GE

აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის დაფინანსებით გორის მე-4 საჯარო სკოლაში ინფრასტრუქტურული პროექტები განხორციელდა

გორის მე-4 საჯარო სკოლაში ინფრასტრუქტურული პროექტები განხორციელდა, რომელიც აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის ევროპული სარდლობის მიერ დაფინანსდა და აშშ-ის საელჩოს თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის სამსახურის მიერ განხორციელდა. დღეს პროექტის პრეზენტაცია გაიმართა, რომელსაც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე, თავდაცვის მინისტრის მოადგილე ანა დოლიძე, აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ნიკოლას ბერლინერი და სხვა საპატიო სტუმრები ესწრებოდნენ.
პროექტის ფარგლებში გორის მე-4 საჯარო სკოლაში რეაბილიტირდა სპორტული დარბაზი, შეიღება დერეფნები, გაკეთდა პანდუსი სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებოსათვის, შემოიღობა სკოლის შიდა ეზო.

განათლების სამინისტროს ცნობით, პროექტის ფარგლებში, საქართველოში ჩამოვიდნენ აშშ-ის საჰაერო ძალების 435-ე ქვედანაყოფის 7 ინჟინერი და 457-ე სამოქალაქო ურთიერთობების ბატალიონის სამი ოფიცერი, რომლებიც საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საინჟინრო ბრიგადის 12 ინჟინერთან ერთად, უშუალოდ ასრულებდნენ სარემონტო სამუშაოებს.

გორის მე-4 საჯარო სკოლაში ინფრასტრუქტურული პროექტები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინიტრომაც განახორციელა. კერძოდ: მოხდა სახურავის დაზიანებული ნაწილის რეაბილიტაცია, გაკეთდა სარინელი, გარე კარებები, სარდაფში ჩასასვლელი კიბის მოაჯირი, ასევე, დაგეგმილია ლიფტის მოწყობა და ამით დასრულდება სკოლის ადაპტირება. აღსანიშნავია, რომ სკოლას 6 ეტლით მოსარგებლე მოსწავლე ჰყავს, ჯამში კი, სკოლაში 28 სპეციალური საგანმანათელებლო საჭიროების მქონე მოზარდი სწავლობს. შესაბამისად, გორის მე-4 საჯარო სკოლაში ფუნქიონირებს რესურსოთახი და სკოლას ემსახურება ადაპტირებული ავტობუსი.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური