GE

ასეთ მასწავლებელზე ოცნებობენ ბავშვები

მეგი კავთუაშვილი

პირველად შედიოდა გაკვეთილზე, მეორე კლასელებისთვის მათემატიკა უნდა ესწავლებინა.

მასწავლებლობა 23 წლის ეკონომისტის ახალი წამოწყება იყო. სტუდენტობისას ჰიპ-ჰოპს ცეკვავდა. ზაფხულობით სამ თვეს თურქეთის 5***** სასტუმროში მოცეკვავედ მუშაობდა. შემოსავალი არ აკლდა. Youtube-ზე ატვირთული ვიდეოებით პოპულარობაც მოიპოვა. მშობლიური ქალაქის ქუჩებში პლასტიკით, დრედებით და ზურგჩანთით ცნობდნენ. ჩანთით ტკბილეული და დედის დამცხვარი შაქარლამა დაქონდა – ქუჩაში მცხოვრებ ბავშვებს და მიუსაფარ მოხუცებს ურიგებდა.

სკოლასთან კონტაქტი არასოდეს გაუწყვეტია – დედა დაწყებითებს  ასწავლიდა. წელიწადში ორჯერ ზეიმების მუსიკალურ გაფორმებაში და ქორეოგრაფიაში ეხმარებოდა. ბავშვებთან ურთიერთობა ენერგიით ავსებდა. გრძნობდა, რომ ისინი იყვნენ თავდაპირველი სახის ადამიანები; სუფთები, გულწრფელები, მოურიდებლები, ნამდვილები, ლაღები, მხიარულები, ცნობისმოყვარეები, ენერგიულები; ლიდერები და ჩაკეტილები.  იყვნენ ისეთები, როგორებიც დაიბადნენ –  სიყალბისგან, მლიქვნელობისგან, ეჭვისგან თავისუფლები. ნელ-ნელა მიხვდა, რომ პატარა ინდივიდებთან ურთიერთობა მისი ინტერესის სფერო იყო, უფრო ღირებული, ვიდრე უბრალოდ ჰობი.

მათემატიკის მასწავლებლობა რომ უნდოდა პირველად დედას გაუმხილა – ფიქრობდა ისეთი მასწავლებელი იქნებოდა, როგორიც თვითონ უნდოდა ყოლოდა. რომელიც აუხსნიდა, რომ ყულაბაში მოგროვილი ფულის განაწილებიდან ცათამბჯენების მშენებლობამდე, ყველაფერი მათემატიკაა. რომ მათემატიკური აზროვნება განსაზღვრავს დროის, ფულის და ენერგიის განაწილების უნარს…

– “მასწავლებელი დრედებით?” – გაიცინა დედამ. “- ვინ მიგიღებს ბიჭო?!”

დაჯდა და დაიწყო – დაწერა გეგმა, მოიმარაგა წიგნები, გაიარა ტრენინგი, ჩააბარა გამოცდა. ტკბილეულიან ზურგჩანთაში ეკონომიკური განათლების დიპლომი, მასწავლებლის სერთიფიკატი,  ამობეჭდილი რეზიუმეები და სამოტივაციო წერილები ჩაიწყო. შემზარავი კულულები, ყოველი შემთხვევისთვის, სულ ცოტათი შეიმოკლა. მოიარა სკოლები. ოცზე მეტ დირექტორს შეხვდა. ატყობდა დროც კი ენანებოდათ მასთან სასაუბროდ.

“-არ დანებდე დე, სკოლას ჭირდება შენნაირი ბიჭები”- ყოველ საღამოს აგულიანებდა დედა და მეორე დღისთვის წასაღებ შაქარლამებს უმზადებდა.

ის დღეც დადგა, ხანში ახლად შესული დირექტორი აღტაცებით რომ შეხვდა მასწავლებლობის მსურველ უცნაურ ახალბედას. იმ დღეს და კიდევ ერთი კვირა სამასწავლებლოს ძველმოდურ დივანზე ჩამომჯდარს, ინტერესით ათვალიერებდნენ კოლეგები.

პირველად რომ დადგა ოცი მეორე კლასელის წინ, გაიხსენა თვითონ რას ისურვებდა ბავშვობაში..

“-ბავშვებო, შეგიძლიათ მათემატიკის გაკვეთილზე ხელები მერხებზე არ დააწყოთ. როცა გამართულად ჯდომით დაიღლებით, წამოდექით და 3-3 ბუქნი გააკეთეთ!” – ომახიანად შესძახა პატარებს გაცნობის შემდეგ.

ციცინათელებმა გაიღვიძეს ბავშვების თვალებში.  თითქოს ჰაერი გამოცვალესო, თითქოს დიდი ხანი იყო რაც ერთმანეთს იცნობდნენ. იგრძნო, რომ ბავშვების სასურველ ფორმატს მოერგო. პატარა ინდივიდები მზად იყვნენ მასთან თანამშრომლობისთვის, მზად იყვნენ სიახლეების მისაღებად.

მეორე დღეს ბავშვები სულმოთქმელად ელოდნენ მათემატიკის გაკვეთილს. არც იმ დღეს და არც მას მერე მათი საკლასო ოთახიდან ბუზის გაფრენის ხმა არ ისმოდა. დიდად ვერ გაარჩევდით მასწავლებელი უფრო მხიარულობდა თუ მოსწავლეები, მაგრამ ამ საქმიანი აურზაურის უკლებლივ ყველა მონაწილეს ყველა საგანზე მეტად უყვარდა მათემატიკა.

დაურიგებდა ბავშვებს ბარათებზე საკუთარი ხელით დაწერილ  ორნიშნა რიცხვებს და მაგალითებს.

– ჩემგან მარჯვნივ დადექით ისინი, ვისაც გიჭირავთ 20-ზე მეტი რიცხვი, მარცხნივ რომლებსაც 20-ზე ნაკლები.”

“-ფეხზე ადექით ვისაც ლუწი რიცხვები გიჭირავთ”

“-მაღლა აწიეთ ის რიცხვები რომელთა განახევრებაც შეიძლება”

“- ვისი ტოლობის პასუხიც არის 60 ადგილზე დაბზრიალდეს! ვისიც 56 – იმღეროს ! ვისიც 20 -ზე ნაკლებია დაჯდეს! ვისიც 30-ზე მეტია ახტეს! ”

სხვა მასწავლებლები ჩიოდნენ, მათემატიკის შემდეგ გაკვეთილს ვეღარ ვატარებთო. კლასი ისეთი აჟიტირებულია , ნახევარი საათი მათ დამშვიდებას ვუნდებითო.

სასჯელიც კი არც ერთი ბავშვისთვის არ იყო მოსაწყენი. “თოკა, შენი უფლებების გადაჭარბებისთვის 10 “აზიდვით” დაისჯები! სპორტი სისხლის მიმოქცევას აუმჯობესებს” – ეტყოდა მასწავლებელი წესრიგის დამრღვევს და იატაკზე გაწოლილი “დასჯილიც” მთელი ტანით ირწეოდა ზევით-ქვევით.

იმ წელს 100-ის ფარგლებში შეკრება-გამოკლება, ამოცანის პირობის შედგენა და გამრავლების ტაბულა წარმატებით,  მხიარულად გადააგორეს. კლასის მოსწრებამ მასწავლებელი, დირექტორი და მშობლები ერთნაირად გააოცა. ბავშვებმა სრულყოფილად იცოდნენ პროგრამა.

მომავალ წელს ყველაზე მოთხოვნადი მასწავლებელი გახდა. დირექტორი დღითიდღე გრძნობდა, რომ ექსპერიმენტმა გაამართლა.

მზად ხარ უფროსკლასელებთანაც სცადო? – გამომცდელად ჰკითხა ერთ დღეს. 

ჩაფიქრდა. – უკვე გაზრდილებთან? რატომაც არა!

უკვე გაზრდილებთან ურთიერთობას დიდი სირთულე ახლდა. უფროსკლასელების უმრავლესობას არც მასწავლებელი უყვარდა, არც – მეცადინეობა. სწავლობდნენ ნიშნისთვის, გამოცდისთვის, მაგრამ არა საკუთარი თავისთვის.

სწრაფად უნდა ემოქმედა. სასწავლო გეგმა მოცდის დროს არ იძლეოდა.

გაკვეთილების შემდეგ ბოლო მერხთან ჩამოჯდა და შეეცადა მოსწავლის თვალით დაენახა საგაკვეთილო სივრცე. პირველად დაფის სიახლოვეს მდგარ მასწავლებლის მაგიდას დაადგა თვალი. მერე სამ ზოლად ჩამწკრივებულ მერხებს გადახედა. რა მოსაწყენია 12 წელი მერხებს შორის მოსიარულე მასწავლებელს და დაფასთან დაყუდებულ თანატოლებს რომ უყურებ”– მოიქექა გასანთლული დრედები. ზედმეტად სტერეოტიპული და უინტერესო ეჩვენა ოთახი. არაფორმალური გარემო მჭირდებაო – დაუმატა ფიქრებს. მერხებს ჩამოუარა, სათითაოდ კედლების გასწვრივ ჩამოარიგა, სახით ერთმანეთისთვის რომ ეყურებინათ ბავშვებს. თავისი მაგიდაც  მათ შორის ჩადგა, როგორც ერთი რიგითი მოსწავლის ადგილი.

ასე აჯობებს, ერთმანეთთან კონტაქტი გაუადვილდებათ, შიდა თავისუფალი სივრცე საშუალებას მისცემთ დაგროვილი ცოდნის საზოგადოების წინაშე გამოვლენა ისწავლონ. ბოლოს და ბოლოს  ზურგიდან თავს არავინ არავის ესხმის.” – ფიქრობდა თავისთვის.

მეორე დღეს სასიამოვნოდ გაოცებულ გოგო-ბიჭებს სუფთა ფურცლის ნაკუწები დაურიგა და სთხოვა:

“- ვისაც უკვე გიფიქრიათ, დაწერეთ რომელი პროფესიის არჩევას  გეგმავთ და გეტყვით გჭირდებათ თუ არა მათემატიკა. 1 წუთში ავაგროვებ ფურცლებს.”

დიზაინერი – დაწერა კესომ.

კაბის ღირებულებას ვარ დაითვლი, ზომებს სწორად ვერ აიღებ, თარგსაც ვერ აჭრი მათემატიკის გარეშე. კლიენტი ტანსაცმელს ვერ მოირგებს და სხვა დროს აღარ მოვა შენ სალონში. 

ფეხბურთელი – დაწერა ზუკამ.

ბურთი მრგვალია. მოედანი მართკუთხედი. გეომეტრიაა ხედავ? რამდენი მატჩი მოიგე, რამდენი ფრედ დაამთავრე, რამდენი წააგე, რომელ ადგილზე ხარ ფიფას რეიტინგში, რამდენი გოლი გაკლია რომ დაწინაურდე, ვერაფერს გათვლი მათემატიკის გარეშე. 

ბიზნესმენი – დაწერა დაჩიმ.

თუ ვერ გათვალე რამდენი თანამშრომელი გჭირდება, თუ ვერ გაანაწილე რამდენი ფული დახარჯო, რამდენი გასცე ხელფასი, რამდენი ბიზნესში ჩააბრუნო, რამდენი სახელმწიფოს გადაუხადო, გაუჭირდება შენ კომპანიას. საწყისი კაპიტალიც რომ გქონდეს, ფულს ფული უნდა აშოვნინო ხომ იცი. 

ექიმი – დაწერა ნინამ.

შეიძლება იმაზე მეტი ან ნაკლები წამალი დაუნიშნო პაციენტს ვიდრე ჭირდება.

თარჯიმანი  – დაწერა ანდრიამ.

ვერასოდეს გადათარგმნი სინქრონულად თუ არ გეცოდინება წუთში რამდენი სიტყვის თქმის შესაძლებლობა გაქვს.

დიასახლისი – იხუმრა თეკლამ.

სწორად ვერ გაანაწილებ ოჯახის ბიუჯეტს, რამდენი ფულიც გინდა მოგაბარონ არ გეყოფა და ოჯახის წევრები სულ უკმაყოფილონი იქნებიან.

ფერმერი – დაწერა თოკამ.

ვერ გააკეთებ ბიზნეს გეგმას, ვერ მიიღებ საჭირო სესხს. ვერ დაითვლი რამდენ სულ საქონელს რამდენი საჭმელი ჭირდება, რამდენ კგ. ხორცს მოგცემს, ან რა პერიოდში რამდენი ნამატი გექნება ფერმაში. 

პიარმენეჯერი – დაწერა ნიცამ.

წარუმატებლად დაგეგმავ ღონისძიებას თუ ვერ დაამთხვევ სტუმრების და ადგილების რაოდენობას, თუ ვერ გაანაწილებ ბიუჯეტს სარეკლამო ბანერზე, ტრანსპორტირებაზე, სასტუმროში განთავსებაზე და ა.შ. 

მშენებელი – დაწერა ლაზარემ.

თუ არ გეცოდინება რამდენი ცემენტი, ქვიშა, ბეტონი, აგური, არმატურა დაგჭირდება, შენი აშენებული სახლი ვერ იქნება მყარი. როგორ აპირებ იანგარიშო მშენებლობის ღირებულება? როგორ გაიგებ რა ფასად უნდა გაყიდო 1 კვ.მ ფართი?

არქიტექტორი – დაწერა იოანემ.

მათემატიკის გარეშე მარტივ მონახაზსაც ვერ გააკეთებ, არათუ სართულიანობას და სივრცის სწორად განაწილებას შეძლებ.

– მოცეკვავე – დაწერა კატომ.

მერწმუნე დათვლის გარეშე ცეკვა არ ისწავლება. მუსიკის ტემპი, ტანის, ხელის, ფეხის მოძრაობა თუ ერთმანეთს არ ემთხვევა, ვერ იქნები კარგი მოცეკვავე. ცეკვა მაინც ვიცი, არქიტექტორი თუ არ ვარ.  ჰიპ-ჰოპის ელასტიური ილეთების თანხლებით დაასრულა გამოკითვა.

…..

იმ საღამოს თიკა, ლიკა, ნუკა, ნიცა, კესო, ტასო, თეკლა, მარიტა, ნინა, კატო, დაჩი, ანდრია, ზუკა, ლუკა, თოკა, გიო, საბა, გაბრიელი, ლაზარე და იოანე ძილის წინ მხოლოდ ერთ რამეზე ფიქრობდნენ – რა კაი ტიპია ეს ბიჭი და რა კარგია, რო მე მასწავლის. რამდენ რამეში მჭირდება ისე მართლა მათემატიკა..”

თანდათან ყველაფერი აეწყო. დინამიური გაკვეთილები დიალოგის, კამათის რეჟიმში მიდიოდა. – მე აქ ვარ იმიტომ რომ დაგეხმაროთ ყველაფერში. არ მომეშვათ სანამ ბოლომდე არ გაიგებთ მასალას”.

დრო სწრაფად და ეფექტურად გადიოდა.

-“თუ რამე არ მოგწონთ მომეცით შენიშვნა. მე ღმერთი არ ვარ და შეიძლება რამე შემეშალოს” – ხშირ-ხშირად იმეორებდა ახალგაზრდა მასწავლებელი.

-“ყველა მხრიდან განვიხილოთ ანდრიას ნამუშევარი!  ანდრია მოამზადე არგუმენტები! ვინ გააკრიტიკებს და ვინ დაიცავს ნაშრომს?”

….

გაკვეთილების შემდეგ – როცა შეყვარებულს არ ხვდებოდა;  – მოგვიანებით, როცა ოჯახში არ მიეჩქარებოდა; – უფრო მოგვიანებით, როცა შვილთან ბაღში არ აგვიანდებოდა;  მოსწავლეებთან ერთად ცოტა ხნით რჩებოდა სკოლაში. ლაპარაკობდნენ ყველაფერზე, რაც გაკვეთილზე ვერ მოასწრეს და რაც მათემატიკასთან კავშირში არ იყო.

სადამრიგებლო რომ აიყვანა, ასე ეგონა 25 შვილი ერთად შეეძინა. პირველივე მშობელთა კრებაზე დედებთან ერთად მამებიც იხმო, თანამშრომლობა სთხოვა.

“აქ მხოლოდ საგნებს არ ვასწავლით, აქ ყალიბდებიან პიროვნებებად. ამიტომ სკოლასთან ურთიერთობა უნდა გასცდეს სავალდებულოს ფორმატს და  გადავიდეს ყოველდღიური, სასიამოვნო, ხალისიანი ურთიერთობის რეჟიმში. წინ გარდატეხის ასაკი გვაქვს. ნებისმიერ სირთულეს ადვილად გადავლახავთ თუ ერთად ვიქნებით. უდიდესი მნიშვნელობა აქვს, სახლში და სკოლაში ერთ ენაზე ვესაუბროთ ბავშვებს. ნუ, გააგონებთ, ისეთ ფრაზებს როგორებიცაა “მე რო ვისწავლე, რა აზრი ქონდა, მთელი დღე ვტაქსაობ”, “დედაშენმა რომ ისწავლა, იმიტომ ვერ უვლის მოხუცს საბერძნეთში?”, “თუ არ ისწავლი მეეზოვე გამოხვალ” და ა.შ.  დამეხმარეთ, რომ გავუჩინოთ დადებითი მოტივაცია. გაბრაზებულ გულზე შვილების დასასჯელად ნუ გამოიყენებთ ფრაზებს “დაჯექი, იმეცადინე!”, “აიღე, წიგნი წაიკითხე!” უფრო ფრთხილად, პოზიტიურად მიუდექით საშინაო დავალების მომზადების საკითხს. იყავით კრიტიკულები ჩემს მიმართ! მომაწოდეთ იდეები! დამისვით შეკითხვები! მოითხოვეთ გამართული სწავლა-სწავლების პროცესი! ერთად ვაჩვენოთ და ვასწავლოთ ბავშვებს იმაზე მეტი, ვიდრე ამ შენობის ფანჯრებიდან ჩანს, ვიდრე სასკოლო პროგრამით და რეჟიმით არის განსაზღვრული. მე ხშირად შეგაწუხებთ. მიიღეთ ეს გამოწვევა, როგორც დასახულ მიზნამდე მისასვლელი გზა.”

სადღესასწაულო დღეებში ბავშვები ახალგაზრდა მასწავლებელთან ერთად  დადიოდნენ სკოლასთან ახლოს მდებარე მოხუცებულთა თავშესაფარში – ახალ ამბებს უკითხავდნენ, ესაუბრებოდნენ, ჭადრაკს და ნარდს ეთამაშებოდნენ შვილებს და შვილიშვილებს მონატრებულ პაპა-ბებიებს.

წელიწადში ორჯერ ტკბილეულს, სურსათს, ტანსაცმელსა და სათამაშოებს აგროვებდნენ. სოციალურად დაუცველ ბავშვიან ოჯახებს სტუმრობდნენ და მათი სიხარულით დამუხტულები უბრუნდებოდნენ მერხებს.

ის პატარა ბიჭი, მათემატიკას რომ ასწავლიდა, მოკლე ხანში გადაიქცა მეგობრად, ფსიქოლოგად, დამრიგებლად. უფრო მოგვიანებით მოსწავლეების შვილების მასწავლებლად, იმათ მეგობრად და დამრიგებლად.

დრედები აღარ ქონდა, მაგრამ გრძელ თმას, კიკინას, წვერს და ბევრ ჯიბიან ჯინსებს ვერ შეელია.

2056 წელს სამოცს გადაცილებულმა მასწავლებელმა ზურგჩანთაში შვილიშვილის გამომცხვარი შაქარლამები ჩააწყო. მერე კომპიუტერი ჩართო, პირადი ჩანაწერების გვერდი გახსნა და დაბეჭდა:

იმ დღის შემდეგ პირველად რომ დავდექი ოცი მეორეკლასელის წინ 40 წელი გავიდა. ამ დროის განმავლობაში სამ მიზანს მივაღწიე :

  • ჩემს მოსწავლეებს აღარ სძულთ სწავლის პროცესი, აქვთ მიზანი და ნაბიჯ-ნაბიჯ ხალისიანად მიიწევენ დამოუკიდებელი ცხოვრებისკენ.
  • ჩემი მოსწავლეები დიდხანს რჩებიან ნამდვილ ადამიანებად, სიყალბისგან, მლიქვნელობისგან თავისუფალ ადამიანებად.
  • მათ შეუძლიათ გაიზიარონ უცნობი ადამიანების ტკივილი და შეცვალონ სხვისი   ცხოვრება უკეთესობისკენ.    

მომწონს ჩემი პროფესია. ყოველთვის ხომ არ გეძლევა შანსი, პატარა წვლილი შეიტანო საზოგადოების პოზიტიურ ფორმირებაში.”

2056 წელი

ლუკა მასწავლებელი 

რატომ მიმართავენ მშობლები შვილის პედაგოგს „მასწავლებელო-თი“?

“მე რომ სკოლის მასწავლებელი ვიყო არ წავიდოდი მე-12 კლასელების ბანკეტზე”..

იხილეთ ორიგინალი

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური