GE

„ამას ვერაფრით ვერ მოვუწონებ ეროვნული გამოცდების ტესტის შემდგენელთ..“

ნანა გოგშელიძე – ფილოლოგი, ქართული ენისა და ლიტერატურის სპეციალისტი, რეპეტიტორი

ქართული ენისა და ლიტერატურის და ლიტერატურის ეროვნული გამოცდის ტესტური დავალებების ანალიზი

მისაღები გამოცდების წარმატებით ჩაბარება თანაბრადაა დამოკიდებული, ერთი მხრივ, აბიტურიენტის აღქმის უნარსა და საქმის მიმართ პასუხისმგებლობაზე, მეორე მხრივ, ტესტის სწორად შედგენაზე, იმ ძირეული, არსებითი საკითხების მართებულად დასმასა თუ გამოკვეთაზე, რომლებიც უმთავრეს ღირებულებებს უნდა წარმოადგენდეს აპლიკანტის ცოდნის შეფასებისას. ამ თვალსაზრისით, როგორი მდგომარეობაა ჩვენს ეროვნულ გამოცდებზე რომ ვისაუბროთ, რამდენიმე ასპექტი უნდა გამოიკვეთოს – უმთავრესი გახლავთ თავად აბიტურიენტის დამოკიდებულება სასწავლო პროცესისა თუ გამოცდების მიმართ, რატომღაც ყველას ჰგონია, რომ ჩააბარებს, მეტიც, როგორ ვერ უნდა ჩააბაროს, როცა „ემზადება“, ჰყავს კერძო რეპეტიტორი, რომელთანაც დადის კვირაში სამჯერ მაინც, არადა განა საკმარისია 11 წლის განმავლობაში სასწავლო მასალის, სხვადასხვა უნარის ჩამოყალიბებისა და უკვე ათვისებულის განმტკიცებისათვის ერთი წელი?! ფაქტობრივად არავინ არ იცის გრამატიკის ის ელემენტარული წესებიც კი, რომლებიც, წესით, მეხუთე კლასელმა კარგმა მოსწავლემ უნდა იცოდეს, ბავშვებს თავიანთი უცოდინარობის, გნებავთ, სიზარმაცის გამამართლებელი ერთი უტყუარი ფაქტი აქვთ, რომელსაც საჭიროებისამებრ იშველიებენ. კერძოდ, მათ გრამატიკა სკოლაში როდის ისწავლეს ბოლოს, არც ახსოვთ.

მქონია შემთხვევა, როცა აბიტურიენტს არ სცოდნია არსებითი სახელის რაობაც კი, აღრაფერს ვამბობ ზმნის ელემენტარულ კატეგორიებზე, აი, ასეთ სიტუაციაში როგორ უნდა იყოს მისთვის საკმარისი მომზადების პერიოდი ან რეპეტიტორმა როგორ უნდა შეძლოს წერითი უნარების, ანალიტიკური აზროვნების, მართლწერის ჩვევების ჩამოყალიბება?! ეს სიტყვა(ჩამოყალიბება) თავისთავად ნიშნავს, რომ ფორმირების პროცესს დრო სჭირდება, ეს დრო კი არ არის ის მცირე მონაკვეთი, რომელიც მხოლოდ 10 თვეს მოიცავს, ოცსაც რომ მოიცავდეს, მაინც ცოტაა ამასთან. რატომღაც, ნორმად იქცა თვით პედაგოგების მიერ  მოსწავლეთა მიმართ სრული ლოიალობის გამოჩენა, მეტიც-ეს კარგ ტონადაც კი ითვლება, რატომ უნდა უსაყვედუროს მასწავლებელმა მოსწავლეს, „სიმკაცრით“ განა რამეს გახდება?!,-ასე ფიქრობს პოპულაციის დიდი ნაწილი, ამ დროს ლოიალობა ზოგჯერ ინერტულობის, უპასუხისმგებლობისა და ზერელობის ნიშანია, რასაც კატეგორიულად ვემიჯნები.

სიმკაცრედ თუ პედაგოგის მომთხვნელობას მოიაზრებენ, მაშინ ასეთ სიმკაცრეს ბუნებრივია, მივესალმები. ხშირად ბავშვებს უჭირთ იმის გაცნობიერება, რომ კერძო გაკვეთილი არ უნდა ჰგავდეს სკოლისას ,,სადაც მასალის უცოდინარობა, დავალების შეუსრულებლობა სიზარმაცე ლამის ნორმადაა ქცეული. ისინი იმავეს იმეორებენ რეპეტიტორთანაც, მშობლებიც სცოდავენ ხშირად ამ მხრივ, როცა ამბობენ: „ნიჭიერია, მაგრამ ზარმაცი“. არადა მსგავსი ბუნებაში არ არსებობს, სრულიად არათავსებადი ცნებებია. ბოლო ორი-სამი წლის შედეგებით თუ ვიმსჯელებთ, მოზარდთა კიდევ უფრო „მძიმე“ კონტინგენტი იწყებს მომზადებას საუმაღლესოდ.

თითქოს რეფორმის გატარებიდან ლამის 10 წლის თავზე უკეთესად მომზადებულ ახალგაზრდებს უნდა ველოდეთ, მაგრამ რეალობა სულ სხვაგვარია, როგორც ზემოთ მოგახსენეთ, ეს კი ცალსახად ნიშნავს ჩვენი სკოლების გაუმართავ მუშაობას, პედაგოგთა ზერელე დამოკიდებულებას და ა.შ. ხშირად მიფიქრია, ოქროსა თუ ვერცხლის მედალოსანთა რაოდენობა არათუ იკლებს წლიდან წლამდე, მგონი, მატულობს და თუ ეს რეალობაა, მაშინ რატომ ვერ ხერხდება საგამოცდო ტესტის თუნდაც ოდნავი გართულების ხარჯზე სტრუქტურული ცვლილება?

I შეცდომების გასწორება და სადავო ბონუს ქულა

მისაღები გამოცდის ქართული ენისა და ლიტერატურის ტესტში თითქმის ერთსა და იმავე ტიპის შეცდომების ძებნას ვთხოვთ ყოველწლიურად ახალგაზრდას, თვალის გადავლებაც კი საკმარისია, რომ ზემოთქმულში ეჭვის შეტანის საბაბი არ გაჩნდეს, ბოლო ორი-სამი წლის მანძილზე სულ მოეთხოვებათ იპოვონ ისეთი უმარტივესი შეცდომა, როგორიცაა – „აეშენებია“, “გაეკეთებია“, ამ დიალექტური ფორმის მოძიებას არ სჭირდება დიდი გრამატიკული ცოდნა, ასევე მიეჩვივნენ მსაზღვრელ-საზღვრულის მართლწერასთან დაკავშირებული შეცდომის აუცილებლად არსებობას. მაგალითად: “მოზარდ თაობის“ და მისთანანი. ამიტომაც მსგავს შეცდომებს იზუთხავენ, რომ ფონს ადვილად გავიდნენ.

წლევანდელი ტესტი შეცდომათა სახეობრიობის თვალსაზრისით, არსებითად მიჰყვებოდა წინა წლისას, მცირეოდენი ცვლილებებით, კერძოდ-ქვემდებარე-შემასმენლის რიცხვში შეწყობასთან დაკავშირებული უმარტივესი წესის ცოდნაც კმაროდა, რომ აბიტურიენტს მოცემული ხარვეზი გაესწორებინა: “მას ასწავლიდა იაკობ გოგებაშვილი და ალექსანდრე ცაგარელი“, აქ რომ ზმნას რიცხვი უნდა შეეცვალოს, ეს დაბალი კლასის მოსწავლემაც იცის, ვეჭვობ, ასეთი  უმარტივესი ტიპის შეცდომების გასწორებით რომელიმე განვითარებულ სახელმწიფოში იღებდნენ ახალგაზრდებს უმაღლეს სასწავლებლებში. ნუთუ არ შეიძლება, თუ მაინც და მაინც მსაზღვრელ-საზღვრულის მართლწერასთან დაკავშირებული შეცდომა უნდა გაასწოროს მოსწავლემ, ეგებ შეთანხმებული მსაზღვრელი მართულით შეეცვალათ შებრუნებულ წყობაში, იქ კი ნამდვილად გამოჩნდებოდა ახლაგაზრდას აქვს თუ არა ნასწავლი გრამატიკული წესები, თუ მხოლოდ ყურმოკრულის იმედადაა?!

ჩემი აზრით, სწავლა-სწავლება შემოქმედებითი პროცესია, რომლებშიც ორივე მხარე თანაბრადაა ჩართული, სწავლის პროცესს საინტერესოს ხდის სიახლე, ასევეა ტესტშიც, ოღონდ სიახლე სრულიადაც არ ნიშნავს საორჭოფო ფორმებით ტესტის დამძიმებას, ანდა 4-5 უშეცდომო წინადადების ჩაწერას, რომელმაც შეიძლება დააბნიოს ბავშვი და დაასმევინოს ზედმეტი მძიმეები ან ფორმა საერთოდ შეაცვლევინოს, შეიძლება ბევრი შემომედავოს-თუ იცის, არ დაიბნევაო, მაგრამ კერძო მასწავლებელთან სწავლობენ, მაინც ვერ გადასდით ნასწავლი მექანიკაში, ამას ემატება ისიც, რომ მან არ იცის შეცდომათა რა რაოდენობას ეძებს. ერთ-ერთი იმათგანი გახლავართ, ვინც მომხრეა იმისა, რომ შეცდომათა რაოდენობა არ უნდა იყოს მითითებული, ბავშვმა დავალება უნდა შეასრულოს და არა-ითვალოს შეცდომები და ისე დააბნიოს შეცდომათა მითითებულმა რაოდენობამ, რომ სწორ ფორმებს დაუწყოს გასწორება. მაგრამ იმას ვერაფრით ვერ მოვუწონებ ტესტის შემდგენელთ, რომ მანამდე არ მიუთითოს-დაეწერება თუ არა ბავშვს ბონუს ქულები (ან რამდენია ბონუსი).

წელს არაერთ საიტზე გაჩნდა ინფორმაცია, რომ ყველა შეცდომის პოვნის შემთხვევაში აპლიკანტი +2 ქულის მფლობელი გახდებოდა ბონუსის სახით, და მაინც-რამდენი იყო თითოეულ ვარინტში შეცდომა და როდის ან ვის მიეცემა ბონუსი?! პუნქტუაციის ელემენტარული წესების სწავლება რომ აუცილებელია, ამაზე არავინ დავობს, მეტიც-სწორად დასმული პუნქტუაციური ნიშანი სწორი ინტონაციის საწინდარია, რაც ასევე აჩენს აზრობრივად როგორ  აღიქვამს ბავშვი წინადადებას, სწორად განსაზღვრავს თუ არა წინადადების რაობას აგებულების მიხედვით. როგორც ვიცით ,,ნორმაა, მხოლოდ ორ თანდებულთან, კერძოდ -„გარდა“ და „მიუხედავად“ თანდებულდართულ სიტყვებთან მძიმის დასმა, მაგრამ რა ვუყოთ იმას, რომ კომპეტენტური ფილოლოგები „გამო“ თანდებულსაც სწყალობენ ამ მხრივ, მით უფრო, რომ სხვა ენები ამ თანდებულის შესაბამის ფორმას მძიმით აფორმებენ, იმავეს ვიტყოდი „ერთად“ თანდებულთან, რომელსაც არ  სჭირდება სასვენი ნიშანი, მაგრამ, რადგან ბევრი სვამს, გაჩნდა ის აზრიც, რომ შეცდომად არ ჩაეთვლებათ არც იმათ, ვინც არ დასვა, არც მათ, ვინც  მძიმით გააფორმა, რა გამოდის, ეს „ბონუსი“ ტესტის ასეთი ლაფსუსის „გასწორების“ შანსი ხომ არაა გამსწორებელთათვის?.

II შეფასების სქემა და მისი გამოქვეყნების პროცედურა

ანდა რატომ უნდა შედგეს ტესტი ისე, რომ მან ათასი მითქმა-მოთქმა, დავა, კამათი და ორაზროვნება გამოიწვიოს, უმთავრესი ისაა, რომ საგამოცდო ცენტრი შეფასების სქემას ტესტის განთავსებისთანავე არ გვთავაზობს, ეს ბოლო ორი წლის ტენდენციაა, განა სადმე ხდება მსგავსი ფაქტი, რომ დაიდოს ტესტი და სწორი ვარიანტი არ ახლდეს მას?! საინტერესოა, შეცდომათა ჩამონათვალში ივარაუდა თუ არა ტესტის შემდგენელმა ასეთი ფორმა: „საკუთარ ბინაში“ და თუ არ ივარაუდა, მით უარესი, კიდევ უფრო მცირდება ამით შეცდომათა რაოდენობა.

კიდევ ერთ საკითხს უნდა შევეხოთ: ენათმეცნიერთა შორის საყოველთაოდაა ცნობილი ქართული თანდებულის მართებულ ხმარებასთან დაკავშირებული სირთულეები, ერთ-ერთ სესიაში(ტესტის ვარიანტში) ასეთი ტიპის შეცდომა იყო „მარიამმა წამოიწყო ბრძოლა ქალთა სკოლის გახსნაზე“, ცხადია, მართებულია-გახსნისათვის, თუმცა სხვაგან ეს თანდებული იმგვარადაა ნახმარი, რომ მისი გამოყენება სწორად შეიძლება ჩაითვალოს.

მეოთხე სესიის ტესტურ დავალებაში იყო  ასეთი ფრაზა: “ნიჭიერებით გამორჩეული“, რომელიც ზოგმა შეცვალა „მრავალმხრივი ნიჭით“, საინტერესოა, გამსწორებელი შეცდომად ჩაუთვლის თუ არა ამას აპლიკანტს?! ვთვლი, რომ ამგვარი ცვლილება სრულიად დასაშვებია სალიტერატურო ნორმისათვის, თან მაშინ, როცა აბიტურიენტმა ზუსტად იპოვა ყველა შეცდომა თუ ხარვეზი და, რადგან ბოლო რამდენიმე წინადადება უშეცდომო იყო, შეცდომათა რაოდენობამ დააფრთხო და გაადწყვიტა ამ „შეცდომის“ გასწორებაც“.

IV რა არის „მარტივი“ და რა „რთული“

ბოლო წლებია, რატომღაც კალკის ანუ სტილური ხარვეზის ნიმუშად სულ მოაქვთ „მოახდინა გახსნა“ „მოახდინა ცვლილება“, არადა დღეს, როგორც ვგონებ, არასდროს, იმედენად ხშირად იყენებენ დამხმარე  ზმნებს უადგილოდ. ვფიქრობ, შეცდომათა სხვა ტიპის შეთავაზება საჭიროც კი იყო, ბევრმა შეიძლება მითხრას, ტესტი, ზოგადად ტესტირების პრინციპებიდან გამომდინარე, მარტივსაც უნდა შეიცავდეს და რთულ საკითხებსაცო, დავეთანხმები, ასეა, მაგრამ მოდით, ვთვქათ, რა არის „მარტივი“ და რა „რთული“. როცა მარტივ ფორმად ვირჩევთ იმას, რაც დაწყებითი კლასის მოსწავლისთვისაა სირთულე, ეს უკვე სიმარტივეც აღარაა, ჩემთვის ისიც გასაგებია, რომ ამდენი ფასიანი უმაღლესი სასწავლებელი მოითხოვს ახალი ნაკადით შევსებას, მაგრამ როცა ის ივსება ისეთი აბიტურიენტებით, რომელთაც ბარიერი ძლივს გადალახეს, ვის სჭირდება ასეთი სტუდენტი და შემდგომ- კურსდამთავრებული, ესაა უმწვავესი პრობლემა.

ტესტის გრამატიკულ ნაწილში სასურველი იქნებოდა კომპოზიტთა მართლწერის საკითხების  ცოდნის გამოსაცდელად სხვადასხვა ტიპის კომპოზიტების შეთავაზება, ასევე   ზმნის მესამე სერიის ფორმათა სწორი დაწერილობაც მოგვეთხოვა ახალგაზრდისგან, მით უფრო, რომ ვიცით, ეს დაუძლეველი დილემაა მათთვის ლამის, ანაცვლებენ მარტივი ფორმებით, რითაც წინადადებას აუბრალოვებენ, როცა აპლიკანტი მიხვდება, რომ მსგავსი ტიპის შეცდომა შეიძლება შეხვდეთ, შეეცდებიან ერთპირიან და ორპირიან გარდაუვალ ზმანათა დაწერილობას აღნიშნული სერიის სხვადასხვა ფორმებში მიაქციონ ყურადღება, თორემ „დავბადებულვარ“-„დავბადებივარ“ ფორმათა შორის სხვაობას ვერც არჩევენ, ეს ლაფსუსები თემის წერისას იჩენს თავს, მერე გვიკვირს-აზრის გამოხატვა უჭირთო.

ოდნავ განსხვავებული ტიპის შეცდომა  შესთავაზეს აბიტურიენტს მესამე სესიაში, კერძოდ-მოცემული იყო ფრაზა:“მის სახელს უკავშირდება ახალი ლიტერატურული ჟანრის (ნოველის) დამკვიდრება“, აქ ჩემი აზრით, ორი რამ უნდა შეესრულებინა აპლიკანტს, ჯერ ერთი-მოეხსნა ფრჩხილები და, მეორეც-ტირეთი შემოეტანა სიტყვა ნოველა, რომელსაც პირველად ასახელებდა ავტორი. საინტერესოა, ვინც მხოლოდ ერთი კომბინაცია შეასრულა, მეორის შეუსრულებლობა ჩაეთვალა თუ არა შეცდომად, ანდა თითო ფრჩხილის გახსნა თითო შეცდომად ხომ არ მოიაზრა შემდგენელმა, სხვა შეთხვევაში, როგორადაც უნდა ეცადოს არათუ აბიტური, არამედ-სპეციალისტიც კი ვერ იპოვის 20 შეცდომას, და რა გამოდის-ბონუსი ისე გადაწყვიტა ცენტრის ხელმძღვანელობამ, სიურპრიზად დაუტოვა ახლგაზრდებს საჩუქარი, ანდა ვისთვის საჩუქარი, ვისთვის-თავისტეხი თუმცა არც ისაა დასამალი, ამ ტიპის შეცდომისთვის მიუჩვეველ აბიტურს ყურადღება არც მიექცია და არც გამსწორებლებმა „ჩათვალონ“ გასასწორებლად, თუ აბიტურთა უმრავლესობა ისე დატოვებს, როგორც შესთავაზეს ფრაზა. ამგვარ მახეს ვიწონებ, მაგრამ მეორეა-მის პოვნას კითხვაში გაწაფული თვალი სჭირდება, კითხვა კი როგორ „უყვართ“ ჩვენში მოზარდებს, ყველას კარგად მოეხსენება.

ფაქტობრივად, არც ერთ სესიაში შეცდომათა თანაბარი რაოდენობა არ ფიქსირდება, ამიტომაც ელის ბევრი შეფასების სქემას, რომელიც ისეთ დროს გამოქვეყნდება, მინიმუმ თითო, სრულიად გაუგებრად დაკარგული ქულის ძიებისათვის  ბრძოლას აღარც  აზრი და აღარც სურვილი რომ აღარ ექნება, მავანი მაინც ჩაირიცხება სავარაუდოდ, მაგრამ წმინდა პროფესიული თვალსაზრისით, შეიძლება ბოლომდე გაუგებარი დარჩეს პედაგოგებისათვისაც.

მაგალითად, შარშან ერთ-ერთ სესიაში ასეთი ფრაზა იყო: „მიწისძვრამ სრულიად დააზიანა“, როგორც ვიცით, აქ შეცდომა პარონიმის არასწორ ხმარებაზე მოდიოდა, რომელიც სამართლიანად უნდა შეცვლილიყო ფორმით-სრულად, მაგრამ შეფასების სქემაში ერთადერთ სწორ ფორმად შესთავაზეს საზოგადოებას „მთლიანად“ ჩანს, მოსწავლეთა დიდმა რაოდენობამ ამ ფორმით შეცვალა და ჭეშმარიტებაც მასში აღმოჩნდა, სხვათა შორის, ყოველთვის (წინა წლების საგამოცდო ტესტებს ვგულისხმობ,) სწორ ფორმებს ფრჩხილებში ახლდა დასაშვები ვარიანტები, ამჯერად არც ეს შემოგვთავაზეს, გაუგებარია-რატომ, არადა ამგვარ საორჭოფო ფორმებს აუცილებლად სჭირდება მსგავსი მინიშნებები. რატომღაც, ბოლო ორი წლის ტესტებზე ცოტა არ იყოს, ზერელედ მუშაობს ჯგუფი, გავიხსენოთ, თუნდაც ე.წ. კატის გამოცდაზე ქართული ენისა და ლიტერატურის ტესტში არაერთი მწვავე შევცდომა იყო დაფიქსირებული, რომელთაც „უნებლიეთ“ დაშვებულს ვერაფრით ვერ ვუწოდებდით. ნათქვამის საკონსტატაციოდ რამდენიმე ფაქტის მოყვანაც კმარა, მაგრამ რადგან ამ წერილის მიზანი სხვაა, თავს შევიკავებ დასახელებებისაგან.

VI რატომ გამოუვიდათ წელს აბიტურიენტებს მშრალი თემა

წელს, ჩემდა გასაოცრად, გურამიშვილის პოემიდან ამოღებული იყო თავი „ხმით სატირალი თავ-ბოლო ერთი“, რომელიც იესო ქრისტეს წამებას ეხება, კითხვები ტექსტის ცოდნას ამოწმებდა, უნდოდა თუ არა, ვერსად გამოთქვამდა ახალგაზრდა თავის დამოკიდებულებას, შესაბამისად-თემა გამოუვიდოდათ მშრალი, მხოლოდ მხატვრული საშუალებების ცოდნას რომ შეამოწმებს და ვერ დაგვანახებს თემის ავტორის პიროვნულ ხასიათს, მის აზროვნებას. ხშირად დამისვამს კითხვა-რატომ ენიჭება ამხელა მნიშვნელობა ტროპის ამა თუ იმ სახეოების ცოდნას, გასაგებია, რომ ლიტთეორიის საფუძვლების ცოდნის შემოწმება და ტექსტის, როგორც მხატვრული ნაწარმოების, გააზრება ამ მხრივ მნიშვნელოვანია, მაგრამ, ჩანს, შემდგენლებს სურთ, ბავშვმა სწორად დაინახოს, რომელ საშუალებებს როგორ იყენებს ესა თუ ის ავტორი, მაგრამ განა რეალურად ასეა? მხატვრული სიტყვის, ზოგადად მხატვრული შემოქმედების არსებითი ნაწილი რომაა ტროპის ესა თუ ის საშუალება, ამაზე არავინ დავობს, მაგრამ მეორეა-ვინ „გრძნობს“ მას, როგორ ესმის ახალგარდას მათი მნიშვნელობა, ჩემი პრაქტიკული გამოცდილებიდან თამამად ვიტყვი-ამ მხრივაც სრულიად  მოუმზადებლები მოდიან, რადგან საგამოცდოდ მოეთხოვებათ მათი ცოდნა, ორიენტირებული არიან ტექსტში იპოვონ მეტაფორა, შედარება-ეპითეტი თუ გაპიროვნების ნიმუში. როგორმე ამოიცნონ ალეგორიულია თუ არა მოცემული ეპიზოდი. გააზრებისა რა მოგახსენოთ, უმრავლეს შემთხვევაში, მათივე თემებში მხატვრულ-გამომსახველობით საშუალებებზე მსჯელობის ნაცვლად მარტივ ჩამონათვალს ვაწყდებით, ამიტომაც, ჩემი აზრით, ხომ არ აჯობებდა-სკოლიდანვე მიეჩვიათ მოზარდი იმისთვის, რომ დაჰკვირებოდნენ-რატომ ხმარობს მას ავტორი, რა შესძინა ტექსტს დავუშვათ-მეტაფორამ. აბსოლუტურად ყველა აბიტურის გასაჭირი ესაა. მართალია, საგამოცდო კრებულებში აბიტურიენტთა მიერ ხარისხიანად შესრულებულ თემებს გვთავაზობენ, რომლებშიც ტროპიც კარგადაა ნახსენები და მათ მიერ არაერთი წაკითხული  წიგნიცაა დასახელებული, მაგრამ ეს ხომ უიშვიათესობაა, ფაქტობრივად, დღესდღეობით, ჩვენ ირგვლივ წიგნიერი მოზარდი ძალიან დიდი ფუფუნებაა.

წელს მეოთხე სესიაში შესთავაზეს დავით კლდიაშვილის „სამანიშვილის დედინაცვლიდან“ ნაცნობი ეპიზოდი, თუმცა ვერც ეს მონაკვეთი ვერ მისცემდა აბიტურიენტს დიდი მსჯელობის საფუძველს, იმავეს ვიტყოდი „იგის“ მოცემულ ფრაგმენტზეც, რატომ შიშობენ ტესტის ავტორები უცნობი ტექსტების შეთავაზებას, მახსოვს „ზებულონიდან“, თუ არ ვცდები, 2011 წელს საუკეთესო მონაკვეთის განხილვა დაავალეს, მეორე წელს ჩემს აბიტურებსაც ვთხოვე გამოცდაზე მოტანილი თემის შესრულება, სიამოვნებით წერეს. გამოდის-სიახლე მოსწონთ და ამასთან გმირის ფსიქოლოგიური პორტრეტის მათეული სახეები საკმაოდ საინტერესოა. მნიშვნელოვანია აპლიკანტის დამოკიდებულება გმირის ხასიათის, მისი ქცევის მიმართ კონკრეტულ შემთხვევაში, იმდენად მომეწონა ერთ-ერთის მსჯელობა, როგორ სახავდა იგი ბრძოლის სტრატეგიას, სიამოვნებით ვუჩვენებ მას შემდეგ ბევრ ახალმოსულს, 2012 წელს „გოგჩას“ ანალიზი მოეთხოვებოდათ, სრულიად გაუგებარია-რა მიზანს ემსახურებოდა მისი შეტანა ტესტებში. კიდევ ვიმეორებ, ვერც გურამიშვილის რამდენიმე ნაწყვეტია „გემრიელი მასალა“ აპლიკანტისტის, რატომ არ შეაქვთ სულხან-საბა, საერთოდაც-რატომ დავიწროვდა საგამოცდო პროგრამაში თავისი დროის ნოვატორი, ერის ევროპიზაციისკენ 1-ლი ნაბიჯების გადამდგმელი საბა?!(როგორც ჩანს, თემის შემდგენლებს აინტერესებთ არქაული ენით შეთავაზებულ ტექსტს როგორ იგებს აბიტურიენტი, თითქმის ყოველ წელს ან ძველი, ან აღორძინების ხანის (წლევანდელი ტესტია ამის ნიმუში) ან სულაც რომანტიკოსი პოეტის ამა თუ იმ ლექსის ანალიზს ავალებენ გამოსაცდელს.

VII წაკითხულის გააზრების ნაწილი და არჩევითი ლიტერატურა

წაკითხულის გააზრებაში გადაუწყვეტიათ სიახლის შეტანა, რაც იმით გამოიხატა, რომ, გარდა კონკრეტული მხატვრული საშუალების მითითებისა, აპლიკანტს დაევალა გაერკვია ტროპული მეტყველება რომელ სტრიქონში იყო გამოყენებული. ალბათ, ივარაუდეს, რომ თავად ცნება, ტროპული მეტყველება დააბნევდა ახალგაზრდას, სხვა მიზანს ამ სიახლეში ვერ ვხედავ.

გასაგებია, რომ სავალდებულო გამოცდაზე აუცილებლად უნდა შეიტანონ ნაცნობი (საპროგრამო) ავტორის რომელიმე ნაწარმოები ან ფრაგმენტი ტექსტიდან, ეს ამარტივებს ბევრისთვის თემის წერას, რადგან ტექსტი ზოგადად ყურმოკრული მაინც აქვს და მოცემულ ეპიზოდში გარკვევა არ გაუჭირდებათ წესით, მაგრამ ორი ნაცნობი ავტორის შეთავაზება სრულიად დაუშვებლად მიმაჩნია. მაგალითად, მეოთხე სესიაზე  უნდა აერჩიათ ან გურამიშვილის პოემიდან უცნობი ეპიზოდი, ან კლდიაშვილის „სამანიშვილის დედინაცვლის“ ცნობილი ფრაგმენტი. განა არ აჯობებდა, სრულიად უცნობი, თუნდაც თანამედროვე უცხოელი ან კლასიკოსი ავტორის თარგმანი მიეცათ საწერად?! ამით ხომ უკეთ გამოჩნდებოდა ორი რამ – პირველი, როგორ აღიქვამს წაკითხულს აბიტური და მეორე-რამდენად შეუძლია საგამოცდო პირობებში უცნობი ტექსტის ანალიზი?!

ფაქტობრივად ისე გამოვიდა, რომ სამივე სავალდებულო გამოცდა არათუ გართულებული-პირიქით, გამარტივებულიც კი იყო (ნაცნობი თემა, ნაცნობ შეცდომათა მთელი დასტა, არანაირი სიახლე).

გაცილებით უკეთესად იყო მომზადებული არჩევითი საგნის საგამოცდო ტესტი, ვგულისხმობ ლიტერატურის გამოცდას. აპლიკანტს დაევალა ემსჯელა იმაზე,თუ რით შეგვიძლია ვივარაუდოთ „შუშანიკის წამება“  არასრული სახით არის თუ არა ჩვენამდე მოღწეული, ამასთან, სხვა საკითხების კითხვებიც იმგვარად იყო მოცემული, რომ აუცილებლად მოითხოვდა ტექსტის სიღრმისეულ ცოდნასა და ანალიზის უნარს, კითხვის დასმის რაკურსი განსხვავდებოდა წინა წლების ლიტერატურის ტესტისაგან, რომლებშიც ხშირად კრებულებში მოცემული კითხვებიდან რამდენიმე მეორდებოდა. ერთი შეხედვით „ზერელე“ კითხვა საკითხის ცოდნას კარგად ამოწმენდა. ჩანს, შესაძლებელია ტესტზე სერიოზული მუშაობა, ამის ფონზე მით უფრო გასაკვირია ზემოაღნიშნული ლაფსუსები.

თემებს რაც შეეხება,  მადლობას ვუხდი შემდგენელს, მეტად დროული და საჭირო  პუბლიცისტური ესესთვის. 1-ლი თემა  (ვეფსისტყაოსნის ფრაგმენტი და გეგეჭკორის ლექსის შედარებითი ანალიზი), გარკვეულ სირთულეს უდავოდ შეიცავდა, თემატურად სასურველი იყო სხვა თემა დაეწერათ, მაგრამ მაინც ვერ ვამბობ არსებითად საყვედურს, რადგან სპეც.ლიტერატურის გამოცდაზე მასალის სირთულე სრულიად დასაშვებად მიმაჩნია.

VIII ვის შეიძლება ჰქონდეს გრანტის იმედი

წელს, გამოდის, გრანტის გაცემაზე რომელი საგანიც  დიდ როლს თამაშობს, იქ მოხდა „დაწოლა“. ასეთი არათანაბარი სირთულე საგამოცდო ტესტებისა რამდენად მისაღებია, ამაზე საჭიროა ფართო მსჯელობა, მით უფრო, რომ, როგორც საგამოცდო ცენტრი არაერთგზის ხაზგასმით გვაუწყებს, გრანტი გაიცემა ოთხივე საგნის ქულათა მონაცემების საფუძველზე. რეალობად დღეს სულ სხვაგვარია, აშკარად გამარტივებულ სავალდებულო საგნებს გადაწონის მეოთხე საგნის ქულათა მაჩვენებელი და გრანტსაც, დიდი ალბათობით, ის მიიღებს, ვისაც ამ საგნებში მაღალი მაჩვენებელი ექნება. განა ამას არ სჯობს, ოთხივე საგნის ტესტი განახლდეს, გვარიანად გადაიხედოს, შევიდეს მათში ცვლილებები და მათთან შედარებით, ოდნავ სირთულეს შეიცავდეს მეოთხე არჩევითი საგნის ტესტი?!

სავალდებულო საგნების ტესტების გამარტივების მიზეზად გარკვეულწილად აბიტურთა მომზადების დონეც უნდა ჩაითვალოს, ბოლო ორი-სამი წელია, როფორც ზემოთაც აღვნიშნე, განსაკუთრებით მოუმზადებელი ნაკადი მოდის. პარადოქსსაც სწორედ ეს ქმნის, თუ ტესტს ვერ ართულებ ობიექტური მიზეზის გამო, მაშინ რა მიზანი აქვს აშკარად წინა წლებთან შედარებით ათჯერ გართულებულ მეოთხე საგნის ტესტს, პასუხი ერთი შეიძლება იყოს, მეოთხე საგანი გასცემს გრანტს და შეავსებს დეფიციტურ უმაღლეს სასწავლებლებს.

მოკლედ-ძალიან ბევრი რამ შეცვლას, გადახედვასა და ჩასწორებას მოითხოვს. კარგია, თუ საგამოცდო ტესტების ავტორები უკეთეს ნამუშევრებს შემოგვთავაზებენ სამერმისოდ.

2015 წლის ეროვნულ გამოცდებზე გამოყენებული ტესტების ვარიანტები – ქართული ენა და ლიტერატურა

არჩევითი ლიტერატურის გამოცდაზე გამოყენებული ტესტები 2015

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური