GE

ცვლის თუ არა კურსს “თავისუფალი უნივერსიტეტი ” და რა განცხადება გაკეთდება იანვრის ბოლოს?

“თავისუფალი” და “აგრარული” უნივერსიტეტის სამომავლო გეგმებთან, ახალ ხელმძღვანელ პირებთან და განვითარების სტრატეგიებთან დაკავშირებით მედიასა და საზოგადოებაში უამრავი კითხვა ჩნდება. სხვადასხვა მედია საშუალებებით დაიწერა, რომ უნივერსიტეტი კურსს იცვლის და ამის გამო მას კახა ბენდუქიძის იდეების გამტარებლები ტოვებენ.

უნივერსიტეტის ფინანსურმა მენეჯერმა ირაკლი აფხაძემ სოციალური ქსელით ვრცელი სტატუსიც გამოაქვეყნა და ახალი სამსახურისთვის მზაობა გამოაცხადა. თუმცა დღეს Aris.ge- განათლებასთან დეტალებზე საუბრისგან თავი შეიკავა.

დამატებით დეტალებზე აღარ საუბრობს უნივერსიტეტის კიდევ ერთი თანამშრომელი ნათია სამუშია. მიუხედვად იმისა, რომ რამდენიმე დღის წინ სამუშია სოციალურ ქსელში წერდა, რომ უნივერსიტეტიდან წავიდა დღეს Aris.ge-განათლებას უცხადებს, რომ 1 თვიან შვებულებაში იმყოფება. თუმცა კითხვაზე, რას აპირებს ერთი თვის შემდეგ, კომენტარს არ აკეთებს.

მედიასაშუალებებში დაიწერა ისიც, რომ “თავისუფალ უნივერსიტეტის” თანამშრომლებისთვის მიუღებელია კახა ბენდუქიძის დის, ნუნუ ბენდუქიძის მიერ წარდგენილი კადრი – რეზო ვაშაკიძე.

დეტალების დაზუსტების მიზნით, Aris.ge-განათლება უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს დაუკავშირდა. როგორც უნივერსიტეტში აცხადებენ, ყველა კითხვასთან დაკავშირებით პასუხის გასაცემად, იანვრის ბოლოს უნივერსიტეტის სახელით, ოფიციალური განცხადება გაკეთდება. რაც შეეხება რეზო ვაშაკიძის თანამდებობაზე ყოფნას ან მის წარდგენის ფაქტს, როგორც პრესამსახურში აბობენ, უნივერსიტეტების თანამშრომელთა შორის ასეთი სახელისა და გვარის პიროვნება ამ მომენტისთვის არ იძებნება.

“ამ ეტაპზე კახა ბენქუძის თანამდებობაზე არავინ არ არის დანიშნული. ანუ, სამეთვალყურეო საბჭოს არავინ ხელმძღვანელობს. კახა ბენდუქიძის სამართალმემკვიდრე კი მაისში გამოვლინდება. მისი გარდაცვალებიდან 6 თვის შემდეგ, რაც კანონით არის გაწერილი. დანარჩენ ყველა კითხვას კი პასუხი იანვრის ბოლოს გაეცემა,”- განუცხადეს Aris.ge-განათლებას უნივერსიტეტების საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში.

რაც შეეხება თანამშრომლების მიერ უნივერსიტეტების დატოვების ფაქტს, როგორც Aris.ge-განათლებას განუმარტეს, ჯერ უნივერსიტეტი არავის დაუტოვებია, თუმცა არ უარყოფენ, რომ რამდენიმე თანამშრომელი ერთთვიან შვებულებაში იმყოფება.

ეკა არის© წივწივაძე

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური