GE

განათლების სამინისტრომ თამარ სანიკიძის მიერ გაჟღერებული ინფორმაცია უარჰყო

2015-2016 სასწავლო წლის სასკოლო სახელმძღვანელოები შესაძლოა თურქეთში დაიბეჭდოს. ამის შესახებ 26 ივნისს 2015-2016 სასწავლო წლისათვის „მოსწავლეების სახელმძღვანელოებით უზრუნველყოფის პროგრამის“ თემისადმი მიძღვნილ ბრიფინგზე განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ განაცხადა. მინისტრმა მხოლოდ ის დააკონკრეტა, რომ  ბაზარზე ახალი მოთამაშეები გამოჩდნენ და თურქული მხარე კონკურენტებთან შედარებით სამინისტროს კარგ პირობებს სთავაზობს.

„სამშაბათს დასრულდება ტენდერი და გვეცოდინება ვინ იქნება წელს სასკოლო სახელმძღვანელოების  მომწოდებელი, ყველაზე კარგი ფასი შემოგვთავაზა თურქეთმა. რა თქმა უნდა, როცა ტენდერი ცხადდება, ყველასთვის ერთნაირი პირობები გვაქვს. ფასი დოლარში არ მოგვითხოვია. ტენდერი არის ლარში. შარშან, როდესაც გავაკეთეთ კალკულაცია, გადაწყვეტილება იქნა მიღებული, რომ ამხელა თანხა უმჯობესია, საქართველოში დაიხარჯოს, ახლაც პრიორიტეტია რომ შედგეს ვაჭრობა და საქართველოში მოხდეს ამ პროექტის განხორციელება. თუმცა არსებობს კონკურენცია, ადგილობრივი მომწოდებლები მეტნი არიან და შეუძლიათ ვაჭრობაში შემოვიდნენ, მე იმედი მაქვს, რომ ისე ივაჭრებენ ქართული მომწოდებლები, რომ ეს თანხა დარჩეს საქართველოში. წიგნების დიზაინი უკვე შედგენილი იყო, მაშინ როცა ჩატარდა გრიფირება, ეს იყო 2011 წელს, დაკაბადონებული ვერსია დისკზეა ჩაწერილი, რომლის გამოყენების უფლება განათლების და მეცნიერების სამინისტროს აქვს და შესაბამისად, ჩვენ ვახორციელებთ მის ბეჭდვას”,- განაცხადა თამარ სანიკიძემ ჟურნალისტებისთვის გამართულ შეხვედრაზე. თუმცა კითხვაზე, რომელი ქართული კომპანიები იღებენ ტენდერში მონაწილეობას მინისტრმა განმარტა, რომ მათი ვინაობა მოგვიანებით გახდება ცნობილი.

მინისტრის მიერ აღნიშნული ინფორმაციის გაჟღერების შემდეგ Aris.ge-განათლებამ თამარ სანიკიძის უწყებას დამატებითი კითხვებით მიმართა. კერძოდ, თუ შესაძლებელია თურქულ მხარეზე საუბარი, შეგვიძლია თუ არა მივიღოთ ინფორმაცია იმ ქართულ კომპანიებზე, რომლებიც ასევე მონაწილეობენ ტენდერში. გარდა ამისა, დავინტერესდით, მილიონნახევარი ლარის  ღირებულების ტენდერი წიგნების დაბეჭდვისთვის გამოცხადდა, თუ შესაძენად.

როგორ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში განმარტავენ, სახელმწიფო  შესყიდვების ელექტრონული სისტემის სპეციფიკადან გამომდინარე, ვიდრე ტენდერი არ გაიხსნება, ანუ სანამ არ დასრულდება წინადადების მიღების ვადა, ვერავინ ხედავს მონაწილეებს, იგივე პრეტენდენტებს.  შესაბამისად, ვინ გააკეთა განაცხადი სახელმძღვანელობის ბეჭდვაზე მხოლოდ 30 ივნის გახდება ცნობილი.

,,30 ივნისს 12 საათზე შესაძლებელი გახდება პრეტენდენტების რაოდენობის ნახვა, ხოლო ვაჭრობის დასრულების შემდგომ მონაწილეთა დასახელება/ვინაობა გამოჩნდება. ასე რომ, თურქული მხარე იღებს თუ არა მონაწილეობას ჯერ არავინ იცის,”- ასე უპასუხეს Aris.ge-განათლებას სანიკიძის უწყებაში.

მინისტრის ბრიფინგზე ცნობილი გახდა, რომ ახალი სასწავლო წლისთვის სასკოლო სახელმძღვანელოებზე ჯამურად 5 მილიონ ნახევარს გამოყოფს. თუმცა, დაახლოებით ათი დღის წინ  Aris.ge-განათლების კითხვაზე:  ,,რა დაუჯდება უწყებას სასკოლო წიგნები” – სამინისტროდან უპასუხეს:  ,,2015-2016 სასწავლო წელს სახელმძღვანელოებისთვის სამინისტროს ბიუჯეტიდან  1 500 000 ლარია გამოყოფილი”. Aris.ge-განათლება დაინტერესდა, რამ გამოიწვია 10-დღიანი შუალედით თანხის ცვლილება, როგორც უწყებაში განგვიმარტეს, „მილიონნახევარის წიგნებს სამინისტრო დაბეჭდავს, ხოლო დანარჩენი თანხისას შეიძენს.

სანიკიძის თქმით, გასულ წელს განათლების სამინისტროს გრიფირებული და სხვა სავალდებულო წიგნებისთვის მთლიანად 13 მილიონი ლარი დასჭირდა. „შარშან დაიბეჭდა მთლიანი რაოდენობის 60%. წელს დაიბეჭდება 30%“,- განმარტა მინისტრმა.

ჩვენს კითხვაზე, რომელი კომპანიებისგან უნდა შეიძინოს უწყებამ სახელმძღვანელოები და მილიონნახევრიანი ტენდერი სახელმძღვანელოების ბეჭდვაზეა გამოცხადებული თუ შეძენაზე უწყებიდან შემდეგი შინაარსის პასუხი მივიღეთ.

,,მიზანი არის სახელმძღვანელობის და რვეულების მიღება და შესაბამისი კლასიფიკატორის კოდით არის ტენდერი გამოცხადებული. დოკუმენტაციაში წერია ტექნიკური მახასიათებლები თუ როგორი უნდა იყოს წიგნიც და რვეულიც. შესაძლოა, ზოგს მზა უკევ დაბეჭდილი ქონდეს და შესაძლოა, ზოგმა შემდგომ დაბეჭდოს. ამას ჩვენთვის არ აქვს მნიშვნელობა. მთავარია მოცემულ ვადაში იყოს მოწოდებული,”- აცხადებენ სამინისტროში.

Aris.ge – განათლების მიერ მოპოვებული ინფორმაციის თანახმად კი, განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ინგლისური ენის სახელმძღვანელოების და რვეულების შეძენას გეგმავს, რომელსაც უწყება ბოლო რამდენიმე წელია “მაკ მილანის” გამომცემლობისგან ყიდულობს. ასევე მოხდება ფრანგული და გერმანული სახელმძღვანელოების შეძენაც.

დაახლოებით 1 მილიონ 426 ათას 119 ლარის ტენდერი გამოაცხადა სამინისტროს საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტომ 23  ივნისს. როგორც შესყიდვების კატეგორიაშია მითითებული, ტენდერი გამოცხადდა:  წიგნების ბროშურების და საინფორმაციო ფურცლების შესაძენად და ის  30 ივნისს 12 საათზე დასრულდება.

სატენდერო დოკუმენტაციის მიწოდების პირობებსა და ვადებში ვკითხულობთ:

,,I ეტაპი: ხელშეკრულების გაფორმებიდან 10 (ათი) კალენდარული დღის ვადაში მოწოდებული უნდა  იქნეს წიგნების სრული რაოდენობის არანაკლებ 10% და რვეულების სრული რაოდენობის არანაკლებ 5%;  II ეტაპი: ხელშეკრულების გაფორმებიდან 20 (ოცი) კალენდარული დღის ვადაში მოწოდებული უნდა იქნეს წიგნების სრული რაოდენობის არანაკლებ 60% და რვეულების სრული რაოდენობის არანაკლებ 40%;  III ეტაპი: წიგნებისა და რვეულების სრული მოწოდება უნდა განხორციელდეს 2015 წლის 1 სექტემბრამდე”

მომსახურების ტექნიკური პირობები აღნიშნულია: ,, დაბეჭდილი სახელმძღვანელოები და რვეულები დამზადებული უნდა იყოს ეკოლოგიურად სუფთა მასალისაგან.  გამოცემათა დასამზადებლად საჭიროა გამოყენებული იქნეს ქაღალდი, რომელიც  განკუთვნილია მხოლოდ წიგნების დასაბეჭდად (ოფსეტური, ტიპოგრაფიული, საწიგნო-საჟურნალო და სხვ.) სითეთრის მაჩვენებლით – 74-88%;  დაუშვებელია ქაღალდის გამოყენება, რომლის გამჭირვალობის კოეფიციენტი – 91%- ზე ნაკლებია;  შიგთავსი (წიგნის, რვეულის) – არანაკლებ 60 გრ. და არაუმეტეს 80 გრ. ნაკლებად ცარცირებული ან არანაკლებ 60 გრ. და არაუმეტეს 80 გრ. ოფსეტისა;  წიგნის გარეკანი – არანაკლებ 190-200 გრ ცარცირებული/ბრისტოლი; რვეულის გარეკანი- არანაკლებ 170 გრ ცარცირებული/ბრისტოლი;  აკინძვა: სტეპლერი”.

ტენდერს თან ახლავს თანდართული დოკუმენტებიც,  სადაც მითითებულია ქართული წიგნების, რვეულების და 1-6 კლასის ბილინგვური რვეულების რაოდენობა.

აღსანიშნავია, რომ ტენდერის დანართ დოკუმენტებში, სადაც ჩამოთვლილია რა სახელმძღვანელოები უნდა დაბეჭდოს მიმწოდებელმა, დასაბეჭდი წიგნების რაოდენობა მითითებულია მხოლოდ რუსულენოვან სახელმძღვანელოებზე და ქართულენოვანი საგნების რვეულებზე.

რაც შეეხება ძირითად დროში ვაჭრობის შეთავაზებებს, არსად არ ფიქსირდება მონაწილე კომპანიები,  მათ მიერ შეთავაზებული წინადადებები და მოთხოვნილი თანხები. ტენდერის შედეგში კი მითითებულია რომ სატენდერო დოკუმენტაცია მიმაგრებული არ არის.

ვინ გაიმარჯვებს ტენდერში და რომელი კომპანიებისგან მოხდება სასკოლო სახელმძღვანელოების შეძენა, აღნიშნული სავარაუდოდ 30 ივნისს გახდება ცნობილი.

ქართული სასკოლო სახელმძღვანელოები წელს შესაძლოა თურქეთში დაიბეჭდოს

სულ ახალ სასკოლო წიგნებს წელს ვერც პირველკლასელი მოსწავლეები ვერ მიიღებენ 

ეკა არის© წივწივაძე

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური