GE

გაერთიანდება თუ არა საატესტატო და უმაღლესში მისაღები გამოცდები – მინისტრის პასუხი

გაერთიანდება თუ არა სკოლის გამოსაშვები და უმაღლესში მისაღები გამოცდები – ამ საკითხზე განათლებისა და მეცნიერების მინისტრი კონსულტაციებს ექსპერტებთან მართავს. EDU.ARIS.GE-ს კითხვის საპასუხოდ მინისტრმა განაცხადა, რომ გამოცდების გაერთიანება რთულია  როგორც  ტექნიკურად, ასევე განხორციელების კუთხითაც.

,,საკითხი არის ძალიან რთული ტექნიკურადაც  და განხორციელების კუთხითაც.  რაც უფრო ადვილი იქნება მოსწავლისთვის პროცესი – ეს გვინდა ჩვენც, ამის მომხრე ვარ პირადადაც.  მეორე მხრივ, მე ამ ეტაპზე კონსულტაციებს ექსპერტებთან გავდივარ და ისინი მეუბნებიან, რომ ყველა სკოლა მზად არ არის ისეთი გამოსაშვები გამოცდები ჩაატაროს, რომელიც შესაბამისობაში იქნება მისაღები გამოცდების სტანდარტთან. განსხვავებები არის და ამაზე მუშაობა მიმდინარეობს,” – განაცხადა მინისტრმა.

მისივე ვარაუდით, რაღაც პერიოდის განმავლობაში სკოლის დამამთავრებელი და უმაღლესში მისაღები გამოცდები ცალ-ცალკე ჩატარდება. მათი გაერთიანების შესაძლებლობა   2017-2018 წლისათვის  კი საერთოდ გამორიცხულია. შესაბამისად, აბიტურიენტები ამ კუთხით რაიმე სახის გრანდიოზულ ცვლილებას არ უნდა ელოდონ.

საატესტატო და მისაღები გამოცდების ოპტიმიზაციაზე აქტიური საუბარი თამარ სანიკიძის მინისტრობის პერიოდში აქტიურად მიმდინარეობდა.

ჯეჯელავას წინამორბედი გამოცდების ოპტიმიზაციას 2016-2017 სასწავლო წლისთვის ვარაუდობდა. გამოცდების გაერთიანების  ან  მათი რაოდენობის შემცირების შესაძლებლობის შესახებ თამარ სანიკიძემ პირველად  “განათლებისა და მეცნიერების სისტემის განვითარების ძირითადი სტრატეგიული მიმართულებების” შესახებ მიმდინარე კონფერენციაზე ისაუბრა. 2015 წელს  მინისტრი აცხადებდა, რომ განათლების სისტემის გრძელვადიან ხედვაში გამოცდების გაერთიანების საკითხი უკვე გაწერილი იყო.

„ოპტიმიზაცია იმ თვალსაზრისით, რომ ხომ არ შეიძლება, იგივე შედეგის მიღწევა ერთიანი გამოცდების სისტემის ჩამოყალიბებით, რომელიც არ იქნება გახლეჩილი სკოლის დონეზე, არ იქნება გახლეჩილი ეროვნული გამოცდების დონეზე. შესაძლებელია, რომ მოსწავლემ ჩააბაროს გამოცდები სკოლის დონეზე და ამ გამოცდების შედეგებით წავიდეს უმაღლეს სასწავლებელში“,- ამბობდა სანიკიძე.

გამოცდების გაერთიანების შესაძლებლობასთან დაკავშირებით განსხვავებული პოზიცია ჰქონდა და აქვს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელს, რომლის უწყების პრეროგატივაა გამოცდების ჩატარება. თამარ სანიკიძის მოსაზრების საპასუხოდ მაია მიმინოშვილი აცხადებდა, რომ განათლების სფეროში ცვლილებები საგამოცდო სისტემის ცვლილებებით არ უნდა დაიწყოს.

”პირდაპირ და გულწრფელად გეტყვით, როდესაც რაიმე სახის ცვლილებებზეა საუბარი განათლების სფეროში, ეს საგამოცდო სისტემის ცვლილებით არ უნდა დაიწყოს.  იმიტომ, რომ დღეს არსებული სისტემა ეყრდნობა ძალიან მნიშვნელოვან და კონკრეტულ პრინციპებს, რომელიც 2005 წელს შემოვიღეთ.  თუ პრინციპები არ შეიცვალა, ბუნებრივია,  საგამოცდო მოდელის ცვლილებებზე ლაპარაკიც ზედმეტია.  მთავარი და მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, ზუსტად რა ცვლილებები იგეგმება,  რას ემსახურება ეს ცვლილებები, შენარჩუნდება თუ არა უმაღლესი სასწავლებლების სისტემის დაფინანსების დღეს არსებული სქემა,”- ეს განცხადება გააკეთა მიმინოშვილმა სამინისტროს სტრატეგიული სამოქმედო გეგმის გამოქვეყნების შემდეგ.

„საატესტატო და ეროვნული გამოცდების ოპტიმიზაცია 2017 წლისთვის უკვე გაკეთებადი იქნება“

2016-2017 წლებში მისაღები გამოცდები შემცირდება ან გამოსაშვებ გამოცდებთან გაერთიანდება

ეკა არის© წივწივაძე

 

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური