GE

ეკა მამალაძე მშობლებს – „ბავშვში მშობელი რასაც ჩადებს, წლების შემდეგ ის გამოვა“

გერქვას დედა შედარებით მარტივია, მაგრამ იყო დედა რთული. დედობა, ყველაზე საპასუხისმგებლო პროფესიაა, რაც კი არსებობს, რადგან მზა რეცეპტი, მზა ლიტერატურა, თუ როგორ უნდა დაეუფლო მას და გახდე სანიმუშო, სწორად აღზარდო შვილები და ნაკლები შეცდომები დაუშვა, არ არსებობს. Aris.ge-განათლება გთავაზობთ ახალ რუბრიკას „მშობელი მშობელს“, სადაც საზოგადოებისთვის ცნობილი დედები და მამები ჩვენს მკითხველს მშობლის სტატუსით ესაუბრებიან, საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ და პრაქტიკულ რჩევებსაც მისცემენ. რუბრიკის სტუმართა გამოცდილება დაეხმარება როგორც სკოლის მოსწავლეების მშობლებს, ისე ნებისმიერს, ვისაც ჯერ კიდევ წინ აქვს ბედნიერება, იყოს მშობელი.

ჩვენი რუბრიკის პირველი სტუმარია მომღერალი ეკა მამალაძე. იგი სამი შვილის დედაა:

mamaladze1მშობელს შვილისგან ყოველთვის მეტი უნდა

ჩემი შვილები დიდები არიან, ოჯახები ჰყავთ, და ამ გადმოსახედიდან, შენი, როგორც მშობლის ქმედებები, ალბათ იმით ისაზღვრება შედგა ადამიანი თუ არა. მართალია, ყველა მშობელს ჰგონია რომ შვილს რაღაც დააკლო, ყველაფერი სწორად არ გააკეთა, მაგრამ ბოლოს მაინც იმ დასკვნასთან მივდივართ, შედგა ადამიანი თუ არა, რა გამოვიდა მისგან. მშობელს მაინც იმაზე მეტი უნდა, ვიდრე არის. უფრო კარგი, აღმატებით ხარისხში უნდა ყველაფერი, ამას ბევრი შეცდომაც მოყვება. ძალიან გინდა რომ შენი შვილი კარგი იყოს, ყველაფერი ჰქონდეს, ყველაფერი მისცე, მაგრამ ამის პარალელურად მშობლები შეცდომასაც უშვებენ, ხანდახან არასწორი ქმედებები აქვთ. ამის ჩამოყალიბება რა სწორია და რა არა, არაა მარტივი, მაგრამ დღესდღეობით სამივე წესიერები, პატიოსნები არიან და შემდგარები.

ძალიან ბევრი მაგალითი არსებობს, ვინც ამბობს, რომ შვილისთვის არაფერი დაუკლია, მაგრამ ბავშვი არ შემდგარა, ეს იგივე შენი შეცდომებია, მაინც ყველაფერი ვფიქრობ, რომ მშობლის შეცდომაა.

თავს ნამდვილად არ ვდებ, რომ ისეთი დედა ვარ, უშეცდომო, და ვინც ამას ამბობს პირიქით ძალიან ვღიზიანდები და არ მომწონს. ვცდილობ ბოლომდე არ ვიყო ისე დარწმუნებული და არ დავიჯერო რომ არაჩვეულებრივი ვარ, რომ ჩემი შვილები გადასარევები არიან. ბებია მეუბნებოდა, მთავარი შენი შეფასების კრიტერიუმი მაინც არის წესიერება და პატიოსნებაო, შემდეგ პროფესია, ნიჭიერი ხარ თუ არა, შედგები თუ არა და ა.შ. სწორედ ამიტომ, პირველ რიგში, ამით ვარ ჩემი შვილებისგან კმაყოფილი.

mamaladze2დედობა პატარა ასაკიდან

მე ძალიან პატარა გავთხოვდი, უამრავი ადამიანი მეხმარებოდა შვილების გაზრდაში, ხელს მიწყობდნენ რომ მესწავლა და დამემთავრებინა. მართალია, ახალგაზრდა ვიყავი და მე თვითონ მინდოდა სეირნობა და გადარეული ვიყავი ოღონდ სადმე წავსულიყავი, მაგრამ მაინც ჩემი ვალდებულებები მქონდა.

უყურადღებო დედა ნამდვილად არ ვყოფილვარ. ნატალიას ხშირად გამწვავებული ჰქონდა, შენ ხანდახან ყურადღებას არ მაქცევდი, ისე, როგორც მე მინდოდაო. ამას ვერასდროს ვხვდებოდი, მაგრამ ნატალიას ბიჭებისგან განსხვავებით, ჰყავდა მეორე ბებია, რომელიც ყოველდღე მოდიოდა მასთან და ამიტომ მე მშვიდად ვიყავი. მეცადინეობისა და განათლების კუთხით ბებიაც და მამიდაც ძალიან აქცევდნენ ყურადღებას და ეს ჩემთვის დიდი ძალა იყო. ამასთან, ყოველთვის ვღელავდი, რომ ნატალიას გამო, ბიჭებს არ მოვაკლო ყურადღება- მეთქი. არ მიყვარს შვილებს რომ ანსხვავებენ.

რას ვასწავლით შვილს

საერთო ჯამში მაინც მშვიდი ბავშვები იყვნენ. ისე ნამდვილად არ სწავლობდნენ, აი პირდაპირ მე გაგიჟებული ვყოფილიყავი. ცოტა რომ გაიზარდნენ 13-14 წლის ასაკში დაიწყო პრობლემები. ახლანდელი გადმოსახედიდან ამაზე ძალიან მეცინება. არაფერი ისეთი უბედურება არ ყოფილა. ყველანი ვიყავით ჩართულები რომ გზას არ აცდენილიყვნენ.

mamaladze5ორი ბიჭი ძალიან რთულია გასაზრდელად, თან უმამოდ. მახსოვს მაშინ ბებიაჩემმა მითხრა, „ნუ გეშინია შენ ამ ბიჭების, რასაც ისინი შეხედავენ ისეთები იქნებიან“. რა თქმა უნდა, არიან  კარგ ოჯახში გაზრდილი ცუდი ადამიანებიც, მაგრამ უმრავლეს შემთხვევაში მაინც ოჯახში გაზრდას დიდი მნიშვნელობა აქვს. მაინც მთავარია მშობელმა შვილს ძირითადი მიმართულებები ასწავლოს, პატიოსნება, წესიერება, ამას თუ აიღებს შვილი და ოჯახშიც იმავეს შეხედავს, ყველაფერი კარგად იქნება. ბავშვში მშობელი რასაც ჩადებს, წლების შემდეგ ის გამოვა. ეს მაინც ზუსტად ვიცი რომ ასეა.

რა დროს ვუთმობთ და რამდენს უნდა ვუთმობდეთ შვილებთან ურთიერთობას

მთავარი იცით კიდევ რა არის? ახლანდელ ახალგაზრდებს არაფრისთვის არ აქვთ დრო. მე ძალიან დიდი პატივს ვცემ ისეთ ოჯახს, ისეთ მშობელს, რომელიც საკუთარ შვილს დროს უთმობს. არავის არავისთვის არ სცალია. მერე რომ გაიზრდება შვილი და ისე არ გააკეთებს როგორც შენ გინდა, ეს იმიტომ რომ თავის დროზე არაფერი მიეცი. შეიძლება გახვიდე მთელი დღით, მაგრამ რაღაც მომენტში მაინც გქონდეს კონტაქტი. ჰკითხო მას „რა ქენი?“, „რა ხდებოდა?“.

თუ ბევრ დროს ვერ დაუთმობენ შვილებს მშობლები, რა მცირე ხანიც იქნება, იყოს ხარისხიანი. მხოლოდ შვილთან იყო და შენი საქმე არ აკეთო არც ესაა კარგი. სამსახურშიც ხომ უნდა იარო, მაგრამ ამ დროის ანაზღაურება ყოველთვის შეიძლება, შაბათ-კვირაც ხომ არსებობს. ეს ეყოფა შენს შვილს იმ ურთიერთობებისთვის, რაზეც მე ვსაუბრობ.

mm123იგი უნდა მიხვდეს, რომ შენ ნამდვილად გიყვარს და მისიანი ხარ. მთავარი პრობლემა იწყება მაშინ, როცა ბავშვებს ჰგონიათ რომ მშობლებს ფეხებზე ჰკიდიათ და იზრდებიან თავისთვის. აუცილებელია ყურადღება, შენი ენერგია უნდა ჩადო და იქ მგონი რომ აუცილებლად კარგ შედეგს მიიღებ. და კიდევ რას ვურჩევდი იცით მშობლებს? ბავშვს, შვილს, როგორც პიროვნებას ისე მოექცნენ. აი, ახლა არ მცალია და ა.შ ეს არის დამღუპველი და რომ იზრდება, მერე უკვე მასაც აღარ აინტერესებ  და აღარასოდეს შეგეკითხება აზრს. შენ როცა ისე მოეპყრობი, როგორც დიდს და როგორც პიროვნებას, იქ მგონია რომ შედეგი გაქვს, კარგი შედეგი. მე არ ვიყავი ისე, რომ არ მახსოვდა სად იყვნენ ჩემი შვილები. და ხანდახან, მაშინ როცა მათთან არ ვიყავი, მგონია, რომ მაინც ვუთმობდი დროს.


დედა, როგორც გაკვეთილების „ჩამბარებელი“

mamaladze3ახლანდელი გადმოსახედიდან უფრო ბიჭებთან მიმართებით ვამბობ, ვფიქრობ, რომ შეიძლებოდა სწავლის კუთხით, უფრო მომთხოვნი ვყოფილიყავი და უფრო მეტი რაღაცა მიმეცა. კონკრეტულ საგნებზე უფრო მეტად მეფიქრა, რომ ესწავლათ, დამეძალებინა. ამას შეიძლება ვნანობ კიდეც. მაგრამ, ახლა უკვე სასაცილოა 35-36 წლის ადამიანებზე საუბარი. მათემატიკა ვერ ვასწავლე თუ რა, შემდგარია უკვე და გადასარევი არქიტექტორია. არ მიყვარს სიტყვა წარმატებული. შემდგარია ორივე.

ნამდვილად არ ვიყავი მკაცრი დედა. საშინლად ვერ ვიტანდი და არ მიყვარს საგნებს რომ იბარებენ მშობლები, უნდა ენდობოდე და იყო ყურადღებით. ვინც ძალიან მკაცრად დაზარდა შვილები და არა ძაან მოფერებით, ბევრად უფრო კარგ შედეგს იღებენ ეგეთი აღზრდით, ესეც არის. გამოწერილი წამალი არ არსებობს, ეს როგორ უნდა ქნა, როგორ იქნება კარგი, არავინაც არ იცის. ცხოვრება გაჩვენებს. არიან მშობლები, რომლებიც საკუთარ შვილებს ვერ ეფერებიან და არ კოცნიან. ასეთი ხასიათი აქვთ და რა არ უყვართ შვილები? ხომ ვერ ეტყვი რეცეპტით, თქვენ ახლა უნდა აკოცოთ და მოეფეროთ და ა.შ?! ხუთიანი რომ არ მიმეტანა სახლში არ მომკლავდნენ ნამდვილად, მაგრამ იყვნენ მშობლები, ვისაც ამაზე ისტერიკა სჭირდათ, არ ვიცი კარგია? ნამდვილად არ ვიცი.  შვილებთან დაკავშირებით, არაფერსაც არ ვნანობ. საერთოდ არ მიყვარს რომ მისტირიან, ეს ასე რომ მექნა და ა.შ. ეშვება რამე? არაფერიც არ ეშველება. ნამდვილად არ ვარ ჩემი შვილებით უკმაყოფილო და ესაა ბედნიერება.

txt1შვილის ინტერესებზე დაკვირვება და ნიჭის გაღვივება

საბოლოოდ შვილთან ურთიერთობაშიმთავარი მაინც ისაა, პიროვნებად ჩათვალონ, არ დაამცირონ, მეტნაკლებად იყვნენ შვილების ქმედებებით კმაყოფილები და მხოლოდ უკმაყოფილება არ გამოხატონ და რაც მთავარია იყვნენ ყურადღებით. თუ ახლა შვილს სახლში ყოველდღე ორიანი მოაქვს, რა თქმა უნდა განგაშის ზარიც უნდა შემოკრა, მაგრამ არა ცემით, უნდა გამოძებნო შესაბამისი ფორმა. რეცეპტი არ არსებობს, მთავარია დედას შვილი ფეხებზე არ ეკიდოს. დამიჯერეთ, ასეთებიც არსებობენ. სულაც არ აინტერესებთ შვილი რას აკეთებს. იყვნენ  უფრო მეტად დაინტერესებული თავისი შვილით და ეს ყველაფერი უჩვენებს როგორ მოიქცნენ. ხატავს? მოდი ხატვაზე წავიდეთ. ჰუმანიტარულისკენ იხრება? მოდი ეს ნიჭი განუვითარო. ზოგი დედა არის რომ ვერ ატყობს შვილს რა უნდა. აი, ამას ვურჩევდი სწორედ, რომ დაინტერესდნენ თავისი შვილით და ამოიცნონ პატარ-პატარა ნიჭები. არ არსებობს ბავშვი, რომელსაც ნიჭი არ აქვს რამის. იყო მკაცრი, ხუთიანი მოითხოვე მხოლოდ და უჩაჩქუნე სახლში, არ მიმაჩნია სწორად.ჩემს შემთხვევაში, ალბათ სწორად ვიქცეოდი, რა თქმა უნდა, იქნებოდა შეცდომებიც, მაგრამ ნორმალურები გამოვიდნენ.

ამოიცანით შვილები

და ბოლოს, დედებო, უფრო ჩაუღრმავდით თქვენს შვილებს და ამოიცნობთ როგორები არიან ისინი. აღმოაჩინეთ და გაუღვივეთ ის ინტერესები, რაც მათ აქვთ და რაც შეიძლება ნაკლებად თქვით, რომ არ გცალიათ მათთვის. ესაა მთავარი, თორემ მკაცრი იყავი თუ ამხანაგი იყავი, არაფერ შუაშია.

იხილეთ სიახლეები საჯარო და კერძო სკოლების შესახებ

ქეთი არის© გიგოლაშვილი

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური