GE

განათლების სამინისტროს ახალი ინიციატივის განხორციელება 103–ე სკოლიდან დაიწყო

„დღეს ამ არაჩვეულებრივი სკოლიდან ვიწყებთ განათლების რეფორმის ერთ–ერთი ახალი ინიციატივის განხორციელებას – ეს არის ჯანმრთელი თაობა“, – ამის შესახებ განათლების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ ახალი, 103–ე სკოლის გახსნის ღონისძიებაზე განაცხადა, სადაც პრემიერთან ერთად სკოლებში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციასა და ხელშეწყობაზე ახალი ინიციატივა გააჟღერა.

„ეს არის ახალი სკოლა, რომელიც სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებით აშენდა. ახალი ტექნოლოგიების ეპოქაში სპორტულ აქტივობებს შედარებით ნაკლები ყურადღება ექცეოდა, ჩვენი ახალგაზრდები ფიზიკურ აქტივობას არიან მოკლებულები და ვაპირებთ, რომ სკოლის ბაზაზე შევქმნათ მოტივი ყველა ბავშვისთვის რომ იყვნენ აქტიურად ჩართულები სპორტში“, – განაცხადა მინისტრმა.

მისივე თქმით, 103–ე სკოლაში მოსწავლეების სპორტულ აქტივობებში ფრენბურთის ფედერაციაა ჩართული, თუმცა გარდა ამისა, ახალგაზრდა თაობის ჯანსაღი ცხოვრების წესზე ფეხბურთის, რაგბის და ზამთრის სპორტის ასოციაციები იქნებიან ჩართულები.

103–ე სკოლის აშენებაზე 5 მილიონ 500 ათასი ლარი დაიხარჯა. ის ათას ბავშვზეა გათვლილი, თუმცა დღეს იქ 630 მოსწავლე სწავლობს.

სკოლის გახსნის ღონისძიებას ქვეყნის პრემიერიც დაესწრო და ახალ ინიციატივაზე ისაუბრა.

„ეს სკოლა აბსოლუტურად არის ადაპტირებული შშმ პირებზე. ჩვენი ბავშვები ძალიან აქტიურად არიან ჩართული თანამედროვე ტექნოლოგიების ათვისებაში და ისინი გვასწრებენ უფროსებსაც კი ამ მიმართულებით. ვფიქრობ, რომ ჩვენი ბავშვები აბსოლუტურად კონკურენტუნარიანები არიან საერთაშორისო დონეზე თანამედროვე ტექნოლოგიების ათვისების კუთხით. ახალი ტექნოლოგიების ეპოქაში კი კიდევ უფრო აქტუალური ხდება ფიზიკური აქტივობა და ფიზიკური ვარჯიში. დღეიდან გვინდა ყველა სკოლას და ყველა ბავშვს შევთავაზოთ ჯანსაღი ცხოვრების დამკვიდრება და ფიზიკური აქტივობა. ჩვენ განათლების და მეცნიერების სამინისტროსთან, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროსთან და ასევე სპორტულ ფედერაციებთან ერთად შევიმუშავებთ ყველა სკოლისთვის განსაკუთრებული ფიზიკური აქტივობის პროგრამებს, რათა ყველა ბავშვი იყოს ჩართული ამ მიმართულებით და როცა ისინი სკოლას დაამთავრებენ, არამარტო ცოდნის მიმართულებით იყვნენ მომზადებულები, არამედ ჰქონდეთ გამართული ჯანმრთელობა იმისთვის, რომ შეერკინონ ცხოვრებას. დღეიდან ახალ მნიშვნელოვან ეტაპს ვიწყებთ“,– განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

სასკოლო ექსკურსიებისა და თავისუფალი წრეების კუთხით ცვლილებები განხორციელდება

ქეთი არის© გიგოლაშვილი

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური