GE

განათლების სამინისტროში მანდატურის სამსახურის 5 წლის იუბილე აღინიშნა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის 5 წლის იუბილე აღინიშნა და განვლილი პერიოდი შეჯამდა. ღონისძიების ფარგლებში, თამარ სანიკიძემ იმ მანდატურებს, რომელთაც სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას განსაკუთრებით გამოიჩინეს თავი სიგელები გადასცა.

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, ბოლო ორი წლის მანძილზე მანდატურის სამსახურმა მნიშვნელოვანი თვისობრივი და შინაარსობრივი ცვლილება განიცადა და ჩამოყალიბდა როგორც უსაფრთხოებაზე ორიენტირებული ინსტიტუცია, რომელიც სკოლას კომპლექსურ მომსახურებას სთავაზობს მანდატურის, ფსიქოლოგიური ცენტრებისა და სკოლებში პროფესიული ორიენტაციისა და კარიერის დაგეგმვის სახით.

მათივე ცნობით, მანდატურის სამსახურში ბოლო პერიოდში განხორციელდა:

  • სტრუქტურული ცვლილება;
  • სკოლისთვის უსაფრთხოების დაცვის ინდივიდუალური მოდელი შეიქმნა;
  • შეიცვალა მანდატურთა მოსამზადებელი კურსი;
  • დაიხვეწა ბავშვთა რეფერირების (გადამისამართების) საკითხები;
  • ამოქმედდა რეფერირებისა და დარღვევის აღრიცხვის ელექტრონული პროგრამა.

,,მნიშვნელოვანად შეიცვალა მანდატურის ფუნქცია და დღეს იგი ორიენტირებულია მოსწავლის/სტუდენტის, საგანმანათლებლო დაწესებულების ადმინისტრაციისა და პედაგოგის უსაფრთხოებაზე, დანაშაულის პრევენციაზე. შედეგად, მნიშვნელოვნად გაიზარდა მანდატურის სამსახურის მიმართ საზოგადოების ნდობა, გასულ წელთან შედარებით 21% შემცირდა საჯარო სკოლაში მომხდარი დანაშაულის რიცხვი.

მანდატურები მუდმივად ეცნობიან საერთაშორისო გამოცდილებას და ადგილობრივი მოთხოვნების გათვალისწინებით, იმაღლებენ კვალიფიკაციას, ხდება მათი გეგმაზომიერი გადამზადება ახალი პროგრამების ფარგლებში. ამ ეტაპზე მანდატურის სამსახურის მოქმედების არეალი საქართველოს ტერიტორიის 401 საჯარო და სამ კერძო სკოლაზე, ორ პროფესიულ სასწავლებელსა და ერთ უნივერსიტეტზე ვრცელდება თუმცა, დიდია მოთხოვნა იმ სკოლებიდანაც, სადაც მანდატურის სამსახური ჯერ კიდევ არ არის.

განსაკუთრებული დატვირთვით მუშაობს მანდატურის სამსახურის ბაზაზე მოქმედი ფსიქოლოგიური ცენტრები, სადაც კონკურსის შედეგად შერჩეული მაღალკვალიფიციური ფსიქოლოგები, სოციალური მუშაკები და ბავშვთა ფსიქიატრები უფასო ფსიქო-სოციალურ მომსახურებას უწევენ ფსიქოლოგიური პრობლემებისა და ქცევითი დარღვევების მქონე პირებს, მათი ოჯახის წევრებს და მათ მასწავლებლებს. ფსიქოლოგიური ცენტრები თბილისში, ქუთაისში, ბათუმში, ფოთში, თელავსა და გორში ფუნქციონირებს. არსებული მოთხოვნის შესაბამისად, უახლოეს მომავალში ანალოგიური ცენტრების გახსნა დაგეგმილია რუსთავსა და ზუგდიდში”,- ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

განათლების სამინისტროს განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ საგანმანათლებლო დაწესებულის მანდატურის სამსახურის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს სერვისს პროფორიენტაციისა და კარიერის დაგეგმვის პროგრამა წარმოადგენს, რომლის მიზანია IX-XI კლასის მოსწავლეებს პროფესიის სწორად არჩევაში დაეხმაროს. პროგრამა საქართველოს მასშტაბით 483 საპილოტე სკოლაში განხორციელდა და შედეგმა ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. პროგრამის დაწყებიდან დღემდე, მოსწავლეთა ინტერესების გათვალისწინებით, 1000 ზე მეტი გაფართოებული შეხვედრა ჩატარდა სხვადასხვა პროფესიის წარმომადგენლებთან და 750 სასწავლო ექსკურსია განხორციელდა საწარმოებში, ორგანიზაციებში, უმაღლეს სასწავლო დაწესებულებებში, პროფ სასწავლებლებში.

მანდატურის სამსახური აქტიურად თანამშრომლობს საერთაშორისო ორგანიზაციებთან, როგორიცაა UNICEF, USAID, PH International და NASRO. ეს თანამშრომლობა ეფექტურს ხდის საქმიანობას. მსგავსი ტიპის თანამშრომლობა გაგრძელდება და გაღრმავდება.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური