GE

ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო გარემო ბავშვების უფლებაა!

ნინო ლომიძე

ბევრი ვიფიქრე ამ სტატიის შესავალზე. მინდოდა სხვადასხვა სამეცნიერო კვლევიდან ამომეღო და დამერთო დასკვნები იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენად მნიშვნელოვანია მოზარდი თაობის ჯანსაღი ფიზიკური განვითარება, რა შედეგებს იწვევს ფიზიკური აქტივობის დეფიციტი, რა სახიფათო და საზარელი სცენარების პრევენცია შეიძლება მოხდეს ჯანსაღი ფიზიკური განვითარების ხელშეწყობით, მაგრამ საბოლოოდ ჩავთვალე, რომ ეს ყველაფერი შორსაც წაგვიყვანდა და ისედაც ერთ მარტივ და ყველასთვის გასაგებ ჭეშმარიტებას განავრცობდა. არ მეგულება ადამიანი, რომელსაც საპირისპირო მოსაზრება შეიძლება ჰქონდეს ფიზიკური აღზრდა-განათლების და სპორტული აქტივობების მნიშნელობასთან დაკავშირებით.

კონკრეტულად აღვწერ იმ სიტუაციას, რამაც საკითხის საფუძვლიანი შესწავლის და ამ თემაზე მუშაობის სურვილი გამიჩინა:

სრულიად შემთხვევით აღმოვჩნდი საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და  სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის კუთვნილ მოედანზე ვაკეში, უნივერსიტეტის უკან, სადაც სხვადასხვა ასაკის ბავშვები რაგბიში ვარჯიშობენ. ვარჯიში ერთდროულად მიმდინარეობს და მოედანი დაყოფილია რამდენიმე ნაწილად. სხვადასხვა ნაწილი ეთმობა სხვადასხვა ასაკობრივ კატეგორიას. მოედნის ირგვლივ სარბენი ბილიკი და გაპარტახებული სკამებია, ოდესღაც, ალბათ, მაყურებლებისთვის გათვალისწინებული, ახლა კი მომლოდინე მშობლებისა და ბავშვებისთვის განკუთვნილი. საკუთრივ მოედანზე არარსებული სპეციალური საფარის ნაცვლად ალაგ-ალაგ გადამხმარი ბალახი და ქვიშა ყრია. გარემოს ერთი შეხედვითაც ეტყობა, რომ უკანასკნელ წლებში აქ ბევრი არაფერი გაკეთებულა პირობების გაუმჯობესებისთვის.

ეს ყველაფერი იმდენად საგანგაშოდ არ მომეჩვენებოდა, რომ არა ერთი ფაქტორი – მზიანი დღე იყო, წვიმაც დიდი ხანია არ ყოფილა და მოედანზე ბავშვების ვარჯიშის შედეგად მტვრის კორიანტელი დადგა. ახლა მინდა თვალნათლივ წარმოიდგინოთ სიტუაცია – ბავშვები ინტენსიურად ვარჯიშობენ ( ვინც იცნობს სპორტის ამ სახეობის სპეციფიკას, არ გაუჭირდება ვარჯიშების ინტენსივობის წარმოდგენა) საკუთარ სიმაღლეზე ოდნავ მაღლა არსებულ მტვრის ბუღში! ვარჯიშები მიწაზე გართხმით აზიდვებსა და მუცელზე და ზურგზე სხვადასხვა დატვირთვის აქტივობების შესრულებასაც გულისხმობდა. მიწაზე გულაღმა გაწოლილებს მტვრის რბილი და ფაფუკი საფარი აქვთ თავქვეშ, მუცელზე შესასრულებელ სავარჯიშოებს კი ფატობრივად მტვერში თავჩარგულები ასრულებენ. სირბილის დროს მოზარდები აქტიურად ისუნთქავენ მტვერს და ბუღი შესვენებებზეც კი „არ ცხრება“. შესვენება წყლის დალევას და ამოსუნთქვას გულისხმობს. ასევე – დამატებითი ულუფა მტვრის ყლაპვასაც იმის გათვალისწინებით, რომ მტვრის კორიანტელი ირგვლივ „ხარისხიანად“ მიმოიფინება.

ამ ყველაფრის შემხედვარეს, ბუნებრივია, გამიჩნდა კითხვები. იქვე, სკამზე მშობლები იცდიდნენ. მათთვის ვარჯიშის ამ პირობებში მიმდინარეობა არც უცხო იყო და არც გასაკვირი. რამდენიმემ აღნიშნა, რომ წლებია, აქ ავარჯიშებენ შვილებს და თავადაც „ამ მოედანზე არიან გაზრდილები“. „მტვერი კი ცუდია, მაგრამ რა ვქნათ, სხვა პირობები არაა“.

მივმართე რაგბის კავშირის ერთ-ერთ წევრსაც, რომელიც ვარჯიშს ესწრებოდა. მან მიპასუხა, რომ ამჟამად რაგბის კავშირს მეტის საშუალება არ აქვს, რომ ამ მოედნის დაქირავებისთვის თანხას იხდის და ფინანსურად ამაზე უკეთეს პირობებს ვერ უზრუნველყოფს. „მტვერში რომ მავნეა ვარჯიში, გეთანხმებით“ – აღნიშნა გულისტკივილით.

საინტერესოა  საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და  სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტისპოზიციაც – მათ მოედნის მდგომარეობის შესახებ, ცხადია, მოეხსენებათ. იციან და ასევე გულისტკივილით აღნიშნავენ, რომ მოედანი არასახარბიელო მდგომარეობაშია, მაგრამ ამ ეტაპზე ბიუჯეტში სარეაბილიტაციო თანხები გამოყოფილი არაა. მომავალი წლის ბიუჯეტში კი, რომელიც 31 დეკემბრამდე უნდა დამტკიცდეს, ზოგადად ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებისა და რეაბილიტაციის ხარჯები გაწერილი აქვთ. თუ თანხა მიიღეს, სხვა ობიექტებთან ერთად ამ კონკრეტულ მოედანსაც მიხედავენ. ოღონდ დანამდვილებით იმის თქმა, რომ მოედანი თუნდაც 2017 წელს გახდება არათუ რაიმე საერთაშორისო სტანდარტს მიახლოებული, არამედ, უბრალოდ, ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო, არ შეუძლიათ.

დავუკავშირდი ასევე სპორტის და ახალგაზრდობის სამინისტროსაც. მაინტერესებდა, აკონტროლებს თუ არა სახელმწიფო ექსპლუატაციაში ჩაშვებულ სპორტულ ობიექტებს და სავარჯიშო ბაზებს და არსებობს თუ არა ნორმატიული აქტი ან სტანდარტი, რომელიც განსაზღვრავს სპორტული ობიექტის, კონკრეტულად კი რაგბის სავარჯიშო მოედნების გამართულობას. ასევე მაინტერესებდა, იციან თუ არა ამ კონკრეტული მოედნის მდგომარეობის შესახებ და იგეგმება თუ არა ამ მიმართულებით რაიმე. სამწუხაროდ, პასუხების მიღება სამინისტროდან ვერ მოვახერხე.

მაშინ დავფიქრდი ჩემს პირად პასუხისმგებლობაზე ამ ყველაფერთან მიმართებით. რა შეიძლება გააკეთოს ერთმა ადამიანმა, როდესაც ის ხედავს რაღაცას, რაც არ მოსწონს? პასუხი მარტივია.

რა უნდა გააკეთოს და უნდა იმოქმედოს.

შეახსენოს გადაწყვეტილებების მიმღებ პირებს, რომ მათ გარკვეული ვალდებულებები აკისრიათ, რომ მე და ამ ბავშვების მშობლები მათ ხელფასებს ვუხდით, ისინი კი პასუხისმგებლები არიან იმაზე, რომ ჩვენს შვილებს ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო გარემო ჰქონდეთ.

მასალაზე მუშაობისას ასევე მივმართე სამედიცინო უნივერსიტეტის გარემოს ჯანმრთელობისა და პროფესიული მედიცინის დეპარტამენტს.

ჰიპოთეტურ/სუბიექტური მოსაზრება, რომ მტვრის მუდმივი შესუნთქვა მავნებელია, უნდა გამემყარებინა შესაბამისი სფეროს სპეციალისტების მოსაზრებებით. გარემოს ჯანმრთელობის და პროფესიული მედიცინის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, პროფესორმა რევაზ კვერენჩხილაძემ და პროფესორმა მარინა ციმაკურიძემ ყურადღებით მომისმინეს და შესაბამისი ლიტერატურა მომცეს დასამუშავებლად. მათთან შეხვედრაზე გამოიკვეთა ერთი საინტერესო ფაქტორიც. აღმოჩნდა, რომ ერთიანი სტანდარტი, ნორმატიული აქტი ან რაიმე ოფიციალური დოკუმენტი, რომელსაც უნდა აკმაყოფილებდეს რაგბის სავარჯიშო მოედანი, რათა იგი ჩაითვალოს უსაფრთხოდ, ძნელი მოსაძიებელია ან ამგვარი რამ საერთოდ არ არსებობს. პრესაში და ონლაინ მედიასაშუალებებში არაერთგზისაა გაშუქებული ამა თუ იმ სპორტული ობიექტის გახსნა, რომელიც „აკმაყოფილებს მსოფლიო სტანდარტებს“. ამ კონკრეტული დოკუმენტის მოძიება და გაცნობა კი პრობლემურია. კარგი იქნება, თუ საზოგადოებას ამ  მიმართულებითაც გაეცემა პასუხი. სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროშიც კი, მიუხედავად რამდენიმეგზის მიმართვისა, ვერ მოხერხდა ამ კითხვაზე კომპეტენტური პასუხის მიღება.

ვრცელი პროფესიული ტერმინოლოგიითა და დეტალებით მკითხველს თავს არ შევაწყენ. მოვიყვან იმ კონკრეტულ ცნობებს, რომლებიც ამ შემთხვევაში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

რას იწვევს მტვრის მუდმივი შესუნთქვა:

ზოგადად, გარემოს რისკები, რომლებიც შესაძლოა ნეგატიურად აისახოს ჩვენს ჯანმრთელობაზე, არის: ჰაერის დაბინძურება როგორც შენობაში, ისე შენობის გარეთ, წყალი, ნიადაგი და, საზოგადოდ, სანიტარული მდგომარეობა, მაიონიზებელი გამოსხივება, შხამ-ქიმიკატები, პროფესიული რისკები, ურბანული გარემო და კლიმატის ცვლილება.

ჩვენს შემთხვევაში განვიხილავთ ჰაერის დაბინძურების თანმდევ რისკებს. ლიტერატურაში აღნიშნულია, რომ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, ჰაერის დაბინძურება ჯანმრთელობის ერთ-ერთ უმთავრეს რისკის ფაქტორს წარმოადგენს.

მტვრით გამოწვეულ  დაავადებათა მრავალი სახეობა დამოკიდებულია მტვრის ქიმიურ-ფიზიკურ თვისებებსა და მისი ბიოლოგიური მოქმედების თავისებურებებზე. სამწუხაროდ, იმის საშუალება, რომ ამეღო ნიმუში და გამეკეთებინა შესაბამისი ანალიზი, არ იყო.

ზოგადად, ექსპერტთა შეფასებით, ჰაერში შეწონილი მტვრის ნაწილაკების მუდმივი ზემოქმედება ადამიანის ორგანიზმზე ზრდის გულ-სისხლძარღვთა და სასუნთქი სისტემების დაავადებების, ასევე კიბოს განვითარების რისკს.

ჰაერის მტვრით დაბინძურებამ და ამ ჰაერის შესუნთქვამ შესაძლოა გამოიწვიოს კონკრეტული დაავადებები:

ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება;

რესპირაციული ინფექციები;

კარდიოპულმონური დარღვევები;

ქრონიკული ბრონქიტი;

აქვე დავამატებთ იმასაც, რომ ატმოსფერულ ჰაერში არსებული მტვერი, მისი კომპონენტები სულფატები, ნიტრატები, ამიაკი, ნატრიუმქლორიდი, მყარი ნაწილაკები გაცილებით მეტ ადამიანს ვნებს, ვიდრე ჰაერის დამაბინძურებელი ნებისმიერი სხვა აგენტი, რადგან ისინი უფრო იოლად აღწევენ ბრონქიოლების პერიფერიულ ნაწილებში და ხელს უშლის ფილტვების სიღრმეში ჰაერის ცვლას.

აქ ჩემი, როგორც მოქალაქის და მშობლის კომპეტენცია და შესაძლებლობა, გავაკეთო რაიმე ჩვენი შვილებისთვის უკეთესი და ჯანსაღი გარემოს შექმნისთვის – მთავრდება. მე არ ვარ გადაწყვეტილების მიმღები პირი, მაგრამ ვარ ამ ქვეყნის მოქალაქე. მე მევალება, თუ რამე არ მომწონს, ეს გამოვთქვა, გამოვხატო და გავაგონო მათ, ვისაც ევალება მოქმედება და ვისაც მეტი შესაძლებლობა აქვს სასიკეთო ცვლილებების განხორციელებისთვის.

პ.ს.  ადამიანის, განსაკუთრებით, მოზარდი ორგანიზმის დაცვა გარემოს არახელსაყრელი ფაქტორების მოქმედებისაგან (ამ კონკრეტულ შემთხვევაში – მტვრისგან) მთელი საზოგადოების ყურადღების ცენტრში უნდა იყოს. ამასთან ერთად, მნიშვნელოვანია, რომ ამ პრობლემის გადაჭრაში გადამწყვეტი და რეალური შედეგის მომტანია მმართველობითი ორგანოების მიერ საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული უფლების უზრუნველყოფა – ცხოვრობდეს ჯანმრთელობისათვის უვნებელ გარემოში.

იხილეთ ორიგინალი

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური