GE

ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში აკადემიის 23 წლის იუბილე აღინიშნა

დავით აღმაშენებელის სახელობის საქართველოს ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში აკადემიის 23 წლის იუბილე აღინიშნა. ღონისძიება ეროვნული გვარდიის სამხედრო-საჩვენებელი ორკესტრის მიერ შესრულებული საქართველოს სახელმწიფო ჰიმნით გაიხსნა.

უმაღლესი სამხედრო სასწავლებლის წარმომადგენლებს აკადემიის იუბილე საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა, გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ და აკადემიის რექტორის მოვალეობის შემსრულებელმა, ვიცე-პოლკოვნიკმა ვასილ კოპეიკინმა მიულოცეს.

ღონისძიების ფარგლებში საქართველოს პრეზიდენტმა, თავდაცვის მინისტრმა, გენერალური შტაბის უფროსმა და აკადემიის რექტორის მოვალეობის შემსრულებელმა აკადემიის პირადი შემადგენლობა სამსახურებრივი მოვალეობის ღირსეულად შესრულებისთვის დააჯილდოვეს.

დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემია უმაღლესი სამხედრო საგანმანათლებლო დაწესებულებაა, რომლის მიზანია საქართველოს შეიარაღებული ძალებისა და ქვეყნისთვის უმაღლესი აკადემიური და სამხედრო განათლების, მაღალი მორალისა და ლიდერის თვისებების მქონე ოფიცერთა კორპუსის ჩამოყალიბება.

ეროვნულ თავდაცვის აკადემიას საკმაოდ ხანგრძლივი ისტორია აქვს. ზუსტად 23 წლის წინ, 28 მაისს, საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებისა და თავდაცვის მინისტრის ბრძანების საფუძველზე დაარსდა საქართველოს რესპუბლიკის გაერთიანებული სამხედრო აკადემია. 4 წლის შემდეგ, 1997 წლის 12 ივლისს, აკადემიამ ქართველ ოფიცერთა პირველი ნაკადი გამოუშვა.

პირველი გამოშვებიდან დღემდე აკადემიაში ბევრი მნიშვნელოვანი ცვლილება განხორციელდა. 2011 წელს აკადემიამ გაიარა ავტორიზაცია და მიენიჭა სასწავლო უნივერსიტეტის სტატუსი. დაინერგა ახალი საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამები, დაიხვეწა ოფიცერთა განათლების სისტემა და შეიქმნა საკარიერო სკოლები. 2015 წლის 8 სექტემბერს აკადემიამ, უკვე სასწავლო უნივერსიტეტის სტატუსით, ოფიცერთა პირველი ნაკადი გამოუშვა. საბაკალავრო სკოლა წარმატებით დაამთავრა 105-მა ლეიტენანტმა.

როგორც აკადემიის ოფიციალურ გვერდზეა აღნიშნული, ეროვნული თავდაცვის აკადემია აქტიურად განაგრძობს სასწავლო პროგრამების დახვეწასა და განვითარებას. აკადემიის საგანმანათლებლო პროგრამები დაფუძნებულია მსოფლიოში აპრობირებულ მეთოდებზე და პასუხობს სამხედრო და საგანმანათლებლო სფეროებში არსებულ თანამედროვე გამოწვევებს.

საქართველოს შეიარაღებული ძალების მოთხოვნებიდან გამომდინარე წელს აკრედიტაციას გაივლის და ამოქმედდება თავდაცვისა და უსაფრთხოების საბაკალავრო პროგრამა. ახალი სასწავლო წლიდან აკადემიის საბაკალავრო სკოლა აბიტურიენტებს უკვე სამ სპეციალობას შესთავაზებს – მენეჯმენტის, ინფორმატიკის და თავდაცვისა და უსაფრთხოების მიმართულებებს.

ცვლილებები განიცადა სამაგისტრო პროგრამებმაც. 2015-2016 სასწავლო წლიდან აკადემიის სამეთაურო-საშტაბო კოლეჯში პირველი სამაგისტრო პროგრამა ამოქმედდება. მსურველებს შესაძლებლობა ექნებათ, ჩააბარონ და ისწავლონ თავდაცვის ანალიზის სამაგისტრო პროგრამაზე.

დღეისათვის ეროვნული თავდაცვის აკადემია საქართველოში არსებული ერთადერთი უმაღლესი სამხედრო საგანმანათლებლო დაწესებულებაა, სადაც საბაკალავრო, სამაგისტრო პროგრამები და ოფიცერთა საკარიერო სკოლები ფუნქციონირებს.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური