GE

„ამ გადაწყვეტილებამ შესაძლოა გაზარდოს იმ სტუდენტების რიცხვი, ვინც ნიშნის მომატებას მოითხოვს“

სპეციალისტები განათლების მინისტრის ინიციატივას, სტუდენტთა დაფინანსების ახალი წესის შემოღების თაობაზე, უარყოფითად აფასებენ და აცხადებენ, რომ  მას უამრავი რისკი და საფრთხე შეიძლება ახლდეს თან.

მიიჩნევენ, რომ არსებული წესი შესაცვლელია, თუმცა არა ისე, როგორც ეს ჯეჯელავას წარმოუდგენია, რადგან ერთი უსამართლობის მოსპობით შეიძლება რამდენიმე ახალი უსამართლობა მივიღოთ.

მოგეხსენებათ, 2017 წლიდან სტუდენტთა დაფინანსების წესი იცვლება. ამის შესახებ განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ, განათლების განვითარების სტრატეგიული გეგმის წარდგენისას 27 დეკემბრს განაცხადა.

მინისტრის აზრით, დაფინანსების მოქმედი მოდელი დღევანდელ საჭიროებებს ვეღარ პასუხობს. შესაბამისად, აკადემიური მოსწრება ყოველწლიურად დაფინანსების მოპოვებისას გადამწყვეტი ხდება. ანუ, ეროვნული გამოცდებით აბიტურიენტებს გრანტი ოთხი წლის ვადით აღარ მიეცემათ და ამისათვის ბრძოლა მათ ყოველწლიურად მოუწევთ.

შესაბამისად, არაა გამორიცხული დაფინანსებამოპოვებულებს იგი ჩამოერთვათ, თუკი აკადემიური მოსწრება დაბალი ექნებათ და ასევე პირიქითაც – უგრანტოებს მისი მოპოვების შანსი ეძლევათ. მეტი დეტალი კი, როგორც მინისტრმა მაშინ EDU.ARIS.GE-ს განუცხადა, ორ თვეში გახდება ცნობილი.

განათლების სფეროს სპეციალისტები სამართლიანად მიიჩნევენ იმას, რომ გრანტი მათ მიეცეთ, ვინც სწავლობს და არა მათ, რომლებიც მხოლოდ გამოცდებისთვის მოემზადებიან, თუმცა, მიუხედავად ამისა, მათ მინისტრის ინიციატივისადმი შენიშვნების გრძელი ნუსხა აქვთ. ამბობენ, რომ გადაწყვეტილებას ბევრი ნაკლი გააჩნია.

პროფესორი, განათლების მკვლევარი სიმონ ჯანაშია იმ რისკებზე საუბრობს, რაც ახალი სისტემის დანერგვას მოჰყვება. ამბობს, რომ უპირველესი საფრთხე სტუდენტებისა და პროფესორ-მასწავლებლების ქცევის შეცვლა იქნება.

1418800661_10603658_335523669968797_6746861698478328616_n„ჩემი სტუდენტები ხშირად ითხოვდნენ ნიშნის მომატებას იმ არგუმენტით, რომ სტიპენდია აქვთ და მომატების გარეშე დაკარგავდნენ. ამაში არა მხოლოდ სტუდენტები იყვნენ ჩართულები, არამედ ჩემი კოლეგებიც – ისინიც რეკავდნენ, მწერდნენ წერილებს და ა.შ. ანუ, საკმაოდ არასასიამოვნო ვითარება იქმნებოდა. სიტუაციას ისე აღწერდნენ, რომ ამით სტუდენტები სწავლის შესაძლებლობას დაკარგავდნენ. მეორეს მხრივ კი, სათანადოდ არ სწავლობდნენ და მეტს არ იმსახურებდნენ.

„პრობლემა ის კი არ იყო, მე დავუწერდი თუ არა მათ მაღალ ნიშანს, არამედ ის, რომ უნივერსიტეტში პროფესორების უმეტესობა ამას აკეთებდა. ეს ძალიან არაჯანსაღ სიტუაციას ქმნიდა. ამ ახალმა გადაწყვეტილებამ კი შეიძლება კიდევ უფრო გაზარდოს იმ სტუდენტების რიცხვი, რომლებიც ასე ქცევას დაიწყებენ და იმ პროფესორების რიცხვი, რომლებიც სტუდენტებს ნიშნებს მოუმატებენ,“ – აცხადებს ჩვენთან საუბრისას ჯანაშია.

მეორე პრობლემა კი, მისი თქმით ისაა, რომ თუკი სახელმწიფო გადაწყვეტს ყოველწლიურად შეაგროვოს ინფორმაცია იმის შესახებ, თუ ვინ როგორ ისწავლა და ამის მიხედვით გადაწყვეტს განუახლოს თუ არა გრანტი, ადმინისტრირების პრობლემები გაჩნდება.  ამბობს, რომ ადმინისტრირების პრობლემები ერთხელ გადანაწილებული გრანტების შემთხვევაშიც კი არსებობს. შესაბამისად, მისი აზრით, სულაც არაა გამორიცხული ყოველწლიურად ათიათასობით ადამიანის გრანტის გადანაწილებაც შეცდომით მოხდეს ხოლმე, გაჭიანურდეს და ა.შ.

გარდა ამისა,  დაფინანსების ახალმა წესმა, ჯანაშიას თქმით, შესაძლოა სტუდენტებს შორის არაჯანსაღი კონკურენცია გამოიწვიოს. როდესაც მათ ეცოდინებათ, რომ თუკი  თანაკურსელი გრანტს დაკარგავს, მისი მიღების შანსი გაუჩნდებათ, სულ მცირე, თანაკურსელებთან აღარ ითანამშრომლებენ და უკეთესი ნიშნის მიღებაში აღარ დაეხმარებიან. ეს კი, სპეციალისტის აზრით, ძალიან სამწუხარო იქნება, მითუმეტეს ახლა, როცა უნივერსიტეტების უმეტესობა საუნივერსიტეტო სწავლების პრაქტიკაში ჯგუფური მუშაობის პრინციპების შემოტანას ცდილობს.

„ანუ, უამრავი პრობლემა შეიძლება გაჩნდეს როგორც ადმინისტრაციული, ისე სწავლის პრინციპებთან შეუთავსებელი მოქმედებების თვალსაზრისით, რამაც შეიძლება ადამიანურ პატიოსნებაზეც იმოქმედოს, თავისუფლებაზეც და ა.შ.  ცენტრალიზებულად გრანტის გადანაწილება და ასეთი გადაწყვეტილებების მიღება არ ღირს,“ – მიიჩნევს ჯანაშია.

შესაბამისად, სპეციალისტი ამბობს, რომ გრანტების ყოველ წელს ხელახლა, ცენტრალიზებულად  გადანაწილებას  უფრო მეტი უარყოფითი შედეგი მოჰყვება, ვიდრე დადებითი.  ამიტომ,  ამაზე ენერგიის ხარჯვა არასწორად მიაჩნია.  აღნიშნავს, რომ ამ გადაწყვეტილების ბევრი სხვა ალტერნატივა არსებობს, რაც  უკეთესი შედეგების მომტანი  იქნებოდა.

„ერთი უსამართლობის მოგვარებას შეიძლება ბევრი სხვა უსამართლობის გჩენა მოჰყვეს,“ – დასძენს იგი.

მისივე აზრით, ამას სჯობდა უნივერსიტეტებისათვის გარკვეული პირობებით სახელმწიფოს  ფული გამოეყო, რომელსაც უმაღლესები, სხვადასხვა კრიტერიუმით, თავადვე გადაანაწილებდნენ. ეს კრიტერიუმები კი უფრო მრავალფეროვანი იქნებოდა, ვიდრე აკადემიური მოსწრება და კურსზე მიღებული ნიშნებია. ფიქრობს, რომ ასეთი მოდელის შემოღების შემთხვევაში ნაკლები პრობლემა შეიქმნებოდა.

„საერთოდ, უცნაურია, რომ სახელმწიფო ამ პრობლემებზე იწყებს საუბარს, როცა თავად სრულიად უაზრო დაფინანსების სიტემა შექმნა – სამ ათეულამდე მიმართულებას პროგრამულად აფინანსებს. ანუ, ყველა, ვინც ამ მიმართულებას ირჩევს, უფასოდ სწავლობს. სულაც არაა ცხადი, რომ ეს სტუდენტები მაინცადამაინც მოტივირებულები არიან იმის გამო, რომ სახელმწიფო მათ სწავლს უფინანსებს,“ – ამბობს ჯანაშია.
შალვა ტაბატაძეინიციატივას  ზოგადს უწოდებს პროფესორი, განათლების სფეროს სპეციალისტი შალვა ტაბატაძე  და დასძენს, რომ ამის გამო მსჯელობა რთულია. მხოლოდ იმის თქმა, რომ  საბაკალავრო დონეზე დაფინანსებისას გარკვეული ყურადღება აკადემიურ მოსწრებას მიექცევა, მისი თქმით, ბევრ კითხვას აჩენს.

ამბობს, რომ ზოგადად, როგორც გრანტირებული, ისე არაგრანტირებული სტუდენტებისათვის მოტივაციის შექმნა, კარგია. არსებული სისტემა, მისი აზრით,  არც გრანტიანებისათვის და არც უგრანტოებისათვის მოტივაციას არ ქმნის. თუმცა, ტაბატაძე მიიჩნევს, რომ  ახალი იდეა დასახვეწია, თითოეული დეტალი – გასათვლელი, რათა განხორციელებისას პრობლემები არ შეიქმნას.

„აკადემიური მოსწრების მიხედვით თუ გადანაწილდება გრანტები, გასარკვევია, ცენტრალიზებული რეიტინგი იარსებებს და მთელი საქართველოს მასშტაბით, საუკეთესო შედეგების მქონე სტუდენტების გარკვეული რაოდენობა მიიღებს მას, თუ ეს კონკრეტულ უნივერსიტეტსა და პროგრამაზე იქნება მიბმული.

„ასევე, შესაძლებელია, რომ ერთ უნივერსიტეტში ადამიანი კარგად სწავლობდეს, მაგრამ დაბალი GPA ჰქონდეს, რადგან იმ უნივერსიტეტში ნიშნები რთულად იწერებოდეს, ხოლო მეორე უნივერსიტეტში ნიშნები უფრო იოლად იწერებოდეს და იქ მაღალი GPA ჰქონდეს ადამიანს, რომელიც მაღალი აკადემიური მოსწრებით არ გამოირჩევა. ეს საფრთხეები არსებობს,“ – აცხადებს სპეციალისტი.

გარდა ამისა, მისივე თქმით, ისიც გასარვევია თუ რა მოხდება როგორც შიდა საუნივერსიტეტო, ისე გარე მობილობის შემთხვევაში. აღსანიშნავია, რომ აღნიშნული კითხვა EDU.ARIS.GE-სთან საუბრისას შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა მაია მიმინოშვილმაც დასვა. მისი თქმით, „გაუგებარია როგორ იმოძრავებს ფული, როცა მობილობით სტუდენტი ერთი უნივერსიტეტიდან მეორეში გადავა“.

აბიტურიენტი ეროვნული გამოცდით 4 – წლიან გრანტს ვეღარ მოიპოვებს – ინტერვიუ მინისტრთან

„გაუგებარია როგორ იმოძრავებს ფული, როცა მობილობით სტუდენტი ერთი უნივერსიტეტიდან მეორეში გადავა“

„სასწავლო გრანტის გაგრძელებაცა და თანადაფინანსების პროცენტიც ბაკალვრიატის შეფასებებთან უნდა იყოს კავშირში“

თაკო არის© მათეშვილი

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური