GE

არდადეგები

გიორგი კეკელიძე

ჩვენ სხვანაირი ბავშვობა გვქონდა. სხვისას არ ჰგავდა. არც გამხმარ პურს ვჭამდით და არც შოკოლადისკარაქიანს. ეს არ ყოფილა უკიდურესი სიღარიბე და რა გასაკვირია, რომ არც სიმდიდრე ყოფილა. არც მწუხარება ყოფილა და არც სიხარული. არც ტყვეობა და არც თავისუფლება. სადღაც შუაში ვიყავით გაჩხერილები მამიდაშვილების გამონაცვალი შარვლებით, შარვლებში – ნაკლეიკებით და რუმინეთიდან ბიცოლაჩვენის ჩამოტანილ კევს ვღეჭავდით და ვბერავდით. მაგრამ ერთი დიდი და მნიშვნელოვანი ამოვარდნა გვეგულებოდა იმ დროს – საზაფხულო არდადეგები. განა რამე იცვლებოდა კალენდარში რიცხვების გარდა. იგივე ხიდი იდგა და მდინარეში იმავე ხიდიდან ვხტებოდით. იგივე მდინარე ჩამოდიოდა. იგივე ღობეები და იგივე ლოგინები და იგივე სიზმრები. და წვიმის ხმა ოჭვათოში – ძალიან იგივე. მაგრამ ზაფხულის არდადეგებს მაინც საგანგებო სუნთქვით ვხვდებოდით, რადგან ეს შეუმჩნეველი ოცნება იყო ნამდვილ არდადეგებზე. მოგზაურობებით და თავგადასვლებით სავსე არდადეგებზე. სიახლეებით და გაკვირვებით სავსე არდადეგბზე. და გვიხაროდა, რადგან ვიცოდით ან, უფრო ზუსტად, ვგრძნობდით, რომ ზაფხულის არდადეგები გულისხმობდა სხვა ამბებს, რომლებიც შეიძლებოდა მომხდარიყო, მაგრამ ვერასოდეს მოხდებოდა.

ამ უცხო ტვირთით მოვედით ჩვენ. სხვა ვერ გაიგებს ამ სიმძიმეს და სიმსუბუქეს. გაუგებარ სიხარულს. შეიძლება ბოლომდე ჩვენც ვერ გავიგოთ ჩვენი ნელთბილი ბავშვობა დიდი ამოვარდნით, დიდი სიცხით – საზაფხულო არდადეგებით. კარგ ამინდებში ეზოში ზეწარს დამიგებდნენ და ვწვებოდი. წიგნი უნდა წამეკითხა. ცაზე ღრუბლების მეზობლების ცხვირებისთვის მიმსგავსება მალე გბეზრდება. წიგნის ყდაზე ჭიანჭველების წვალებაც. ხანდახან თვითმფრინავის გუგუნი ისმის. თითქოს ღრუბლებს თავი სტკივათ. ამ დროს ეგ არის, რომ ხმა სხვა მხრიდან მოდის, თვითმფრინავი კი სხვაგანაა. თვალს ძნელად მოჰკრავ. გამოცვივდებიან მეზობლები: „ტრანტალიოტი, ტრანტალიოტი!“ – და რა გასაკვირია, რომ ვერც ისინი ხედავენ. მე ეს ხმა მგონია ყველაზე მისტიკური აქამდე ყურმოკრულთაგან. მინიშნებების ძნელად მჯერა, თორემ ვიტყოდი: რაღაცის კარნახი, ამოუცნობის. წუხელ შუაღამემდე ფანჯარასთან ვიჯექი და ამ ხმაზე ვფიქრობდი. აქ არადროს გამიგონია, ეტყობა სხვა ხმები ფარავს.

ქათმებისთვის სიმინდის დაყრის სცენა იცით? უნდა იცოდეთ. ექვსზე უნდა ადგე. ქათმებს უკვე ღვიძავთ და წრიალებენ. საქათმეს გააღებ და თუ დგომის ტექნიკა არ იცი, სახეში შემოგაფრინდებიან. ისიც ოსტატობის საკითხია, სად უნდა დაყარო, ერთად რომ შეგროვდნენ და დათვალო, „ხომ არ მეიპარა რომელიმე ღამით რაცხა მოსასპობმა“. ეს „რაცხა მოსასპობი“ ან სინდიოფალაა, ან ვირთხა, ან მეზობლის ძაღლი, ან სულაც თავად რომელიმე მეზობელი.

ძროხის მოწველის სცენა იცით? უნდა იცოდეთ. ღამით ძროხა რომ დაბრუნდება, – და თუ არ დაბრუნდა, მოძებნით და დააბრუნებთ, – ბებიაჩემი ან მამაჩემი იღებენ რძეის ვედრას და მიდიან საძროხისკენ, რომელსაც სხვაგვარად ეწოდება ახორი. აქ ოსტატობა არ კმარა, საქმე დიდოსტატობას ითხოვს. ჯერ ერთი, საძროხეში ბნელა და თუ ანათებს, მხოლოდ რძე. მეორეც, ცურს ისე უნდა მოუნაცვლო, ძროხა არ შეწუხდეს და წუხილი წიხლით არ გამოხატოს. ამიტომაც მე გარეთ ვდგვარ. მხოლოდ ჩხრიალი მესმის. და თუ მთვარეა, მთვარეს ვუყურებ და ასე მგონია, მთვარე იწველება. დიდი, სავსე მთვარე. გაუგებარი სიხარულით სავსე მთვარე.

რა წავიკითხოთ საზაფხულო არდადეგებზე? – რუბრიკის სტუმარია გიორგი კეკელიძე

წყარო: mastsavlebeli.ge

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური