GE

„დაწყებით კლასებში საშინაო დავალების მიცემა უნდა აიკრძალოს“ – ადრეული ასაკის ბავშვის აღზრდის ექსპერტი

თუ გსურთ, რომ თქვენი შვილი/მოსწავლე დადგენილ წესებს მისდევდეს, არასდროს იქცეოდეს ეგოისტურად და არ ავლენდეს სიბრაზეს, მაშინ სჯობს ჰიზერ შუმეიკერის წიგნებს გვერდი აუაროთ. სპიკერი და ადრეული ასაკის ბავშვის აღზრდის ექსპერტი, შუმეიკერი, აცხადებს, რომ დაწყებით სკოლაში საშინაო დავალების მიცემა უნდა აიკრძალოს. ამ განცხადებამ ფართო გამოხმაურება ჰპოვა. საშინაო დავალების ეფექტიანობის საკითხი განხილულია მისივე ავტორობით გამოცემულ წიგნში, სახელწოდებით – „ზღვარზე სიარული ანუ არატრადიციული წესები თავდაჯერებული და შემოქმედებითი ბავშვების აღზრდისათვის“, რომელიც შუმეიკერის აღმზრდელობითი სერიის მეორე წიგნია.

შუმეიკერს მიაჩნია, რომ მშობლებმა არ უნდა დააძალონ ბავშვებს რაიმეს კეთება და პატივი უნდა სცენ ბავშვის ათვისების ინდივიდუალურ ტემპსა და სტილს, ნაცვლად იმისა, რომ წინასწარ განსაზღვრულ-განზოგადებული მოლოდინები დაისახონ და  ბავშვებს თავს მოახვიონ.  მისი მოსაზრება არ გულისხმობს აბსოლუტური თავისუფლების მინიჭებას. ექსპერტის არგუმენტები ღრმა და საფუძვლიან კვლევებს ეფუძვნება.

გთავაზობთ ინტერვიუს მიჩიგანის შტატში მოღვაწე ჰიზერ შუმეიკერთან.

 

Heather_Shumaker_TC_Author– თქვენს წიგნში აცხადებთ, რომ არსებული აღმზრდელობითი წიგნები და ის ცოდნა, რაც ჩვენ ბავშვთა აღზრდის შესახებ გვაქვს, მცდარია. კონკრეტულად რა არ ვიცით ბავშვობის ასაკის შესახებ?

– ინფორმაცია, რასაც აღმზრდელობით წიგნებში ვკითხულობთ, არ არის მცდარი, ჩვენ, საზოგადოება ვახდენთ მის არასწორ ინტერპრეტაციას. ჩემი წიგნი თავდაყირა აყენებს ტრადიციულ რჩევებს ბავშვთა აღზრდის თაობაზე.

ამ წიგნის კონცეფცია მდგომარეობს იმაში, რომ გამოვავლინოთ ბავშვის ცხოვრების სტრეს ფაქტორები და გავაანალიზოთ ზრდასრულთა მოლოდინების თანხვედრა ბავშვის ნორმალური განვითარების პროცესთან. იმ შემთხვევაში, თუ თანხვედრა სახეზე არ გვაქვს, სჯობს, მიზეზი ზრდასრულთა დამოკიდებულებაში ვეძებოთ და გადავაფასოთ იგი, ვიდრე ბავშვის შეცვლაზე დავიწყოთ ზრუნვა. ბავშვის ზრდა-განვითარება ფართო ცნებაა და ყოველთვის ერთნაირ ეტაპებს და ტემპს არ გულისხმობს. ჩვენი საზოგადოება ცდილობს ბავშვების ქცევის მოქცევას თვლად და გაზომვად ჭრილში, მათი ასაკისა და ეტაპის გათვალისწინებით. ხოლო, თუ რომელიმე მათგანი აღნიშნულ სტანდარტებში ვერ ჯდება, მაშინ გადამწყვეტ ზომებს ვიღებთ. მაგალითად, საბავშვო ბაღის მოსწავლემ, რომელიც არ არის მზად კითხვისათვის, ვუსახავთ მიზანს, მიაღწიოს განვითარების გარკვეულ დონეს, წინააღმდეგ შემთხვევაში,  ვახდენთ ჩარევას სპეცპროგრამით.

ეს ექსტრემალური მიდგომაა. ბევრი სკოლის პოლიტიკა ისეა აწყობილი, რომ თუ ბავშვი გარკვეულ გაზომვად მიზანს ვერ აღწევს, ეს მას ბრალდება. რეალურად კი, ბავშვს არ შეუძლია გააკონტროლოს ტვინის განვითარება. ეს თანდათან, დროთა განმავლობაში და სწორი სწავლების პროცესში ხდება.

– საიდან მოდის პოზიცია, რომ ყველა ბავშვი იდენტურად და თანაბარი ტემპებით განვითარდეს?

– რთული სათქმელია. ჩვენი ცხოვრება ისეა მოწყობილი, რომ მდგრად ზრდასა და უწყვეტ განვითარებას ველით. ეკონომიკური სტრუქტურაც აღმავალი უნდა იყოს… რთულია, ადამიანების, განსაკუთრებით კი პატარების მიმართ,  გვქონდეს ანალოგიური მოთხოვნა. ზოგიერთი ქვეყნის კულტურა ნაკლებად კრიტიკულია და არ ანაღვლებს მუდმივი პროგრესი, თუმცა არა ჩვენთან. მშობლების დიდ ნაწილს აქვს შიში იმისა, რომ მათი შვილები ვერ იქნებიან წარმატებულები, აშინებთ მათი უსაფრთხოების საკითხებიც. ყოველივე განსაზღვრავს მათ დამოკიდებულებასა და მოლოდინებს. ბავშვების სახლში გამოკეტვა და მათი ეზოში სათამაშოდ გაშვებისაგან თავშეკავებაც შიშის ფაქტორითაა გამოწვეული.

დღეს გაცილებით მეტი ვიცით ტვინის განვითარების შესახებ, ვიდრე თავად ადამიანების ისტორიაზე. სახეზე გვაქვს მრავალი ნეირომეცნიერული კვლევა, თუ როგორ ითვისებენ ბავშვები ინფორმაციას, როგორ სწავლობენ თამაშის გზით და როგორია მათი შემეცნება სხვასხვა ეტაპზე. კვლევების შედეგები და რეკომენდაციები ძალზედ განსხვავდება იმისგან, თუ როგორც ვიქცევით ბავშვებთან ყოველდღიურად.

– თქვენი წიგნის ერთ-ერთი თავი დასათაურებულია შემდეგნაირად: „მოიხსენით ზრდასრულის სათვალეები“. რას გულისხმობთ ამ ფრაზაში?

– ძალიან ვართ შეჩვეული „დიდობას“. ამ ფრაზით მინდა ვთქვა, რომ ბავშვებს თქვენი გადმოსახედიდან არ უნდა შეხედოთ. ისინი არ არიან „პატარა დიდები“.  ამავე თემას ეძღვნება თავი: „არაუშავს, როცა ბავშვი არ უზიარებს სხვას“. ბავშვი, რომელიც სხვას არ უზიარებს რაიმეს, არ არის ძუნწი და ბოროტი. ეს მისი განვითარების ეტაპია. აქ ლაპარაკი თქვენზე კი არა გვაქვს, არამედ ბავშვზე, რომელიც ცხოვრებას და ზრდას ახლა იწყებს.

–თქვენს წიგნებში მოუწოდებთ მშობლებსა და მასწავლებლებს, მეტი დრო დაუთმონ დროის არაპროგრამულ გამოყენებას, რაც გულისხმობს გარეთ თამაშს, ფიზკულტურას და ა.შ. რატომ არის მსგავსი აქტივობები აუცილებელი?

 ფიზკულტურის გაკვეთილზე მნიშვნელოვანი, აქტიური შესვენებაა. ბევრი მასწავლებლისათვის ეს ორი ცნება იგივეა, რადგან ბავშვები ორივე შემთხვევაში „დარბიან ეზოში“. ერთმა 8 წლის ბავშვმა კი განსხვავება ასე ამიხსნა: „ფიზკულტურის გაკვეთილზე მასწავლებელი გვეუბნება, რა უნდა გავაკეთოთ. თანაც გუნდში შენი მეგობრები არ გყავს.“

ჩვენ ვსაუბრობთ დაწყებითი კლასის ბავშვებზე, ვისთვისაც მსგავსი აქტიური დასვენება აუცილებელია არაერთი მიზეზის გამო. პირველ რიგში ესაა ფიზიკური ფაქტორი. ამ ასაკის ბავშვებისათვის აუცილებელია სხეულის მოძრაობა. კვლევებმა აჩვენა, რომ ბიჭები გაცილებით აქტიურნი არიან. 7-8 წლის ასაკი სწორედ ის პერიოდია, როდესაც ბიჭების სხეული ფიზიკური აქტიურობის პიკშია და როდესაც მათ მოძრაობა სჭირდებათ. ამ დროს კი ჩვენ ვეუბნებით, რომ წყნარად ისხდნენ ერთ ადგილზე. სხეულის მოძრაობა ტვინს კონცეტრაციის აღდგენის საშუალებას აძლევს და ეხმარება მეხსიერებას, ათვისებას, კრიტიკულ აზროვნებას, ფოკუსირებასა და იმპულების კონტროლს. ასე რომ, აკადემიური და ქცევითი კუთხით, მათთვის აუცილებელია მსგავსი ტიპის დასვენება. ცნობისთვის, ბავშვებს, რომელთაც ყურადღების დაფანტულობის სინდრომი აქვთ, სწორედ მსგავსი მიდგომით ეპყრობიან, რაც ძალზედ ეფექტურია.

– თქვენ აღნიშნავთ, რომ არათუ დიდი დოზით, მცირე ასაკის ბავშვებს დავალება საერთოდ არ უნდა მივცეთ. რატომ მიგაჩნიათ ასე?

– რაც მეტი ხდება ცნობილი ბავშვის განვითარებაზე, მით მეტი რამ უნდა ვისწავლოთ  როგორც სოციალური, ასვე, ემოციური და ფიზიკური კუთხით.  კოგნიტური უნარები ბავშვებს შემეცნებაში ეხმარება, რაც დიდების შემთხვევაში ნაკლებად ეფექტურია.

საშინაო დავალების ეფექტურობის გაზომვის მიზნით განხორციელებული დამოკიდებულებითი კვლევები და 180 მოკვლევის მეტი ანალიზი გვიჩვენებს, რომ შედეგები  დამოკიდებულია ასაკზე. საშუალო სკოლაში მიცემულ დავალებებს შესაძლოა დადებითი ეფექტი ჰქონდეს. დაწყებით კლასებში კავშირი ბავშვის მიერ დავალების შესრულებაზე დახარჯულ დროსა და მის მიღწევებს შორის ნულოვანი აღმოჩნდა.

არსებობს პოპულარული მოსაზრება, რომ დავალება პასუხისმგებლობის გრძნობას ავითარებს, აყალიბებს  სწორს ქცევას და ბავშვებს მაღალი კლასებისათვის კარგ ბაზისს უქმნის. თუ კარგად დავფიქრდებით, დავინახავთ, რომ 5, 8 და 10 წლის ბავშვებს სულ სხვა აქტივობები აინტერესებთ: ირბინონ ეზოში, დაეჯღანონ დას, ჩაერთონ ოჯახურ საქმიანობებში და ა.შ. ბავშვებს სჭირდებათ თავისუფლება. დაძალებით ბავშვებს სკოლას დავშორებთ, დავუკარგავთ სწავლის ხალისს და ნეგატიურ დამოკიდებულებას ჩამოვუყალიბებთ.

თუ 5-6 წლის ბავშვისათვის საშინაო დავალება, სკოლა და სწავლა უკვე ცუდ ასოციაციებს უკავშირდება და როცა წინ სწავლის კიდევ მრავალი წელი აქვს, ნიშნავს, რომ შეცდომა დავუშვით.

–დიახ, ძნელია სკოლასთან კარგი ასოციაციები გაკავშირდებდეს მაღალ კლასებში, როცა პატარაობისას ცუდი მოგონებები გაკვაშირებს მასთან.

– დიახ. სწავლა სასიამოვნო პროცესით უნდა ჩანაცვლდეს. მაგალითად, როგორიცაა კითხვა.  ზოგიერთი სკოლა საშინაო დავალების ნაცვლად საკითხავ მასალას აძლევს მოსწავლეს.

– თქვენ მიიჩნევთ, რომ წიგნები და მოთხრობები უსიამოვნო ელემენტებით ბავშვებისათვის საჭიროა. თქვენს წიგნში ამბობთ: „ნუ ამოიღებთ წიგნებიდან მონსტრებს“. რატომ? ეს ხომ ბავშვბში შიშს და შფოთვას იწვევს? რატომ არის მნიშვნელოვანი მათთვის წაიკითხონ უსიამოვნო მონაკვეთები?

 მსგავსი მონაკვეთები არ უნდა განვიხილოთ, როგორც აუცილებლად საშიში. მათ სევდაც თან სდევთ. შიში, დარდი, ნერვიულობა და სიბრაზე არის ის, რაც ბავშვს გვსურს ავარიდოთ. არ გვინდა, რომ ბავშვები და მითუმეტეს, ბიჭები შევაშინოთ. მსგავსი ემოციები დიდებისთვისაც არაკომფორტულია და ამიტომაც ვცდილობთ თავის დაძვრენას.

წიგნში „შარლოტას ქსელი“ მშობლები ხშირად ტოვებენ ნაწილს, სადაც ობობა კვდება. ბავშვებს შეუძლიათ შიშის, სევდის და სიბრაზის გაგება. მათ სჭირდებათ, დაინახოთ ამ დიდი და გულწრფელი ემოციების გამოხატულება საკუთარ სამყაროში და წიგნები, ამ ემოციებთან ზიარების ყველაზე უსაფრთხო და ეფექტური გზაა.

რატომღაც ბავშვბს ყველაფერს ვაყურებინებთ, მათ შორის ვიზუალურ მასალას, რამაც შეიძლება ცუდი გავლენა მოახდინოს, მაგრამ წიგნებს მეტად ვუფრთხით. კითხვისას ბავშვი თავად გაითავისებს შინაარსს და სწორედ იმდენს მიიღებს წიგნისაგან, რამდენიც მას შეუძლია.  სწორედ ესაა წიგნების ხიბლი: ბავშვები იმაზე მეტად ვერ წარმოიდგენენ რაიმეს, ვიდრე ეს მათ წარმოსახვას შეუძლია. აუცილებელია, შემდგომ, ამ წიგნის ამ მონაკვეთზე მათთან საუბარი.

ამიტომაც, უნდა დავტოვოთ „მონსტრები“ წიგნებში. ბავშვი არ შეშინდება და მიიღებს უსაფრთხო გამოცდილებას და მაშინ, როცა თქვენც მის გვერდით ხართ. ამაში ცუდი არაფერია.

„მასწავლებლები და გამოცდები საჭირო აღარ იქნება, დიპლომი კი არ იარსებებს“ – მიჩიო კაკუ

მოამზადა ანა ნემსიწვერიძემ

წყარო: salon.com

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური