GE

ერთიან ეროვნულ გამოცდებში წელს 13 მსჯავრდებული მიიღებს მონაწილეობას

2015 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებში 13 მსჯავრდებული მიიღებს მონაწილეობას. როგორც Aris.ge-განათლებას შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში განუცხადეს, 13 მსურველიდან 12 ბაკალავრიატის პირველ კურსზე ჩასაბარებლად იბრძოლებს, ერთი კი სამაგისტრო გამოცდას ჩააბარებს.

ამასთან, როგორც Aris.ge-განათლებას გამოცდების ეროვნული ცენტრის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განუმარტეს, აღნიშნული ციფრი შესაძლოა შეიცვალოს იმ შემთხვევაში, თუკი გამოცდების ჩაბარების მსურველი მსჯავრდებულები საგამოცდო პროცესში მონაწილეობასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას შეცვლიან ან რაიმე სხვა დამოუკიდებელი მიზეზი ექნებათ.

პატიმარები გამოცდებში მონაწილეობას სხვა აბიტურიენტების მსგავსად, ჩვეულებრივ საგამოცდო ცენტრებში მიიღებენ, რომლებიც თბილისსა და რეგიონებში გაუხსნება. მათ გამოცდის დროს ტესტირების ადგილამდე სპეციალური ბადრაგი მიიყვანს. გამოცდების პროცესის დასრულების შემდეგ კი, თუკი ისინი სტუდენტები გახდებიან, სასწავლო პროცესში მონაწილეობის წესს და ფორმას სასჯელაღსრულების სამინისტრო დაარეგულირებს.

ერთიანი ეროვნული გამოცდები 2 ივლისს ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით გაიხსნება და  22 ივლისს, ქიმიის გამოცდით დასრულდება.

მაგისტრანტობის მსურველებისთვის  გამოცდები 9 ივლისს დაიწყება,  სტუდენტთა საგრანტო კონკურსი კი 20 ივლისს ჩატარდება.

ერთიანი ეროვნული გამოცდები 2015-ის ფარგლებში, ქვეყნის მასშტაბით სულ 19  საგამოცდო ცენტრი იმუშავებს. საგამოცდო ცენტრები იქნება  ქალაქებში: ბათუმი, ფოთი, ზუგდიდი, ოზურგეთი, ქუთაისი, ახალციხე, გორი, თბილისი, რუსთავი, თელავი და  ხულო.

ბოლო მონაცემებით, წლევანდელი  ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის 40 000-ზე მეტი აბიტურიენტი დარეგისტრირდა,  სტუდენტთა  საგრანტო კონკურსისათვის  4 000-ზე მეტი აპლიკანტი, საერთო სამაგისტრო გამოცდისათვის კი, 12 500-ზე მეტი მსურველი.

2015 წლის მისაღებ გამოცდებზე აბიტურიენტებს უფრო მეტი სააზროვნო დავალება ექნებათ

რა შემთხვევაში მოიხსნება აბიტურიენტი ეროვნული გამოცდიდან?

გიორგი არის© ხურცია

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური