GE

ელექტრონული გამოცდის აპრობაცია თბილისში – რას პასუხობს მაია მიმინოშვილი უკმაყოფილო აბიტურიენტებს

როგორი ფორმატით ჩატარდება  ერთიანი ეროვნული გამოცდები 2016 –  ეს ალბათ ყველა აბიტურიენტმა უკვე იცის. თუმცა, წლის მთავარ სიახლესთან, ნაწილობრივ ელექტრონულ ფორმატთან ადაპტაცია, პილოტირების რეჟიმში მხოლოდ რამდენიმე ასეულმა აბიტურიენტმა შეძლო.

პილოტირების პროცესი დედაქალაქში პირველად დღეს ჩატარდა. 175-ე საჯარო სკოლაში ერთიანი ეროვნული გამოცდების სრული მოდელირება გაიმართა. მონაწილეებმა ტესტირებაზე რეგისტრაცია ყველა წესის დაცვით გაიარეს.

535127_1201081303242946_7409802408655142143_nდღეს აპრობაცია ორ საგანში ზოგად უნარებსა და  გეოგრაფიაში ჩატარდა. საგამოცდო ოთახებში შესულ აბიტურიენტებს, თითოეულისთვის განკუთვნილი ორი მაგიდა, პასუხების ფურცელი და პორტატული კომპიუტერი დახვდათ.

,,აპრობაციის პროცესი ყველაფრის აპრობაციას გულისხმობს, როგორც ტექნიკური ნაწილის, ისე შინაარსობრივისაც. 2000-მდე აბიტურიენტმა გამოთქვა პილოტირებაში მონაწილეობის სურვილი. თუმცა ისინი ჩვენ არ შეგვირჩევია.  ჩვეულებრივ რეგისტრაცია გამოვაცხადეთ. ზოგადი უნარების  გამოცდის აპრობაციაზე  მსურველები ძალიან ბევრი იყვნენ. ადგილები პირველივე დღეს შეივსო. რადგან გეოგრაფიის გამოცდის პილოტირებაზე ბევრმა არ გამოთქვა სურვილი გამოსულიყო, დარჩენილი ადგილებიც ზოგად უნარებს დავუთმეთ. თუმცა ის ადგილებიც სამ წუთში შეივსო“- განაცხადა EDU.ARIS.GE-სთან საუბარში ცენტრის დირექტორმა მაია მიმინოშვილმა.

თუმცა როგორც დღეს გაირკვა, რეგისტრაცია გავლილები  უშუალოდ პროცესზე გამოცხადებულ აბიტურიენტებს ბევრად ჭარბობდნენ. როგორც ზოგადი უნარების ჯგუფის ხელმძღვანელმა ჩვენთან საუბარში აღნიშნა აპრობაციაზე რეგისტრირებული აბიტურიენტების მხოლოდ 50-70% გამოცხადდა.

sssofo-e1448541844436,,სამწუხაროა როდესაც ასე ხდება. მეტი პასუხისმგებლობაა საჭირო. დარეგისტრირდნენ და არ მოვიდნენ, არადა მათ გამო ბევრმა ისეთმა ვერ გაიარა რეგისტრაცია, ვისაც მართლაც სურდა აპრობაციაში მონაწილეობის მიღება. რაც შეეხება თავად პროცესს-აპრობაციას ყოველწლიურად ვატარებთ. ეს არ არის დამოკიდებული იმაზე, ნახევრად ელექტრონულად, ელექტრონულად თუ ფურცელზე ჩატარდება გამოცდა. აპრობაცია აუცილებელია. შედეგებით ჩვენ ვადგენთ რამდენად რთული თუ მარტივია ტესტი, რამდენად კარგად არის მორგებული აბიტურიენტს, რამდენად  კარგად არის ჩამოყალიბებულია აზრი – ეს ფსიქომეტრული მაჩვენებელი ყოველთვის გვჭირდება ტესტის დასახვეწად, სირთულის დასაბალანსებლად,“- ასე განმარტა პილოტირების რეჟიმის მნიშვნელობა ზოგადი უნარების ჯგუფის ხელმძღვანელმა სოფო დოლიძემ.

23რაც შეეხება მოდელირებული გამოცდიდან გამოსული აბიტურიენტების შეფასებას ის სხვადასხვაგვარი აღმოჩნდა. ნაწილი აბიტურიენტების ტექნიკურად გაუმართავ პროცესზე ჩიოდა, ნაწილი კი მოხარული იყო რომ ელექტრონული ფორმატი იმაზე უფრო მარტივი აღმოჩნდა, ვიდრე მოლოდინი ჰქონდათ.

ელენე ბურდულაძე,  თბილისი  – რთული არ იყო. განსაკუთრებული არაფერი. ელექტრონული ფორმატიც არ აღმოჩნდა ისეთი, როგორიც  მეგონა. ტესტშიც მარტივად გავერკვიე და მთლიანად ინსტრუქციაშიც. ერთიან ეროვნულ გამოცდებზე უფრო მომზადებული გავალ.

გურამ მელიქიძე თბილისი- მე მათემატიკას ვაბარებ, ამიტომ ვთვლი, რომ უნარების მათემატიკური ნაწილი რთული არ ყოფილა. ვფიქრობ, წინა წლებთან შედარებით წელს ვერბალური ნაწილიც გაამარტივეს. რაც შეეხება ელექტრონულ ფორმატს – მე მაგალითად ძალიან გამიიოლდა.

ზაზა სოზაშვილი თბილისი – საშინელება იყო, პროგრამა ჭედავდა. ნახევარი საათი ველოდი გასწორებას. დასახვეწია მთლიანად. ტექნიკურთან ერთად შინაარსობრივი პრობლემებიც იყო. კითხვები ჩამოსაყალიბებელი და ქართულად გასამართია, პასუხებიც არეული იყო.

ნათია გელხველიძე რუსთავი – თავიდან იყო მცირე ტექნიკური ხარვეზები, მაგრამ მალევე მოგვარდა. ტესტი ყოველწლიურად რთულდება და მომეჩვენა, რომ წელსაც ოდნავ გართულებულია თუმცა საგანგაშო არაფერია. კომპიუტერთან მუშაობას რაც შეეხება ეს სირთულე არ ყოფილა.

ნინო ოსაძე თბილისი – საშინლად გაუმართავი პროგრამა იყო. ნახევარი საათი ვცდილობდით სისტემა ჩაგვერთო. კოდი არ შედიოდა, ჭედავდა, ისრები არ მოძრაობდნენ, ტესტიდან ტესტზე გადასვლა ჭირდა.  საშინელება იყო იმედია, გამოცდებამდე ამ ტექნიკურ პრობლემებს მოაგვარებენ. რაც შეეხება თავად ტესტს, შინაარსობრივად რთული არ იყო, თუმცა არც მარტივი, უფრო საშუალო სირთულის.

დიმიტრი აგიევი თბილისი – ტესტი რთული არ იყო თუმცა ტექნიკური საკითხებია მოსაგვარებელი. სისტემას აქვს პრობლემები. დიდი დრო დასჭირდა სისტემის გახსნას. თავად დავალებები განსხვავებული და ორიგინალური იყო წინა წლებთან შედარებით და ეს საინტერესოა, მე მომეწონა. რაც შეეხება კომპიუტერთან მუშაობას, ეს რა სალაპარაკოა რთული ნამდვილად არ ყოფილა, პირიქით, უკეთესიც კი არის.

მარიკა კერესელიძე იმერეთი – ელექტრონული ფორმულა იმაზე უფრო მარტივი იყო ვიდრე მოლოდინი მქონდა. ძალიან მიხარია, რომ ამ პროცესში მონაწილეობა მივიღე, რადგან გამოცდებზე უფრო იმედიანად გავალ. ტესტები მარტივი არ იყო უფრო საშუალო სირთულის. ვინც სწავლობდა ჩაბარება არ გაუჭირდებათ. ძალიან კმაყოფილი მივდივარ ცენტრიდან.

EDU.ARIS.GE დაინტერესდა რამ გამოიწვია ტექნიკური სახის ხარვეზები საგამოცდო ცენტრში და რამდენად სწრაფად მოგვარებად პრობლემასთან ჰქონდათ აპლიკანტებს საქმე. ცენტრის ხელმძღვანელმა მაია მიმინოშვილმა ჩვენთან საუბარში განმარტა, რომ ხარვეზი მიზნობრივად იყო გამოწვეული.

,,ეს არ იყო ტექნიკური ხარვეზი. შეგნებულად გავაკეთეთ ასე. მოგეხსენებათ, ყველა საგამოცდო ცენტრში მონტაჟდება სერვერები. სატესტო რეჟიმში კი ჩვენი საინფორმაციო ტექნოლოგიების ჯგუფი რამდენიმე მეთოდს იყენებს. ეს კი იმისთვის, რომ შემდეგ შევარჩიოთ საუკეთესო. სწორედ სერვერიდან სერვერზე გადართვის პროცესთან არის დაკავშირებული ის საკითხი, რაც დღეს აბიტურიენტებს ტექნიკური ხარვეზი ეგონათ. მე არ ვარ აღნიშნულის სპეციალისტი უფრო დეტალურად რომ ავხსნა. თუმცა გეტყვით, რომ სხვა დროს შესაძლებლობა იმის, რომ ეს ყველაფერი გამოვცადოთ არ გვაქვს. მართალია ცოტა დისკომფორტი შევუქმენით აბიტურიენტებს, თუმცა ვცდილობდით მალევე მოგვეგვარებინა ყველაფერი. ეს ჩვენთვის ძალიან მნშვნელოვანია, რათა პროცესშივე შევარჩიოთ ყველაზე ეფექტური მეთოდი,“- განაცხადა მიმინოშვილმა.

შეგახსენებთ, ერთიანი ეროვნული გამოცდები პირველ ივლისს იწყება. იმ აბიტურიენტების საყურადღებოდ კი ვინც პილოტირების რეჟიმში მონაწილეობა ვერ მიიღო, ტესტის სრული ვერსია და ტესტში მოძრაობის ინსტრუქციები შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის გვერდზეა ხელმისაწვდომი.

ყველა ინფორმაცია გამოცდების შესახებ

ეკა არის© წივწივაძე

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური