GE

ამერიკული უნივერსიტეტები მსოფლიო რეიტინგში მოწინავე პოზიციებს კარგავენ

ლონდონის ყოველკვირეული გამოცემა The Times Higher Education 2015-16 სასწავლო წლის მსოფლიო უნივერსიტეტების რეიტინგს აქვეყნებს.

რეიტინგის თანახმად დადგინდა, რომ მასში ამერიკული უნივერსიტეტების რაოდენობამ საგრძნობლად იკლო, მიუხედავად იმისა, რომ სიაში შემავალი უნივერსტეტების საერთო რაოდენობის თითქმის მეხუთედი, სწორედ ამერიკული უნივერსიტეტია.

უნივერსიტეტების ათეული, სადაც 6 ამერიკული, 3 ბრიტანული, და ერთი შვეიცარიული უმაღლესია, ასე გამოიყურება:

wur-2015-2016-top-10

რეიტინგების შედგენისას, სულ 800 მსოფლიო დონის უნივერსიტეტი შეფასდა. მათ შორის 345 ევროპაში მდებარეობს, 147 კი ამერიკაში. 200 საუკეთესო უნივერსიტეტს შორის 63 ამერიკული უნივერსიტეტია, 34 ბრიტანული და 20  გერმანული.

რეიტინგში შესული 147 ამერიკული უმაღლესი სასწავლებლებიდან აღსანიშნავია კალიფორნიის ტექნოლოგიების უნივერსიტეტი (California Institute of Technology), რომელიც უკვე მეხუთე წელია მოწინავე პოზიციებს არ თმობს და 2016 წლის რეიტინგში პირველ ადგილს იკავებს.

ჰარვარდი (Harvard) კი წელს მე-6 ადგილზე მოხვდა, მაშინ როცა ბოლო 12 წლის განმავლობაში ეს უმაღლესი სასწავლებელი პირველ ოთხეულს არ თმობდა.

როგორც რეტინგის ანალიზის შედეგად ირკვევა, დიდი ისტორიის მქონე ამერიკული უმაღლესი სასწავლებლები ცხრილში ჩამოქვეითდნენ.  ტოპ 200 უნივერსიტეტს შორის წელს 63 ამერიკული უნივერსიტეტი მოხვდა, გასულ წელს მათი რიცხვი 74 იყო, 2014 წელს კი 77. წელს ათეულში 6 ამერიკული უნივერსიტეტი შევიდა, გასულ წელს კი 7.

რაც შეეხება ბრიტანულ უნივერსტეტებს, ოქსფორდი (Oxford) მე-2 ადგილზე მოხვდა, კემბრიჯი (Cambridge) მე-4-ზე, Imperial College London კი მე-8-ზე. ათეულში ასევე მოხვდა  ETH Zurich – Swiss Federal Institute of Technology Zurich, რომელიც მე-9 ადგილს იკავებს.

wur-2015-2016-top-universities-by-region-largeThe Times Higher Education-ის რეიტინგის რედაქტორი, ფილ ბეტი, ამბობს, რომ აშშ-ის უმაღლესი სასწავლებლების ადგილების მონაცვლეობა დაკავშირებულია კვლევის გეოგრაფიული არეალისა და კვლევის მნიშვნელოვან გაუმჯობესებასთან.

მან ასევე აღნიშნა, რომ აშშ-ის წამყვანი სტატუსი მსოფლიოს საუკეთესო აკადემიური და სტუდენტური ტალანტების მიზიდვის კუთხით შეიძლება კითხვის ნიშნის ქვეშ დადგეს, ვინაიდან 2008 წლის გლობალური რეცესიის შემდეგ ამერიკის 47-მა შტატმა განათლების დაფინანსება შეამცირა.

რეიტინგი  13 ინდიკატორის დახმარებით განისაზღვრა და  უმაღლესი სასწავლებლები შემდეგი მიმართულებებით შეფასდნენ: სასწავლო პროცესი, სამეცნიერო ნაშრომები, საერთაშორისო აქტივობები, ინდუსტრიის განვითარებაში ხელის შეწყობა.

2015-16 სასწავლო წლის მსოფლიო უნივერსიტეტების რეიტინგი სრულად

აღსანიშნავია, რომ რეიტინგში შესული 800 საგანმანათლებლო დაწესებულებიდან არც ერთი ქართული უმაღლესი სასწავლებელი არ არის.

მსოფლიოს ტოპ-10 ყველაზე პრესტიჟული უნივერსიტეტი – 2015 წლის რეიტინგი

სალომე ზარიძე

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური