GE

„გალში, ქართული ენა და ლიტერატურა იქნება როგორც უცხო ენა მე-3 კლასიდან, კვირაში 3 საათი, ნაცვლად აქამდე არსებული 10 საათისა“

აფხაზთა კრების მონაწილე ორგანიზაციები ოკუპირებულ აფხაზეთში (გალის რაიონში) სკოლებში ქართულად სწავლების აკრძალვის შესახებ განცხადებას ავრცელებენ, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.

„რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებული აგრესიული ომის, სამხედრო ინტერვენციის, აფხაზეთისა და შიდა ქართლის (ცხინვალის რეგიონის) ოკუპაციის და ამ ტერიტორიების მიმართ მცოცავი ანექსიის პოლიტიკის განხორციელების შედეგად გალის რაიონში ამჟამად მცხოვრები 35 000–მდე ქართველი ეროვნების საქართველოს მოქალაქე ფაქტობრივად სრულად იქნა იზოლირებული როგორც დანარჩენი საქართველოდან, ასევე ზოგადად ცივილიზებული სამყაროდან.

გალის რაიონში – თანამედროვე რუსულ ,,გულაგში“ აბსოლუტურად დაუცველია ცივილიზებული სამყაროს მიერ საყოველთაოდ აღიარებული უმთავრესი ღირებულებები – ადამიანის სიცოცხლე, უსაფრთხოება, ჯანმრთელობა, კერძო საკუთრება, გამოხატვისა და რწმენის, პირადი ცხოვრებისა და გადაადგილების თავისუფლება, თავისუფლების და ხელშეუხებლობის, მონობისა და იძულებითი შრომისაგან დაცვის, პირადი ცხოვრების პატივისცემისა და სხვა ფუნდამენტური სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებები. ყოველდღიური მოვლენაა: ძალადობა, ადამიანების მკვლელობა, გატაცება, დაყაჩაღება, წამება როგორც კრიმინალების, ასევე რუსეთის სამხედრო რეჟიმის წარმომადგენლების მხრიდან.

რუსული საოკუპაციო რეჟიმის მიერ რასიზმი აყვანილია ოფიციალური ადმინისტრაციული რეგულირების და პრაქტიკის დონეზე. ამჯერად, მათი გადაწყვეტილებით 1 სექტემბრიდან გალის რაიონის სკოლებში ეტაპობრივად სრულად იკრძალება განათლების მიღება ქართულ ენაზე, ოფიციალურად იკრძალება ქართული სახელმძღვანელოები. მოსამზადებელი კლასიდან მე-4 კლასის ჩათვლით სწავლება ქართულის ნაცვლად რუსულად იქნება. ქართული ენა და ლიტერატურა იქნება როგორც უცხო ენა მე-3 კლასიდან კვირაში 3 საათი ნაცვლად აქამდე არსებული 10 საათისა. მაღალ კლასებში კი სწავლებას ჯერჯერობით ქართულად გააგრძელებენ რუსულენოვანი კადრების დეფიციტისა და დაფინანსების არქონის გამო. მაგრამ ამ კლასებში აკრძალულია საქართველოს ისტორიისა და გეოგრაფიის სწავლება. მათ ჩაენაცვლება აფხაზეთის ისტორია და აფხაზეთის გეოგრაფია რუსულენოვანი სახელმძღვანელოებით. რუსულენოვანი სწავლება განხორციელდება მხოლოდ რუსეთის ფედერაციის სკოლებისათვის დაბეჭდილი სახელმძღვანელოებით, რომლის შესაძენად მოსახლეობისგან კრეფენ ახალ ხარკს-3-3 ათასი რუბლის ოდენობით. თუმცა რეალური ვითარება გაცილებით უფრო მძიმეა. ჩვენი მონაცემებით, სოფ. ოქუმის სკოლაში ახლადდანიშნულმა დირექტორმა ვინმე ჭოლარიამ მაღალ კლასებშიც აკრძალა ქართულად სწავლება.

გალის ქვედა ზონის 11 სკოლაში ქართულად სწავლება ადრეც იდევნებოდა, მაგრამ მაინც ხერხდებოდა ღიად თუ ფარულად ქართული საგანმანათლებლო პროგრამებით სწავლება მოსახლეობის და მასწავლებელთა მნიშვნელოვანი ძალისხმევის შედეგად. საოკუპაციო ადმინისტრაცია ამას არ იმჩნევდა. ამჟამად კი პირდაპირ იქნა გაცხადებული ოკუპანტის მიზანი-გალის მოსახლეობის ქართული საგანმანათლებლო სივრციდან, ქართული სახელმწიფოსაგან მოწყვეტა და ე.წ. აფხაზურ-რუსული საგანმანათლებლო პროგრამის იძულებითი დანერგვით მისი სრული რუსიფიკაცია. დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ ეს მკაცრი ტოტალური ზომების მეშვეობით განხორციელდება.

საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართალი მკაცრად გმობს ასეთ პრაქტიკას. ჯერ კიდევ 2001 წელს ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ასეთი ქმედებები მიიჩნია ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა ევროპული კონვენციის მე-10 მუხლისა (გამოხატვის თავისუფლება) და 1-ლი ოქმის მე-2 მუხლის (განათლების უფლება) დარღვევად (საქმე #25781/94, კვიპროსი-თურქეთის წინააღმდეგ). ამავე დროს აღნიშნული ზომები წარმოადგენს გაეროს მიერ 1989 წელს მიღებული ბავშვის უფლებათა კონვენცია 28-ე და 29-ე მუხლების უხეშ დარღვევას.

უკანასკნელი წლის მანძილზე აფხაზეთის ადგილობრივი მარიონეტული ადმინისტრაციის წარმომადგენლების მიერ არაერთხელ გამოცხადდა ეს განზრახვა. ამ პერიოდში აფხაზთა კრების ორგანიზაციები აკადემიური კონფერენციებით, პრეზენტაციებით, პეტიციებით, საჯარო განცხადებებით თუ აქციებით საზოგადოებისა და ხელისუფლების ყურადღებას მივაპყრობდით აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე ქართველების მიმართ აშკარად გამოხატული რასისტული პოლიტიკისა და ოფიციალური ადმინისტრაციული პრაქტიკის ამ აღმაშფოთებელი გამოვლინებების მიმართ და ხელისუფლებისაგან მოვითხოვდით რეაგირებას მათ აღსაკვეთად ყველა ქმედითი შიდა და საერთაშორისო ბერკეტების გამოყენებას. თუმცა ამაოდ. ხელისუფლების დუმილმა, დანაშაულებრივმა უმოქმედობამ და გულგრილობამ კიდევ უფრო წაახალისა ოკუპანტი და მისი ადგილობრივი მარიონეტები.

საქართველოს ფაქტობრივ და ფორმალური მმართველობის მიერ რუსეთის მიმართ განხორციელებულმა მაამებლურმა პოლიტიკამ, ქვეყნისათვის სასიცოცხლო მნიშვნელობის პრობლემების მიჩუმათებამ და მათზე დუმილმა მნიშვნელოვანწილად განაპირობა აგრესორისა და ოკუპანტის ყოველგვარი ზღვარგადასული თავხედობა ოკუპირებულ ტერიტორიებზე.

ჩვენ არა გვაქვს მოლოდინი, რომ ამ თვალსაზრისით მთავრობა და მმართველი პოლიტიკური გუნდი არსებითად რაიმეს შეცვლის. თავად ეს ხელისუფლება უნდა შევცვალოთ მშვიდობიანი, კონსტიტუციური საშუალებებით, არჩევნების მეშვეობით დასავლური ორიენტაციისადმი მტკიცედ ერთგული პოლიტიკური ძალების ხელისუფლებაში მოსვლითა და რუსეთუმე კოლაბორაციონისტთა სრული განეიტრალებით.

ამავე დროს, აუცილებლად მიგვაჩნია ოკუპანტის ამ და სხვა ქმედებებზე აქტიური საზოგადოებრივი პროტესტი, რაც უცილობლად მიიქცევს საერთაშორისო ყურადღებას მათ მიმართ, შეზღუდავს აგრესორის ბოროტმოქმედებს და აიძულებს ხელისუფლებას სანამ არის, ხმა ამოიღოს და გაატაროს რაიმენაირი ზომები ამ მიმართულებით.

ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს საზოგადოებრივ და პოლიტიკურ სპექტრს აქტიურად წინ აღუდგეს ოკუპანტის აღვირახსნილობებს, საკუთარი ხელისუფლების უმოქმედობას და გულგრილობას და ყველა ხელმისაწვდომი საშუალებებით დაიცვას საქართველოს მოქალაქეების უფლებები ოკუპირებულ ტერიტორიებზე“, – აცხადებენ ორგანიზაციების წარმომადგენლები.

წყარო: News.ge

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური