GE

ბედინეიშვილის თავისუფლების ფანტომი

Facebook-ის უკიდეგანო სიღრმეებში მოგზაურობისას წავაწყდი თავისუფალი უნივერსისტეტის ბიზნესის სკოლის დეკანის პირად გვერდს, რომელსაც ამშვენებს წარწერა ,,Путин Х…ло”.

ერთი მხრივ, ამ სრულიად ჩვეულებრივმა გამოხატვის თავისუფლების მაგალითმა, ხოლო, მეორე მხრივ, არც ისე ჩვეულებრივმა, თუ გავითვალისწინებთ დეკანის საზოგადოებრივ სტატუსს და მის საჯარო პერსონას, ცოტა დამაფიქრა. ერთ აზრს მეორე მოჰყვა და წარმოჩნდა საკითხები, ასევე ამ სლოგანის გამოქვეყნებასთან დაკავშირებული შედეგების გარკვეული წრე, რაც შეიძლება მოჰყვებოდეს ასეთი ტიპის საკუთარი საზოგადოებრივ-პოლიტიკური მრწამსის ღიად დაფიქსირებას. მოკლედ, ამ სტატიაში არაფერია პირადული – ზოგადად გამოვდივარ ხელთ არსებული ფაქტობრივი მოცემულობებიდან – საქართველოს ერთ-ერთი რეიტინგული უმაღლესი სასწავლებელი, ამ სასწავლებლის ერთ-ერთი პრესტიჟული მიმართულება, სასწავლო პროცესის წარმართვაზე პასუხისმგებელი პირი და სკოლის მთავარი სახე,  Facebook-ში  არსებული წარწერა.

თავიდანვე დაბეჯითებით ვთხოვდი წინამდებარე სტატიის მკითხველს რაიმე იარლიყი არ მომაკეროს, რაიმე ტიპის პოლიტიკურ თამაშებში, თუ რაიმე მესიჯების გაგზავნაში არ დამდოს ბრალი.

ამას გარდა, ამ სტატიაში Facebook-ში არსებული პოსტი არ იქნება განხილული არც საერთაშორისო ურთიერთობების ჭრილში და, ამ მხრივ, არც მისი ეთიკურობის შეფასების თვალსაზრისით, მით უმეტეს ჭკუის სწავლების მიზნით. პირადად დეკანსაც ვთხოვდი იგივეს –  საჯარო ფიგურის სტატუსის ტარების განუყოფელი ატრიბუტებია, როდესაც მისი ნებისმიერი ქმედება საზოგადოებაში განხილვის საგანი შესაძლებელია გახდეს.

პოსტის ნახვის შემდეგ წარმოვიდგინე რუსეთის, ევროპის, ჩრდილოეთ ამერიკის შესაბამისი უმაღლესი სასწავლებლის ბიზნეს სკოლის დეკანის Facebook-ის პირადი გვერდი, სადაც ასახული იქნებოდა, მაგალითისათვის, ტანსაცმლის ცნობილი აქსესუარის მღეჭავი საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი. თუმცა, ამ შემთხვევაში ბოლომდე გულწრფელი ვერ ვარ, როდესაც ვამბობ, რომ წარმოვიდგინე. უფრო სწორედ შევეცადე წარმოდგენას, მაგრამ არ გამომივიდა. მზად ვარ ვაღიარო მოცემული გარემოება საკუთარი შეზღუდული ფანტაზიის პრობლემად.

საერთოდ, ზოგადად საინტერესოა, რას შეიძლება ისახავდეს მიზნად ასეთი სტატუსის დაფიქსირება,  თუ რა თქმა უნდა, არ ხარ ხარკოვის ,,მეტალისტის“,  დონეცკის ,,შახტარის“ ან კიევის ,,დინამოს“ ფან-კლუბების ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში. სავარაუდოდ, საკუთარი მრწამსისა და მისწრაფების გამოხატვას, მიმდევრების რაოდენობის გაზრდას და ამ თემატიკის პოპულარიზაციას, მათ შორის, შენივე სტუდენტებში. პრინციპში, მხოლოდ გემოვნების საკითხია, თუ როგორ გამოხატავ საკუთარ სამოქალაქო პოზიციას. შეიძლება, ვინმესთვის აფხაზეთის და ოსეთის ფოტოსურათების დადება წარწერით ,,გვახსოვდეს“ უფრო ესთეტიკური იყოს. ჩემთვის ეს წარწერა კონკრეტული ადამიანის პოზიციის გამოხატულებაა, ძალიან კარგია, თუ მხოლოდ ერთი კონკრეტული არამეგობარი პიროვნებისადმი მიძღვნილია და არა ზოგადად ერის წინააღმდეგ, თუმცა ესეც ვარაუდია. ბუნებრივია, ასეთი გზავნილის გასაჯაროებით რა მიზნის მიღწევა გვსურს, ამ კითხვაზე სრულყოფილი პასუხი თავად ამ გზავნილის გამომგზავნს ექნება მხოლოდ.

მიუხედავად ამისა, ცოტა ყურის მომჭრელია, არ შემიძლია ვიყო თავისუფალი იმ აღქმისაგან, რომ ეს წარწერა გარკვეულწილად მარგინალური და ხულიგნურია, ამასთან ერთად კიჩია – მოჩვენებით თავისუფლებას ქმნის – ,,წინ ალმით ხელში ბარიკადებზე“ სტილში და ყოვლის დაშვებულობის პროპაგანდას ჰგავს, რომ არაფერი ვთქვათ მის არანორმატიული ლექსიკისადმი კუთვნილებაზე და იმაზე, რომ ქუჩის გრაფიტის ხელოვნებას უფრო მოუხდებოდა.

შესაძლებელია, ეს უბრალოდ სოლიდარობის გამომხატველია უკრაინელი ხალხის მიმართ. მაგრამ, ამასთან ერთად, მაინც მძიმე შეგრძნება რჩება, – არა ამ წარწერის გამო, არამედ იმისაგან, რომ ხმამაღალი შეძახილებით შემკული ეროვნული პატრიოტიზმი ყველაზე მარტივია პატრიოტულ გამოხატულებებს შორის. ის ძალისხმევას არ საჭიროებს, რადგან  დაბადებისთანავე კონკრეტული ეროვნებისადმი კუთვნილებით არის განპირობებული. ასევე, ჩვენი პრობლემების მთავარ წყაროდ ყოველთვის გარე ფაქტორების წინ წამოწევა, დამნაშავე პირების ძებნა ყველგან, გარდა საკუთარი თავისა. და კიდევ ერთი, ეს შეძახილი,  ისევე როგორც მის საფუძველზე აღმოცენებული ,,სიმღერა,“ საკმაოდ ემოციურია, მასობრივია და, შესაბამისად, მასობრივ აზროვნებაზე გარკვეული ზეგავლენის შექმნელია. გემოვნების საკითხია ამ შემთხვევაშიც, მაგრამ მგონია, ისევ მარტივი გზით მივდივართ, რაღაცა მუდმივი მასობრივი ფსიქოზის შექმნისკენ მიდრეკილება ეტყობა ძლიერია ჩვენში. მინდა განათლებას მივუბრუნდე. არ ჯობია ახალგაზრდებში არაემოციური ფუნდამენტი შევქმნათ, დეტალურად, ყოველდღიურად ავუხსნათ, ზოგს ვასწავლოთ, ხოლო ზოგს შევახსენოთ ჩვენი დროებით დაკარგული ტერიტორიები? ეს წარწერა დროში დაიკარგება, ხოლო ამასობაში ჩვენც დროს ვკარგავთ და ასე ადვილად მისაღწევ არაღირებულ სუბლიმაციურ ემოციებს ვქმნით.

კიდევ ერთი გარემოებაა, სულ ცოტა ირონიული, მაგრამ მაინც. პლაგიატში რომ დაგვდონ ბრალი და საავტორო უფლებების დარღვევაში რომ დაგვადანაშაულონ? ამ შემოქმედებითმა ქართველმა ერმა ჩვენს ჩრდილოელ მეზობელთან ორასწლიანი თანაარსებობის პერიოდში, რამე ჩვენებური შეურაცხმყოფელი მეტსახელი ან სიმღერა როგორ ვერ შევქმენით. სად არის კრეატიულობა, სამხრეთული შემართება? თუ ნაკლები პრობლემა გვაქვს ამ მეზობელთან ვიდრე უკრაინელ ხალხს? სიმართლე რომ გითხრათ, პარადოქსალური მოვლენაა ეს პირადად ჩემთვის. ამიტომ მგონია, ცოტა არარელევანტურია ეს სლოგანი, ზედაპირული და იაფფასიანია, ისევ თვალებს გვახუჭინებს საკუთარ პრობლემებზე. იქნებ საქმე იმაშია, რომ არ გვინდა უფრო სიღრმისეული მიდგომა გვქონდეს, უფრო ბევრი ვასწავლოთ, ძირეულად ჩავუნერგოთ სამშობლოსადმი სიყვარული ახალგაზრდობას, რომ არ იყვნენ უცენზურო ლექსიკისა და ჰამელნელი ვირთხიჭერიების სტვირების ტყვეობაში, თავად გადაწყვიტონ სიყვარულის-სიძულვილის საკითხები და თავად ჩამოყალიბდნენ ამ გრძნობების გამოხატვის მიმართულებასა და ტერმინოლოგიაზე? ხომ არ გვეშინია ახალგაზრდობის დამოუკიდებელი აზროვნების და იმ სოლიდარობისა, რაც გამოჩნდა თუნდაც თბილისის ზოოპარკთან დაკავშირებით?

სხვათა შორის, საინტერესო იქნებოდა სტუდენტების მოსაზრება ამ ფოტოსთან დაკავშირებით, იმედი მაქვს, დიდ ყურადღებას არ აქცევენ, იქცევიან როგორ თანამედროვე ახალგაზრდები მთელ მსოფლიოში, ცდილობენ მაქსიმალური განათლების მიღებას და გართობას თავისი ასაკიდან გამომდინარე.  უფრო შორს გავიჭრები და კითხვას დავსვამ, კი წარმატებული უნივერსიტეტია, მაგრამ ამდენად არ არის დაინტერესული უცხო ქვეყნების სტუდენტების მოზიდვით, თუ უნივერსიტეტის საერთაშორისო მიმართულება მხოლოდ მკაფიოდ გამოხატული საგარეო ორიენტაციის მქონე ქვეყნების სტუდენტებით შემოიფარგლება?  დავფიქრებულვართ რა რეაქცია ექნება თავისუფალ უნივერსისტეტში სწავლების მსურველ ახალგაზრდას და მის ოჯახს, წესით სრულიად არაპოლიტიზირებული ბიზნეს სკოლის დეკანის ასეთ უშუალობაზე?

სრული მომხრე ვარ გამოხატვის თავისუფლების, უბრალოდ, როდესაც ვართ საჯარო პერსონები და, შესაბამისად, საზოგადოებრივ ცნობიერებაზე გარკვეული ზეგავლენის მოხდენის უფრო ბევრი ბერკეტი გვაქვს ხელში, და გადავწყვეტთ საჯარო სივრცეში თუნდაც თეთრი დათვის ტყავში, თუ შოტლანდიურ კილტში გამოჩენას, არ გვეწყინოს ამ მოვლენების საჯარო განხილვა.

ავტორი: დავით ჯაფარიძე

იხილეთ ავტორის სხვა სტატია:

„ისტორიის საგამოცდო ტესტები თამაში რა? სად? როდის? არ არის!“

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური