GE

„არ ველოდები, რომ წელს ქართულში ძალიან მაღალი ქულები დაიწერება“, – კახა ჯამბურია

ერთიანი ეროვნული გამოცდების ქართული ენისა და ლიტერატურის ტესტები უკვე შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრშია გადატანილი. ტესტებს ამ დროისთვის სკანირება უტარდება. სკანირებული მასალა კი  სპეციალურ კომპიუტერულ პროგრამაში  შევა, საიდანაც გამსწორებელ პედაგოგებს გაეგზავნებათ. ამის შესახებ Aris.ge-განათლებას ქართული ენისა და ლიტერატურის საგამოცდო ჯგუფის ხელმძღვანელმა კახა ჯამბურიამ განუცხადა.

,,ქართული ენისა და ლიტერატურის  დავალებებს სულ 236 პედაგოგი ასწორებს. ისინი სხვადასხვა ჯგუფებად არიან დაყოფილი, ზოგი ესეს ამოწმებს, ზოგი თხზულებას, ზოგი ტექსტის რედაქტირებას. თითო დავალებას სულ მცირე ორი პედაგოგი ასწორებს, 25-ქულიანი კრიტერიუმის მიხედვით,  ისე, რომ ერთმანეთის მიერ დაწერილ ქულებს ვერ ხედავენ. თუ მათი დაწერილი ქულები ერთმანეთს არ ემთხვევა მაშინ დავალება მისდის მესამე, უფრო მაღალკვალიფიციურ პედაგოგს.  სწორედ იმის გამო, რომ თითეულ ნაშრომს ბევრი პირი ასწორებს –  ქართული ენისა და ლიტერატურის ტესტის გასწორება ყველაზე ხანგრძლივი პროცესია.  ორშბათიდან დაიწყება და მინიმუმ 22 დღე გაგრძელდება,“ – განაცხადა კახა ჯამბურია Aris.ge – განათლებასთან.

მისივე ინფორმაციით,  1 აგვისტოდან დაიწყება არამხოლოდ ქულების  გამოქვეყნება, არამედ აბიტურიენტების ნამუშევრების, ტესტის ბუკლეტისა და შეფასების სქემის გასაჯაროებაც, რათა აბიტურიენტებს შესაძლებლობა მიეცეთ თავიანთი ნაშრომი და ქულა ერთმანეთს შეადარონ.  ხოლო იმ  შემთხვევაში, თუ შედეგი არ მოეწონებათ, სააპელაციო კომისიას მიმართონ.

Aris.ge-განათლების  კითხვაზე – დაიწერება თუ არა წელს მაღალი ქულები ენისა და ლიტერატურის გამოცდაში, ვინაიდან გამოცდიდან გამოსული ბავშვები ტესტის სიმარტივეზე საუბრობდნენ კახა ჯამბურია შემდეგი შინაარსის პასუხი გასცა:

,,ყოველწლიურად ასეა.  გამოცდიდან გამოსულები ამბობენ, რომ ტესტი საშუალო სირთულის იყო.  თუმცა ხშირად აბიტურიენტების ეს შეფასება ზედაპირულია  და ქულები მოლოდინს  არ შეესაბამება. მე პირადად  არ ველოდები, რომ წელს ძალიან მაღალ ქულები დაიწერება,“ –  დასძინა ჯამბურიამ.

ეკა არის© წივწივაძე

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური