GE

ერთი უმაღლესით ნაკლები – რატომ დაიხურა ამერიკულ ჰუმანიტარული უნივერსიტეტი?

ამერიკულ ჰუმანიტარული უნივერსიტეტის თბილისის ფილიალი შემდგომი სასწავლო წლისთვის სტუდენტების მიღებას ვეღარ შეძლებს. ამის შესახებ  შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა აბიტურიენტები უკვე გააფრთხილა:

2015 წლის 26 აგვისტოდან სსიპგანათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2015 წლის 11 მაისის №383106 წერილის თანახმად ამერიკული ჰუმანიტარული უნივერისტეტის თბილისის ფილიალი აღარ იქნება უფლებამოსილი, განახორციელოს საგანმანათლებლო საქმიანობა. ამასთან, ამერიკულ ჰუმანიტარული უნივერისტეტის 2015 წლის 14 მაისის №271 კორესპონდენციით თანახმად, ის ვეღარ შეძლებს 2015-2016 სასწავლო წელს აკრედიტებულ პროგრამებზე აბიტურიენტთა ჩარიცხვას. ამდენად აბიტურიენტებს, რომლებსაც 2015 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე რეგისტრაციისას მითითებული ჰქონდათ ზემოაღნიშნული უნივერსიტეტის რომელიმე საგანმანათლებლო პროგრამა, სადაც მათ სურდათ სწავლის გაგრძელება, გთხოვთ მიიღოთ მხედველობაში, რომ აღნიშნული არჩევანი ავტომატურად გაუქმებულ იქნება საგანმანათლებლო პროგრამების ჩამონათვალიდან სსიპშეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ“, – აღნიშნული იყო ცენტრის განცხადებაში.

Aris.ge- განათლება დაინტერესდა, რამდენ აბიტურიენტს ჰქონდა არჩეული აღნიშნული უნივერსიტეტი პრიორიტეტული ფაკულტეტების ჩამონათვალში და რამდენად შესაძლებელია, რომ ასეთი ტიპის ცვლილება აბიტურიენტთა ცნობარში ეროვნულ გამოცდებამდე ერთი თვით ადრე განხორციელდეს.

როგორც გამოცდების ეროვნული ცენტრის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და მარკეტინგის  სამსახურის ხელმძღვანელი მაია გაბუნია ამბობს, მათთვის ცნობილი არ არის, თუ რამდენმა აბიტურიენტმა აირჩია ამერიკულ ჰუმანიტარული უნივერსიტეტი.

„უნივერსიტეტების არჩევა ივლისის ბოლომდე გრძელდება, ანუ მათ ახლაც შეუძლიათ აირჩიონ, შეცვალონ თავისი არჩევანი და ჩვენ ამ სტატისტიკას არ ვაკეთებთ, იმის გათვალისწინებით, რომ სურათი ყოველდღიურად იცვლება. დიდი ალბათობით, ექნებათ შემოხაზული ეს უნივერსიტეტი. ზოგჯერ მხოლოდ შედეგების გაგების შემდეგ უთითებენ სასურველ უნივერსიტეტს. შეიძლება აბიტურიენტებისთვის ეს არ იყოს სასიამოვნო ინფორმაცია, მაგრამ, ყოველშემთხვევაში, მათ დროულად ეცნობათ ამის შესახებ და აქვთ დიდი დრო, რათა სხვა უნივერსიტეტები დააფიქსირონ“, – აღნიშნავს მაია გაბუნია Aris.ge-განათლებასთან საუბარში.

მისი თქმით, გამოცდების ეროვნული ცენტრის  კომპეტენციას სცილდება ის საკითხი, თუ რატომ ამოიღეს გამოცდებამდე ერთი თვით ადრე, იანვარში დამტკიცებული ცნობარიდან ამერიკული ჰუმანიტარული უნივერსიტეტი.

„ავტორიაზია იქნება ეს თუ აკრედიტაცია, ამას განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი აკეთებს. ჩვენ კი გვევალება, მას შემდეგ, რაც გაუუქმდა აკრედიტაცია, ამოვიღოთ ეს უნივერსიტეტი ცნობარიდან, რომ აბიტურიენტი შეცდომაში არ შევიდეს და შემთხვევით  არ აირჩიოს“, – ამბობს გაბუნია.

რაც შეეხება ამერიკულ ჰუმანიტარული უნივერსიტეტისთვის, 2015 წლის 26 აგვისტოდან,  აკრედიტაციის გაუქმებას, როგორც განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ხარისხის უზრუნველყოფის განვითარების სამმართველოს უფროსი ლაშა მარგიშვილი ამბობს, ეს  თავად უნივერსიტეტის ადმინისტრაციამ მოითხოვა:

„ამ სასწავლებელმა აკრედიტაცია მოიპოვა 2010 წლის 26 აგვისტოს, 5 წლის ვადით, შესაბამისად, მათ 2015 წლის 26 აგვისტოს გასდიოდათ ვადა. საავტორიზაციო განაცხადი უნივერსიტეტმა იანვარში შემოიტანა, დაიწყო წარმოება. შემდგომ კი ამ დაწესებულებამ მოითხოვა წარმოების შეწყვეტა, მათ აქვთ ამის უფლება. ჩვენ შევწყვიტეთ წარმოება. მათ პროგრამები აკრედიტებულ რეჟიმში რჩებათ 26 აგვისტომდე. ამის შემდეგ სტუდენტები ისარგებლებენ კანონმდებლობით მინიჭებული უფლებით და გადავლენ სხვა სასწავლებლებში მობილობით.  26 აგვისტოს შემდეგ აღარ ექნება, არც ავტორიზაცია და არც აკრედიტაცია. აღნიშნული ვადის შემდეგ მას უფლება არ აქვს, ეწეოდეს საქმიანობას“, – განუცხადა Aris.ge- განათლებას ლაშა მარგიშვილმა.

ამერიკული ჰუმანიტარული უნივერსიტეტის თბილისის ფილიალი – სასწავლო უნივერსიტეტი ამჟამად შემდეგ სასწავლო პროგრამებს ახორცილებს: სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე – საერთაშორისო ურთიერთობების საბაკალავრო პროგრამას. ბიზნესის და მართვის ფაკულტეტზე – ბიზნესის ადმინისტრირებისა და მენეჯმენტის საბაკალავრო და   საერთაშორისო ბიზნესის მენეჯმენტის სამაგისტრო პროგრამებს.

რაც შეეხება სწავლების გადასახადს, ამერიკული ჰუმანიტარული უნივერსიტეტის თბილისის ფილიალში 2013–14 სასწავლო წელს ჩარიცხულ სტუდენტთათვის, სწავლების წლიური გადასახადი ბაკალავრიატის საფეხურზე – 3950, ხოლო მაგისტრატურაზე 3800 ლარია. ამჟამად, როგორც სამაგისტრო, ასევე საბაკალავრო პროგრამაზე 120 სტუდენტი სწავლობს.

ამერიკული ჰუმანიტარული უნივერისტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, კირა კიწმარიშვილის თქმით, თუ სასწავლებელი გაივლიდა აკრედიტაციას, მომავალი სასწავლო წლიდან იგეგმებოდა სწავლის საფასურის 2250 ლარამდე შემცირება. მაგრამ ეს არ ეხება მათ, ვინც უკვე არის ამერიკული ჰუმანიტარული უნივერისტეტის  სტუდენტი. მათ სწავლის გადასახადი არ შეეცვლებათ.

კითხვაზე, თუ რატომ მოითხოვა უნივერსიტეტმა ავტორიზაციის მოსაპოვებელი წარმოების შეწყვეტა, კირა კიწმარიშვილი ფინანსურ პრობლემებს ასახელებს:

ეს არ არის აკრედიტაციის გაუქმება, არამედ 2015 წლის 26 აგვისტოს სრულდება 5 წლიანი ავტორიზაციის ვადა, რომელიც 2015 წელს არ გაგვიგრძელებია. მიმდინარე სემესტრში სტუდენტები ჩვეულებრივ აგრძელებენ სწავლას აკრედიტებულ რეჟიმში, ხოლო 2015-2016 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრისთვის, მათ შეეძლებათ ისარგებლონ მობილობით. სიმართლე გითხრათ, ფინანსურმა პრობლემებმა გამოიწვია ეს სიტუაცია.  უნივერსიტეტს აღარ ჰქონდა ფინანსური რესურსი. ჩვენ გვაქვს მემორანდუმი ერთ-ერთ უნივერსიტეტთან, ესაა „ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტი“. აგვისტოს მობილობით, ჩვენი სტუდენტები ამ უნივერსიტეტში გადავლენ. მათ აქვთ უფლება აირჩიონ ჩვენ მიერ შეთავაზებული უნივერსიტეტი, ან გადავიდნენ რომელიმე სხვა უნივერსიტეტში“,- აღნიშნა Aris.ge -განათლებასთან საუბარში კირა კიწმარიშვილმა.

ენდობა თუ არა 120 სტუდენტი ამერიკული ჰუმანიტარული უნივერისტეტის ადმინისტრაციის რჩევას, მას შემდეგ, რაც მათ იმედები ერთხელ უკვე გაუცრუვდათ, ამას დრო გვიჩვენებს. Aris.ge- განათლება სექტემბრის მობილობის შედეგებით აუცილებლად დაინტერესდება.

 ცისანა არის© შერგილაშვილი

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური