GE

არდადეგებზე საკითხავი წიგნები

ზვიად კვარაცხელია

კონსპექტები იყო მაშინ მოდაში და როდესაც ჩვენი ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა წიგნების უშველებელი ნუსხა ჩაგვაწერინა, გულახდილად რომ ვთქვა, გამიკვირდა. შესაძლოა მართლა სჯეროდა ჩვენი თავგამოდების, მაგრამ ერთია სურვილი და მეორე – რეალობა: ამდენი ჟანრულად და თემატურად განსხვავებული წიგნის არდადეგებზე წამკითხავები მაშინ არ ვიყავით.

img_top_newsცოტათი ნაკლები რომ მოეცა დავალებად? – ვერ ვიტყვი, რომ ეს საქმეს უშველიდა. ერთით მეტ თუ ხუთით ნაკლებ დასახელებას, არა მგონია, ინტერესითა და ენთუზიაზმით ავევსეთ. საერთოდაც, ვფიქრობ, რომ აქ მოცულობა კი არ იყო მთავარი, არამედ მიწოდების ფორმა.

„ეს თქვენ აუცილებლად უნდა გქონდეთ წაკითხული!” – შემპარავი კატეგორიულობით ნათქვამი ფრაზა თავიდანვე გამაღიზიანებლად ჟღერდა. მახსოვს, ჩემ წინ მჯდომი კლასელი მომიბრუნდა და გაოცებულმა მიჩურჩულა:

– რატომ აუცილებლად?

– მე რა ვიცი.

– ეეე, რიჟა ბაზარია. ეგერ, გუჯას არც გაუგონია „მაკბეტი”, მაგრამ „პიცოტიც” დაირტყა და მაგარ ნაშებსაც კერავს!

– კაი ახლა, შენც ნუ გაფარშივდები, სად შექსპირი და სად გუჯა, მანქანების ბარიგა!

მაგრამ მერე რომ დავუკვირდი, არ იყო ჩემი კლასელის ეჭვი მთლად უსაფუძვლო. რასაც სკოლაში გასწავლიან, წესიერად ის ვერ გამოგიყენებია კაცს და კლასგარეშე ლიტერატურაზე რატომღა უნდა დაიხარჯო?! ხომ შეიძლება, ის დრო, ნანატრი არდადეგები, უფრო სასიამოვნო რამეებს მიუძღვნა? წერა-კითხვა სკოლაშიც გეყოფა, მაშინ, როცა გაკვეთილები გაქვს მოსამზადებელი და ნიშნებს გიწერენ. როცა არავინ არაფერს გთხოვს და ვერც მასწავლებელი გიხსნის, რატომ არის აუცილებელი ამ წიგნების წაკითხვა – დაჯექი და დაისვენე!

მაგრამ არსებობს ერთი მაცდუნებელი მომენტი!

მესამე დღეს მეზობელი ბიჭი, ვისთან ერთადაც საღამოობით ფეხბურთს ვთამაშობდი, მესტუმრა და ოთხად გაკეცილი ქაღალდის ფურცელი გამომიწოდა – ბებიაშენს მაგარი ბიბლიოთეკა ჰქონდა, ამ წიგნს ვეძებ და იქნებ მიპოვოო.

– ფილიპ სუპო, „ნიკ კარტერის სიკვდილი”, – ეწერა ქაღალდზე.

– რა ჩემ ფეხებად გინდა! – ცოტა გავბრაზდი და შემშურდა კიდეც, ამ სახელისა და სათაურისთვის ყურიც რომ არ მომეკრა.

– მაინტერესებს, – მისმა მშვიდმა პასუხმა წონასწორობა დამაკარგვინა. ვცდილობდი, სიბრაზე არ შემტყობოდა, მაგრამ შურმა, ეტყობა, მაინც თავისი გაიტანა და ისე ვუპასუხე, რომ ბიბლიოთეკისკენ არც გამიხედავს:

– არ გვაქვს ეგ სუპოა თუ ბორში!

გაბრუნდა და წავიდა. მთელი დღე ვერ მოვისვენე, დავწრიალებდი, ოთახიდან ოთახში დავდიოდი, ეს ფიქრი და ჩემი სულელური საქციელი ვერ ამოვიგდე თავიდან. ბოლოს ვეღარ მოვითმინე და შინ მივაკითხე ჩემს მეზობელს.

– გადაგიარა ფსიქოზმა? – მკითხა ღიმილით, კარი რომ მიხურა და ჩამოვსხედით, – რა განერვიულებდა, ბიჭო, წიგნი გთხოვე.

– ძმას ვფიცავარ, არ მქონდა ეგ წიგნი.

– მივხვდი, რომ არ გქონდა, – მერე წამოდგა, საწერ მაგიდასთან მივიდა, უჯრა გამოაღო და ჟურნალი მომაჩეჩა, – აქ ერთი ძალიან მაგარი ტიპის, თომას ვულფის ჩანაწერებია, სასწაულ რამეებს ამბობს. ეგეთი გულწრფელობა და სინაღდე რომ მოგვცა ჩვენ… იმ დღეს ლამარა თამაზოვნამ მოიტანა უშველებელი ლისტი, ესა და ის წიგნები წაიკითხეთ არდადეგებზეო…

– კი, ჩვენთანაც იყო.

– საყვარელი ქალია, პატივს ვცემ და ჩავიწერე მაინც. გავბრაზდი, გავმწარდი, მაგრამ მაინც ჩავიწერე. მერე სადღაც მეგდო, რვეულებში. გუშინ საღამოს, „იუვენტუსმა” რომ პენალტებით წააგო ლიგის ფინალი, ვერ დავიძინე, ეს თომას ვულფი კაი ვინმე ჩანს და ბარემ წავიკითხავ-მეთქი. ვკითხულობ, ვკითხულობ და შუა ჩანაწერებში სია არ გაიჩითა? „თანამედროვე ახალგაზრდის ბიბლიოთეკა” – ასე ჰქვია და ის წიგნებია ჩამოთვლილი, რაც ვულფს ჩვენთვის ემეტება წასაკითხად: პლატონის „ფედონი”, გოეთეს „მოგზაურობა იტალიაში”, დოსტოევსკის „იდიოტი”, ჰეროდოტეს „ქრონიკები”, კლაისტის „პენტესილეა”, პოს მოთხრობები, იბსენის „პერ გიუნტი”, ზოლას „ჟერმინალი”, ჰარდის პოემები, შექსპირის „ჰამლეტი”, ჯოისის „ულისე”, ბალზაკის „შაგრენის ტყავი”, გოეთეს „ფაუსტი”, სტრეჩის „დედოფალი ვიქტორია”, სუინბერნის ლექსები და ბალადები, სტრინდბერგის „მამა”, როლანის „ჟან კრისტოფი”, რაბლეს „გარგანტუას ისტორია”, ფრანსის „პინგვინთა კუნძული”, რიდის „მონასტერი და მშობლიური კერა”, ბაირონის „დონ ჟუანი”, გოლსუორსის „მესაკუთრე”, ფილიპ სუპოს „ნიკ კარტერის სიკვდილი”, შპენგლერის „ევროპის დაისი”, ჰაინეს ლირიკა, ძმები გრიმების ზღაპრები, თომას მანის „ბუდენბროკები”, კნუტ ჰამსუნის „შიმშილი”, გეორგ კაიზერის „ოქტომბრის დღეს”.

– ვააა…

– იცი, რა დამემართა?! რო ჩავხედე, თომას ვულფისა და ლამარა თამაზოვნას სიები, ოთხმოცი პროცენტი, ერთი ერთში ემთხვეოდა! გავგიჟდი კინაღამ, თან უეჭველი მჯერა, ვულფი კი არა, მაქსიმუმ მარკ ტვენი ჰქონდეს წაკითხული ამერიკელებიდან…

დაბნეული და გაოცებული ვუსმენდი.

– შენთანაც მაგიტო გადმოვედი, ვინც ლამარა თამაზოვნას არ უწერია, ეგებ ჰქონდეს-მეთქი…

…დიდი ხანი გავიდა მას შემდეგ, მრავალი წელი და არდადეგებზე წაკითხული წიგნი გადაიფურცლა. გუჯას მალევე ჩაუწვა ბიზნესი და მოუწია ნალოლიავები „პიცოტის” ბაზრობაზე გაყვანა. ამას წინათ კი, ახლობლის გასვენებაზე ერთი დღით ჩასული, ჩემი ძველი მეზობლის გვერდით აღმოვჩნდი, ერთმანეთი მოვიკითხეთ და უცებ მეუბნება:

– შენ ხო გახსოვს, ლამარა თამაზოვნამ რო სამიანი გამომაყოლა ბოლო წელს?! გუშინ მივადექი, მაგ ამბიდან ათი წლის თავზე. მასწ, ატესტატი ხო გამიფუჭეთ, მარა ნიძლავს დაგიდებთ, თქვენი მოწაფეებიდან ჯოისის „ულისე” თავიდან ბოლომდე მარტო მე მაქვს წაკითხული-მეთქი. გულიანად გაეცინა. შემეცოდა, ძაან მოტეხილა საწყალი…

იხილეთ ოროგინალი

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური