაძლებელია მართლაც კარგი პედაგოგები საჯაროდ კრიტიკის ობიექტები უმიზეზოდ გახდნენ.

პროფესორი იგორ კვესელავა ამბობს, რომ მსგავსი ინიციატივის განხორციელების მცდელობა ჯერ კიდევ წლების წინ, კახა  ლომაიას მინისტრობის დროსაც არსებობდა და  შემდგომ, დიმიტრი შაშკინის მინისტრობის პერიოდშიც. მიზანი რეიტინგული და არარეიტინგული სკოლების გამოვლენა იყო. ეს კი, პროფესორის აზრით, უსამართლობაა, რადგან ამგვარი მიდგომა სასიკეთო შედეგს ვერც სკოლისთვის იქონიებს, ვერც პედაგოგისთვის, ვერც მშობლისთვის და ვერც მოსწავლისათვის.

„ქართული საზოგადოება არაა იმისათვის მზად, რომ მშობლებმა სკოლა ობიექტურად შეაფასონ და გადაწყვიტონ რომელია კარგი და რომელი – არა. რეიტინგის დადგენით რეიტინგული სკოლისაკენ შეძლებულ ოჯახებს, ელიტარულ ფენას გაუჩნდება ლტოლვა, მაგრამ  სოციალურად დაუცველმა ხალხმა რა ქნას? მაინცადამაინც არარეიტინგულ სკოლაში უნდა შეიყვანონ ბავშვი? მიმაჩნია, რომ ასეთ სიტუაციაში სკოლების დიფერენციაცია და დაყოფა არ შეიძლება,“ – აცხადებს კვესელავა.

„საქართველოს განათლების ლიგის” თავმჯდომარეს მანანა ნიკოლაიშვილს იდეა მოსწონს, თუმცა კატეგორიული წინააღმდეგია იმისა, რომ ეს შეფასებები საჯაროდ გამოქვეყნდეს და მისი ნახვა ნებისმიერ ადამიანს შეეძლოს. ამბობს, რომ განვითარებულ ქვეყნებში მსგავსი მოდელი მუშაობს და პედაგოგებს მხოლოდ გამოცდების შედეგებით არ აფასებენ, რადგან შეიძლება გამოცდაზე მან მაღალი შედეგი აჩვენოს, მაგრამ გაკვეთილის ჩატარება, კლასის მოთოკვა და ბევრი სხვა რამ არ შეეძლოს.

შესაბამისად, იგი მომხრეა, რომ მშობელსა და მოსწავლეს პედაგოგზე აზრის გამოთქმის საშუალება მიეცეს, თუმცა, მისი აზრით, შეფასებებს მხოლოდ  ადრესატი უნდა კითხულობდეს.

„აი რას ნიშნავს, რომ ჯეჯელავა პედაგოგი არ არის. ხალხმა არ იცის თუ რაზე დგას სკოლა, პედაგოგიკა და ადამიანის აღზრდა. მასწავლებელი თუ გააქიაქე და ყველაფერი ღიად გამოიტანე, რა გამოვა? აზრი ცუდი არაა, მაგრამ ღია სივრცეში ამის გაკეთება არ შეიძლება. სხვებზე შეფასება ვერავინ უნდა წაიკითხოს. ყველაფერი კონფიდენციალური უნდა იყოს. შენს მოსაზრებებს უნდა წერდე და მორჩა, ადრესატის და დირექტორის გარდა მას ვერავინ უნდა კითხულობდეს.

„იმდენი უტაქტო მშობელი და აცანცარებული ბავშვია, ყველაფერი საჯაროდ რომ დაწერონ, სკოლა თავზე ჩამოგვენგრევა. მასწავლებლების ლანძღვა-გინება წავა. მშობელი ყოველთვის კომპეტენტური ვერ იქნება. შეიძლება ძალიან კარგი მასწავლებელი იყოს, მაგრამ მაინც გალანძღოს.  ასე რომ, ჩარჩო მოსაფიქრებელია,“ – აღნიშნავს იგი.

ჯემალ მებონია(პროფესორი, ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი) : „არ მგონია სწორი იყოს სკოლის და მასწავლებლის ავკარგიანობა მშობლისა და მოსწავლის დონეზე გადაწყდეს. ნუ ვიგონებთ ველოსიპედებს, როდესაც არსებობენ ადამიანები, რომელთაც შესაბამისი ცოდნა და გამოცდილება აქვთ. საბედნიეროდ, საქართველოში ასეთი ხალხი არის  და მოდით შევეკითხოთ. ჯობია მათ დავუჯეროთ. არ მინდა ამ სიტყვის თქმა, მაგრამ გაუაზრებელ იდეებს ვკითხულობ ხოლმე და ასეთი რამეების მომხრე არ ვარ. არ მგონია ასეთი აზრების ფრქვევა სწორი იყოს.“

მშობლების და მოსწავლეების მიერ შედგენილი სკოლების რეიტინგები – ჯეჯელავას ახალი სქემა

თაკო არის© მათეშვილი

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური