GE

ერთიანი ეროვნული გამოცდები 2015 იწყება

2 ივლისს ერთიანი ეროვნული გამოცდები იწყება. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორმა მაია მიმინოშვილმა, გამოცდებამდე ერთი დღით ადრე შემაჯამებელი ბრიფინგი გამართა. 2015 წლის საგამოცდო პროცესი ხვალ ერთიანი ეროვნული გამოცდებით დაიწყება და პირველი გამოცდა ქართულ ენასა და ლიტერატურაში ჩატარდება.

მიმინოშვილმა ჟურნალისტებს დარეგისტრირებული აბიტურიენტების რაოდენობის, საგამოცდო ცენტრებისა და პროცესის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა.

„19 საგამოცდო ცენტრია, ეს 19-ვე საგამოცდო ცენტრი სრულ მზადყოფნაშია. დღეს ყველგან ჩატარდა გენერალური რეპეტიცია და ყველაფერი მოწყობილია. ორი დღის წინ ყველა საგამოცდო შენობა გადაეცა შინაგან საქმეთა სამინისტროს. გამოცდების პერიოდში უსაფრთხოებაზე ზრუნვა ძალიან მნიშვნელოვანია და სწორედ ეს უწყება აიღებს პასუხისმგებლობას. თითოეულ საგამოცდო ცენტრში გვყავს ექიმები, მობილიზებული იქნება სახანძრო და სასწაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადები. პირველი ნაკადის რეგისტრაცია ხვალ 08:00 საათზე დაიწყება, მეორე ნაკადის კი 14:00 საათზე“,- განაცხადა მაია მიმინოშვილმა.

აბიტურიენტების რესურსცენტრებთან მისვლის გამარტივების მიზნით შექმნილია სპეციალური მარშრუტები. რაც შეეხება საგამოცდო ტესტებს, ყველა საგამოცდო ცენტრი ტესტებს გაძლიერებული დაცვის მეთვალყურეობის ქვეშ, დილის 07:00 საათზე მიიღებს. 2015 წლის საგამოცდტესტებს 06:30 საათზე, ეროვნული ბანკის საცავიდან საგამოცდო ცენტრებში გადაიტანენ. პროცესს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე  ივა მინდაძე დაესწრება. 

მაია მიმინოშვილის განცხადებით, წელს სპეციალური პირობები გამოცდაზე 100-ზე მეტ აბიტურიენტს სჭირდება და მათი ეს მოთხოვნა დაკმაყოფილებულია. გამოყენებული იქნება როგორც ბრაილის შრიფტით მომზადებული ტესტები, ასევე მსხვილი შრიფტით დაბეჭდილიც.

გარდა ამისა, აღრიცხულები არიან ის აბიტურიენტებიც. რომლებსაც გამოცდაზე მედიკამენტები სჭირდებათ და მათ ამ პრეპარატების საგამოცდო სექტორში შეტანის უფლება მიეცემათ.

მაია მიმინოშვილის განცხადებით, იმ შემთხვევაში თუ აბიტურიენტს ჯანმრთელობის მძიმე პრობლემა შეექმნა, ის მოიხსნება გამოცდიდან და გამოეთიშება კონკურსს. მისი თქმით გასულ წელს გამონაკლისი დაფიქსირდა და მიუხედავად ჯანმრთელობის დამძიმებისა, ოჯახთან და ექიმებთან შეთანხმებით, აბიტურიენტს ტესტის დასრულების საშუალება მიეცა.

რაც შეეხება აუცილებელ ნივთებს, თუ აბიტურიენტი საგამოცდო ცენტრთან პირადობის მოწმობისა და საგამოცდო ბარათის გარეშე გამოცხადდება, ის გამოცდაზე არ დაიშვება.

აბიტურიენტები რეგისტრაციას 08:00 საათზე 19 საგამოცდო ცენტრში ერთდროულად გაივლიან. საგამოცდო ცენტრები შემდეგ ქალაქებში გაიხსნება: ბათუმი, ფოთი, ზუგდიდი, ოზურგეთი, ქუთაისი, ახალციხე, გორი, თბილისი, რუსთავი, თელავი, ხულო. ყველა საგამოცდო ცენტრში არის სამედიცინო პუნქტი, ცენტრების მიმდებარე ტერიტორიაზე მობილიზებული იქნება სასწრაფო დახმარების მანქანა, სამაშველო სამსახური და საპატრულო პოლიცია.

წელს გამოცდებისათვის რეგისტრირებულ აპლიკანტთა რაოდენობა ასე გამოიყურება
• ერთიანი ეროვნული გამოცდები – 40 000 – მდე აბიტურიენტი;
• სტუდენტთა საგრანტო კონკურსი – 4 000 – ზე მეტი სტუდენტი;
• საერთო სამაგისტრო გამოცდა – 12 500 – ზე მეტი კანდიდატი;
• პედაგოგთა საგნობრივი გამოცდა – 17 000 – ზე მეტი პედაგოგი.

საგამოცდო ცენტრებთან მისასვლელი მარშრუტები

ერთიან ეროვნულ გამოცდებთან დაკავშირებით თბილისის მერია სპეციალურ განცხადებას ავრცელებს

დამატებითი ინფორმაცია აბიტურიენტებისთვის

ცისანა არის© შერგილაშვილი

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური