GE

აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტს აშშ-ს კულტურის ატაშე საქართველოში დემიენ უომპლერი ესტუმრა

3 თებერვალს აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტმა უმასპინძლა აშშ-ს კულტურის ატაშეს საქართველოში, დემიენ უომპლერს. დიპლომატი შეხვდა უნივერსიტეტის რექტორს, პროფესორ გიორგი ღავთაძეს, გაეცნო უნივერსიტეტის სტრუქტურას, მიმდინარე პროცესებსა და სამომავლო პერსპექტივებს. რექტორი სტუმარს იმ საერთაშორისო პროექტების შესახებ ესაუბრა, რომლებშიც აწსუ წარმატებით იღებს მონაწილეობას.

როგორც აწსუ-ს ოფიციალურ გვერდზეა აღნიშნული, უნივერსიტეტი ერთდროულად რამდენიმე სოლიდური ორგანიზაციის პროექტის გრანტიორია, რაც ხელს უწყობს მისი ცნობადობის ამაღლებას საერთაშორისო დონეზე. სტუმარმა, თავის მხრივ, დიდი ინტერესი გამოხატა და კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი აშშ-ის საელჩოს ტრადიციულ მხარდაჭერასა და უნივერსიტეტთან მჭიდრო თანამშრომლობის პერსპექტივებს.

ვიზიტის ფარგლებში, დემიენ უომპლერი ვახტანგ ამაღლობელის სახელობის ამერიკის შესწავლის ცენტრსა და ჯონ დოს პასოსის საქართველოს ასოციაციას ეწვია და შეხვედრა გამართა აწსუ-ის სტუდენტებთან. რასაც ორგანიზება ცენტრის დირექტორმა, ასოცირებულმა პროფესორმა ია იაშვილმა და ასოციაციის პრეზიდენტმა, ბაია არსენიძემ გაუწიეს. მათ ისაუბრეს ცენტრის, ასოციაციისა და ამერიკისმცოდნეობის სამაგისტრო პროგრამების შესახებ.

ამერიკისმცოდნეობის I და II კურსების მაგისტრანტებისა და ამერიკისმცოდნეობის 2015 წლის ამერიკისმცოდნეობის საზაფხულო სკოლის კურსდამთავრებულთა გარდა, შეხვედრას ესწრებოდნენ ქალაქის მე–10 საშუალო სკოლის ის მოსწავლეები, რომელთაც სასკოლო კურსში, ამერიკისმცოდნეობა აირჩიეს. საგნის პედაგოგმა, ეკა კახიძემ სურვილი გამოთქვა საელჩოსთან აქტიური თანამშრომლობის შესახებ.

დემიენ უომპლერმა სტუდენტებსა და მოსწავლეებს მიაწოდა ინფორმაცია სამომავლო შეხვედრის ირგვლივ, მარტის თვის ბოლოს. ამ ვიზიტის ფარგლებში აშშ საელჩო გეგმავს ქუთაისში ჩაატაროს ამერიკული ბენდის კონცერტი სტუდენტებისა და ქალაქის ახალგაზრდებისათვის.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური