GE

ელექტრონული გამოცდების მასშტაბური აპრობაცია თბილისში, სავარაუდოდ, აპრილში ჩატარდება

ერთიანი ეროვნული გამოცდები წელს, პირველად ნაწილობრივ ელექტრონული ფორმატით ჩატარდება. არის თუ არა მზად შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ტექნიკურად გამართულად წარმართოს პროცესი?! ამ  საკითხზე Aris.ge-განათლების კითხვას ცენტრის ხელმძღვანელმა მაია მიმინოშვილმა უპასუხა.

მისი თქმით, პირველი აპრობაცია რომელიც თელავის საგამოცდო ცენტრში ჩატარდა სწორედ  ტექნიკური მხარის შემოწმებას ემსახურებოდა.

,,სწორედ იმის გარკვევას ვცდილობდით  შეგვიძლია თუ არა ჩავატაროთ ნაწილობრივ ელექტრონული ფორმატით გამოცდა. ამ ეტაპზე მკაფიოდ გვაქვს ჩამოყალიბებული,  როგორ უნდა იყოს მოწყობილი საგამოცდო ცენტრები და რა პრინციპით უნდა აღიჭურვოს”.

რა მოხდება ხარვეზების დაფიქსირების შემთხვევაში და როგორი უნდა მოხდეს რეაგირება?! ამ საკითხებზე დეტალური ინფორმაცია, სავარაუდოდ თბილისში ჩატარებული აპრობაციის შემდეგ გახდება ცნობილი. გამოცდების ეროვნულ ცენტრში ვარაუდობენ, რომ მასშტაბური აპრობაცია დედაქალაქში აპრილის თვეში ჩატარდება.

რაც შეეხება სექტორების კომპიუტერებით აღჭურვას და მასთან დაკავშირებულ ხარჯებს, ცენტრის ხელმძღვანელის თქმით, ცენტრს მხოლოდ კაბელებისა და სხვა აქსესუარების შეძენა მოუწევს.

,,რაც შეეხება ფინანსურ ნაწილს:  ლეპტოპებთან დაკავშირებულ კაბელებსა და სხვა აქსესუარებს ცენტრი თავად შეიძენს.  ეს იქნება ერთჯერადი შესყიდვა. თანხა დიდი არ არის, სალაპარაკოდაც არ ღირს, მით უმეტეს თუ გავითვალისწინებთ, რომ ეს აქსესუარები წლების მანძილზე უნდა გამოვიყენოთ. რაც შეეხება ლეპტოპებს,  ჩვენ ორი გზა გვქონდა: უნდა   შეგვეძინა ლეპტოპები და ეს იქნებოდა ერთჯერადი ხარჯი; მეორე კი უფრო მომხიბვლელი და ეფექტური გზა იყო,  განათლებისა და მეცნიერების  სამინისტროს გამოეცხადებინა კონსოლიდირებული ტენდერი. როგორც იცით სამინისტრო სხვადასხვა მიზნებისთვის ახდენს კომპიუტერებისა და ლეპტოპების შეძენას – ძირითადად საჩუქრად. ამ კომპიუტერებს ჩუქნიან პირველკლასელებს, წარჩინებულ მოსწავლეებს და მასწავლებლებს. ჩვენ ვეთხოვებით  სამინისტროს კომპიუტერების გარკვეულ რაოდენობას და გამოცდების შემდეგ უკან  დავუბრუნებთ.  სწორედ ეს გზა ავირჩიეთ. სამინისტროც რა თქმა უნდა თანახმაა. ასე რომ, ტექნიკური აღჭურვის მხრივ პრობლემა ნამდვილად არ შეიქმნება,”- განაცხადა მაია მიმინოშვილმა.

ცნობარი აბიტურიენტებისთვის – გამოცდები 2016

როგორ გავიაროთ რეგისტრაცია 2016 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის – პროცედურები

წელს აბიტურიენტების საგამოცდო ბარათები და მისი მიღების წესი იცვლება

ახალი ქცევის წესები აბიტურიენტებისთვის – რა ცვლილება შევიდა გამოცდიდან მოხსნის წესში

ეკა არის© წივწივაძე

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური