GE

განათლების მინისტრმა პროფესორი ნოდარ ცინცაძე ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენით დააჯილდოვა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ კიდევ ერთი გამოჩენილი მეცნიერი, პედაგოგი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი ნოდარ ცინცაძე დააჯილდოვა და მას ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენი გადასცა.

ნოდარ ცინცაძეს წელს 85 წელი შეუსრულდა. მეცნიერს იუბილე და საქვეყნო აღიარება მინისტრთან ერთად, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის სამეცნიერო საბჭოს წევრებმაც მიულოცეს.

როგორც სამინისტროს ოფიციალურ გვერდზეა განმარტებული, აკადემიკოსი ნოდარ ცინცაძე არის პლაზმის ფიზიკის საყოველთაოდ აღიარებული სამეცნიერო სკოლის შემქნელი საქართველოში, 300-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი. იგი ყოველთვის მუშაობდა პლაზმის ფიზიკის ყველაზე აქტუალური და რთული პრობლების მიმართულებით. ნოდარ ცინცაძის მიერ პირველად იყო შემუშვებული სრულიად ახალი იდეა რელატივისტური პლაზმის ფიზიკაში, რომლითაც საფუძველი ჩაეყარა ძლიერი ლაზერების გამოყენებას, მას ეკუთვნის ახალი ამაჩქარებლის შექმნის იდეაც, მის მიერ შექმნილი ახალი კვანტური კინეტიკური განტოლება კი, ინტენსიურად გამოიყენება ჩვენში და საზღვარგარეთ კვანტური პლაზმის ფიზიკური მოვლენების შესწავლისას.

სამინისტროს ცნობითვე, ნოდარ ცინცაძე წლების განმავლობაში მუშაობდა მსოფლიოს სხადასხვა ქვეყანაში როგორც მიწვეული პროფესორი. 2004-2011 წლებში ბატონი ნოდარი მოღვაწეობდა ცნობილი პაკისტანელი მეცნიერის, ნობელის პრემიის ლაურეატის აბდუს სალამის კათედრაზე ლაჰორის უნივერსიტეტში (პაკიტანი), იყო პლაზმის ფიზიკის საერთაშორისო სკოლის დირექტორი აბდუს სალამის სახელობის თეორიული ფიზიკის საერთაშორისო ცენტრში (ტრიესტი, იტალია). მის მიერ აღზრდილი მრავალი მკვლევარი და მსოფლიოში აღიარებული მეცნიერი დღეს, წარმატებით მოღვაწეობს ჩვენი ქვეყნისა თუ, უცხოეთის წამვან სამეცნიერო ცენტრებსა და უმაღლეს სასწავლებლებში.

თამარ სანიკიძემ ბატონ ნოდარს მრავალწლიანი ნაყოფიერი სამეცნიერო საქმიანობისთვის, მთავრობის სახელით, მადლობა გადაუხადა და ხანგრძლივი სიცოცხლე და წარმატებები უსურვა.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური