GE

გაეროს განვითარების პროგრამის ფარგლებში შექმნილი ელექტრონული სასწავლო მასალების პრეზენტაცია გაიმართა

გაეროს განვითარების პროგრამის ფარგლებში, „ელექტრიკოსისა“ და „რძის გადამუშავების სპეციალისტის“ პროფესიებისთვის ელექტრონული სასწავლო მასალები შეიქმნა. დღეს, ამ რესურსების პრეზენტაცია გაიმართა, რომელსაც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე ქეთევან ნატრიაშვილი დაესწრო.

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, გაეროს განვითარების პროგრამა (პროექტი „ უნარები დასაქმებისთვის – მე-2 ფაზა“) განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან ერთად, აქტიურად მონაწილეობს ახალი მოდულური საგანმანათლებლო პროგრამების შექმნასა და მათ დანერგვაში. ამ მიმართულებით ძალზე მნიშვნელოვანია მოდულების შესაბამისი სასწავლო მასალების შექმნა. გაეროს განვითარების პროგრამა ცდილობს მოდულური სწავლების პროცესში ინოვაციური მოდელების დანერგვას. ამ მხრივ ძალზე საინტერესოა ელექტრონული სწავლების განხორციელება ვირტუალური კომპიუტერული მოდელების გამოყენებით.

ამ ეტაპისთვის ელექტრონული სასწავლო მასალები შექმნილია „ელექტრიკოსისა“ და „რძის გადამუშავების სპეციალისტის“ პროფესიებისთვის. წლის ბოლომდე დაგეგმილია ასეთი მასალები შეიქმნას შემდეგი პროფესიებისთვის:

  • ხილისა და ბოსტნეულის გადამმუშავებელი;
  • მევენახე-მეღვინე;
  • ტრაქტორისტ-მემანქანე (ეს შეიძლება გამოყენებულ იქნას ასევე ფერმერის, მემცენარის, მეხილის პროფესიებისთვის)

დაგეგმილია პედაგოგთა ტრენინგი ამ ინოვაციური მოდელის პროფესიულ სასწავლებლებში დანერგვის მიზნით.

,,ვირტუალური მოდელი წარმოადგენს ელექტრონულ სასწავლო ვირტუალურ ლაბორატორიას, რომელსაც შეუძლია ქმედებების განხორციელება რეალური მოწყობილობის გარეშე. ვირტუალური ლაბორატორიის დახმარებით, სტუდენტი ახდენს რეალური პროცესების მოდელირებას.
პროფესიული სასწავლებლის სტუდენტს ექნება ამა თუ იმ პროცესის ან მოვლენის პარამეტრების ცვლილებაში ჩარევის შესაძლებლობა და ამის შემდეგ კი, პროცესის ცვლილების ვიზუალური აღქმა. ვირტუალური ექსპერიმენტი მაქსიმალურად იქნება რეალობასთან მიახლოებული. ამავე დროს შესაძლებელი იქნება უხილავ მოვლენათა ვიზუალიზაცია. ყოველივე ეს საშუალებას მისცემს სტუდენტს უფრო ღრმად ჩაწვდეს მოვლენათა არსს და თვითონ გახდეს ექსპერიმენტის თანამონაწილე”, – ნათქვამია განათლების სამინისტროს განცხადებაში.

მათივე ცნობით, პროგრამა თვალს ადევნებს გამოსაცდელი პირის მოქმედებათა მიმდევრობას დასმული ამოცანის გადაჭრისას. ამ პროგრამის ჩანაწერების განხილვისას იოლდება მოსწავლის ცოდნის ხარისხისა და კრეატულობის დადგენა:

,,ამ მოდელის გამოყენებას აქვს მთელი რიგი უპირატესობები:
– შესაძლებელია მოვლენის შესწავლა რეალურ ვითარებაში დაკვირვების გარეშე;
– შესაძლებელია მოვლენის სიმულაცია/გამეორება შეუზღუდავად;
– შესაძლებელია პარამეტრის ცვლილება ისეთ დიაპაზონში, რომელიც რეალურად დაუშვებელია ან საერთოდ შეუძლებელი;
– თუ რეალური მოვლენის დროს მონაცემების მიღება მოითხოვს სპეციალურ საშუალებებს და საკმაოდ შრომატევადია, ვირტუალური ლაბორატორიების გამოყენების დროს ეს პროცესი საკმაოდ მარტივია.
ვირტუალური ლაბორატორიების ეფექტური გამოყენება საშუალებას იძლევა ხელი შეეწყოს არა მხოლოდ განათლების ხარისხის ამაღლებას, არამედ ფინანსური რესურსების დაზოგვას,” – აღნიშნულია განცხადებაში.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური