GE

ევროპის კვირეულის ფარგლებში თამარ სანიკიძემ გამარჯვებული მოსწავლეები დააჯილდოვა

საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში, ევროპის კვირეულის ფარგლებში, ევროპის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა. მოწვეულ სტუმრებს, რომელთა შორის იყვნენ აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის, აგრეთვე, საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები.

განათლების სამინისტროს ინფომრაციით, ღონისძიების ფარგლებში ოთხი სოციალური ვიდეორგოლის პრეზენტაცია გაიმართა. ბიზნესისა და სოფლის მეურნეობის განვითარების, გარემოს დაცვისა და განათლების თემებზე ქართულ, აზერბაიჯანულ, სომხურ, აფხაზურ და ოსურ ენებზე მომზადებული ვიდეორგოლები მიზნად ისახავს ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმებისა და თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ღრმა და ყოვლისმომცველი ხელშეკრულების თაობაზე ინფორმაციის გავრცელებას საზოგადოებაში.

ამავე ღონისძიების ფარგლებში გაიმართა ახალგაზრდული ფოტო კონკურსის – „ჩემი ევროპა“ – გამარჯვებულთა დაჯილდოების ცერემონიაც. საქართველოს ევროპული მომავლის თემაზე გამართულ ფოტოკონკრუსში მე-9-მე-12 კლასის სკოლის მოსწავლეები იღებდნენ მონაწილეობას მთელი ქვეყნის მასშტაბით. ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო ჟიურის მიერ შერჩეული 16 საუკეთესო ფოტო, რომელთა ავტორებს პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, თამარ სანიკიძემ სიგელები და წარმოდგენილი ფოტოებისგან შექმნილი ფოტოალბომები გადასცეს საჩუქრად, ხოლო სოციალური ქსელის – „ფეისბუქის“ ფავორიტი ფოტოს ავტორი, ასევე, პირველი, მეორე და მესამე ადგილის მფლობელები, სიგელებთან ერთად, წიგნების მაღაზიის სასაჩუქრე ვაუჩერით, ტაბლეტებით და ფოტოაპარატით დასაჩუქრდნენ.

ევროპის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება საქართველოს პარლამენტის ორგანიზებით და ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელშეწყობით გაიმართა.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური