GE

დედაშვილობა არანაირად არ ნიშნავს სიმკაცრეს ინტონაციაში – ნათია ფანჯიკიძის რჩევები მშობლებს

იყო მშობელი ყველაზე საპასუხისმგებლო და რთული ტვირთია განსაკუთრებით მაშინ, თუ მშობლები საზოგადოებისთვის ცნობილი და წარმატებული ადამიანები არიან, აქვთ საკუთარი საქმე და შვილების გაზრდასა და კარიერას შორის ოქროს შუალედის პოვნა უწევთ. ეს არის ერთგვარი პროფესია, რომელიც არ ისწავლება არც ერთ საშუალო თუ უმაღლეს სასწავლებელში და არც მზა რეცეპტები არსებობს, თუ როგორ უნდა აღზარდო შვილი. EDU.ARIS.GE-ის რუბრიკის „მშობელი მშობელს“ დღევანდელი სტუმარი ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძეა, რომელსაც საზოგადოების ერთი ნაწილი მინისტრის და უბრალოდ პოლიტიკოს ირაკლი ალასანიას მეუღლედ იცნობს.  ის მოსწავლეების მშობლებს საკუთარ გამოცდილებას და იმ შეხედულებებს უზიარებს, რომელიც, შვილებთან ურთიერთობისას დააგროვა.

შვილისადმი ქება არასდროს უნდა დავიზაროთ, როცა ბავშვს საჩვენებლად თავისი ნაშრომი მოაქვს, ეს იმას ნიშნავს, რომ მოსწონს და შექებას ელის

შვილის სწავლის საკითხში, თუ აქ გაკვეთილების მომზადება და მომზადებული დავალების ჩაბარება იგულისხმება, მინიმალურად ვერეოდი. თუმცა საკმაო დოზით ვიყავი ჩართული თუ საქმე ეხებოდა ზოგადად განათლებას, არასასკოლო წიგნის შეთავაზებას, სხვადასხვა მეცნიერებისადმი ინტერესის გაღვივებას, სხვადასხვა წრეზე, თუნდაც ცოტა ხნით მიყვანას, მათთვის საინტერესო კითხვაზე ამომწურავი და დაუზარელი პასუხის გაცემას. გაკვეთილების მომზადებაში, ალბათ, მხოლოდ დაწყებით კლასში, ისიც ცოტა ხანს ვეხმარებოდი. მაგრამ, როცა ბავშვს თვითონ მოაქვს საჩვენებლად თავისი ნაშრომი, ეს იმას ნიშნავს, რომ ძალიან მოსწონს და შექებას ელის, ქება არასდროს უნდა დავიზაროთ.

ნებისმიერი შრომა, გაწეული საკუთარი თავის სრულყოფისთვის, არის შრომა თავისუფლების მოსაპოვებლად

მთავარი ჩემი რჩევა არის ის, რომ ნებისმიერი შრომა, გაწეული საკუთარი თავის სრულყოფისთვის, არის შრომა თავისუფლების მოსაპოვებლად, რადგან თავისუფლება დიდწილად არის დაკავშირებული პროფესიონალიზმთან. ნებისმიერი საქმის პროფესიონალი, თუნდაც ის არ იყოს განათლებული წიგნიერების თვალსაზრისით, მაგრამ რამის კეთება იცოდეს ნამდვილად კარგად, ყოველთვის იშოვის ლუკმა-პურს, რაც ნიშნავს იმას, რომ შეუძლია იყოს დამოუკიდებელი, მაშასადამე ძლიერი პიროვნება, რომელსაც არ ეშინია ჟამთაცვლის, სიტუაციების ცვალებადობის და ამიტომ არ არის გარემოებების ტყვე,  არ არის “იძულებული” იყოს კონფორმისტი და იქცეოდეს საკუთარი თავის საწინააღმდეგოდ, გაუძლოს არასასურველ სიტუაციას საკუთარი პრინციპის გათელვის და კომპრომისის ხარჯზე.

საქმე არ უნდა ასოცირდებოდეს ტანჯვა-წვალებასთან, მას უნდა მოჰქონდეს სიხარული

როცა საქმე შვილის სწავლასა და განათლებას ეხება, ძირითადად, ყურადღებას მათი ინტერესების, ფსიქოტიპის არჩევანზე ვამახვილებ. ადამიანმა ის უნდა აკეთოს, რაც აინტერესებს და რის სწავლა და კეთებაც სიამოვნებას გვრის. საქმე არ უნდა ასოცირდებოდეს ტანჯვა-წვალებასთან, საქმეს უნდა მოჰქონდეს სიხარული. მაშინ დაღლაც სიამოვნებაა. ადამიანი იმსახურებს საკუთარი საქმის კეთებით განცდილ სიხარულს.  სკოლაში სწავლისას მიღებულ ქულებს თითქმის არ ვუკონტროლებდი. ყოველთვის ვიყავი საქმის კურსში, მაგრამ ყოველთვის მათ სრულ  პასუხისმგებლობად განვიხილავდი ექნებოდათ ამბიცია წარმატებით დაესრულებინათ ამა თუ იმ საგანში სემესტრი, თუ ნაკლები წარმატებით.

პრიორიტეტული მშობლისთვის არ ნიშნავს პრიორიტეტულს ბავშვისთვის

მოვსინჯეთ ბევრი რამ, ცურვა, თხილამურები, ჭიდაობა, უცხო ენა, მუსიკა, ცეკვა, ხატვა… ცოტა ხანს ჩერდებოდნენ იქ, სადაც აღმოაჩენდნენ, რომ მათთვის საინტერესო ნაკლებია და მეტხანს იქ, რასაც თავად ირჩევდნენ. პრიორიტეტული მშობლისთვის არ ნიშნავს პრიორიტეტულს ბავშვისთვის.

დედა-შვილობა არანაირად არ ნიშნავს სიმკაცრეს ინტონაციაში

შვილებთან ისე ვსაუბრობ, როგორც დედა-შვილი, რადგან ჩვენ ვართ დედა-შვილი. მეგობარი მათ ბევრი ჰყავთ, დედა ერთი, მაგრამ დედა-შვილობა არანაირად არ ნიშნავს სიმკაცრეს ინტონაციაში. დედა ნიშნავს აბსოლუტურ მხარდაჭერას, სრულ მზადყოფნას – გაუწიოს შვილს ნებისმიერი დახმარება, რომელიც მას იმ ეტაპზე ესაჭიროება.

არავითარ შემთხვევაში არ უნდა დატვირთოთ ბავშვი უქმე დღეებსა და არდადეგებზე სწავლით

მშობელი შვილს არ უნდა უჩლექდეს ენას. ბავშვის დასმულ ყველა კითხვას, ნებისმიერ ასაკში უნდა უპასუხოთ სრული პასუხისმგებლობით, ცხადია, მისი ასაკის შესაბამისი გამარტივებით. არავითარ შემთხვევაში არ უნდა დატვირთოთ ბავშვი უქმე დღეებსა და არდადეგებზე სწავლით. თქვენ რომ შვებულებაში სამუშაო გაგატანონ, ხომ დიდი უსამართლობა იქნება? სასწავლო დღეებშიც ბავშვს უნდა დარჩეს ერთი ან ორი საათი მაინც სათამაშოდ. უფრო დიდ ბავშვს, ფიქრისთვის და გართობისთვის. თამაში – თამაში არ გეგონოთ, თამაში ყველაზე სერიოზული საქმიანობაა. თამაშისას ნეირონები ვითარდება. სწავლის პასუხისმგებლობა უნდა გადაიტანოთ ბავშვზე, მას თუ სურს ღამე გაათიოს, “არასწორ დროს იმეცადინოს”, მთავარია იცოდეს, რომ რა დროსაც არ უნდა დაიძინოს, დილას ადგომა მოუწევს, რადგან საქმე აქვს. საქმე კი მთავარია. რეჟიმის მის ხელში მოხვედრა ბავშვს შეუქმნის განცდას, რომ მას არაფერს აძალებენ, ეს უბრალოდ მისივე სურვილით აღებული ვალდებულებაა.

შვილებთან ურთიერთობისას ფუნდამენტურს არაფერს ვნანობ. წვრილ-წვრილ შეცდომებს კი თავს ვპატიობ, ზოგიერთის გამო ბოდიშიც მომიხდია შვილებისთვის, რადგან გვიან, უფრო დიდ ასაკში გამიცნობიერებია, რომ როგორც ახალგაზრდა დედას, რაღაცები შემშლია. მიღწევად ვთვლი იმას, რომ ჩემს შვილებს სიკეთე აქვთ გულში, ძალიან კარგი ადამიანები არიან, არ ტანჯავთ სიხარბე, შური, მატყუარობა, დაბოღმილობა ანუ  ადამიანის სულის “მატლები”, რომელიც ღრღნის პიროვნებას. პირიქით, სულ პირიქით, მათი ადამიანური თვისებებით ვამაყობ.  მაქსიმუმი ყველა სახის სიყვარულში და მათ შორის მშობლის სიყვარულშიც არის ის, მისცე ადამიანს უფლება, იყოს საკუთარი თავი.

თუ ისწავლი ყველაფერს მიაღწევ – ”მელანოს” რჩევები თანატოლებს და მშობლებს

მინისტრის და მამის რჩევები მშობლებს – დამოუკიდებლობა და მეტი თავისუფლება შვილებს

ქეთი არის© გიგოლაშვილი

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური