GE

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა 2014 წლის ანგარიში წარმოადგინა

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში“ 2014 წლის ანგარიშის პრეზენტაცია გამართა.

ცენტრის დირექტორმა ელენე ჯიბლაძემ მოწვეულ სტუმრებს ცენტრის მუშაობის 2014 წლის შედეგები წარუდგინა და ცენტრის მიერ გასულ წელს განათლების ხარისხის განვითარების მიმართულებით განხორციელებული საქმიანობის შესახებ ისაუბრა.

ელენე ჯიბლაძემ აღნიშნა, რომ ცენტრის გრძელვადიან სტრატეგიაზე დაყრდნობით, 2014 წელი დაეთმო ცენტრის ძირითადი საქმიანობების შინაარსობრივ დახვეწას. 2014 წელს ცენტრმა დაასრულა რეორგანიზაციის პროცესი, რომელიც მიზნად ისახავდა განათლების ხარისხის უზრუნველყოფის ფუნქციის გაძლიერებას. ასევე წინ წამოიწია ინტერნაციონალიზაციისა და კვალიფიკაციების ჩარჩოს განვითარების კომპონენტებმა.

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი იფიციალური გვერდის მიხედვით, ცენტრმა დაიწყო განვითარებაზე ორიენტირებული განათლების ხარისხის უზრუნველყოფის მექანიზმების შექმნაზე მუშაობა, რაც გულისხმობს ხარისხის უზრუნველყოფის მოქნილი პროცედურების ჩამოყალიბებას, შედეგის შეფასებაზე ორიენტირებული სტანდარტების შემუშავებასა და შეფასების პროცესში საერთაშორისო შემფასებლების ჩართვას.

ზოგადი განათლების მიმართულებით შემუშავდა სკოლის განვითარების კონცეფცია, რომელშიც ხარისხის უზრუნველყოფის სისტემა განხილულია როგორც სკოლისთვის დამხმარე ინსტრუმენტი. ,,სკოლის ბარათის“ სახით განვითარდა ანგარიშვალდებულების ელექტრონული სისტემის იდეა, რომელიც გაზრდის სკოლის პასუხისმგებლობის ხარისხს სახელმწიფოსა და საზოგადოების მიმართ.

ელენე ჯიბლაძემ აღნიშნა, რომ ცენტრის კიდევ ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა საკვალიფიკაციო ჩარჩოს დახვეწა. ამ თვალსაზრისით მომზადდა საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი და ცვლილებათა დანერგვის სამოქმედო გეგმა, რომელთა მეშვეობითაც ეროვნული კვალიფიკაციების სისტემა ევროპულს დაუახლოვდება.

მნიშვნელოვანი ცვლილება, რომელიც მომავალი წლიდან საგრძნობლად გააუმჯობესებს ცენტრის მუშაობას, არის განათლების ხარისხის ელექტრონული მართვის პლატფორმა. იგი გაზრდის განათლების სისტემაში არსებული მონაცემების სანდოობის ხარისხს.

ასევე წარმატებით გაგრძელდა „პროფესიულ კვალიფიკაციათა განვითარების ხელშეწყობის პროგრამა“, რომლის ფარგლებშიც განახლდა პროფესიული სტანდარტები და შემუშავდა სტანდარტების შესაბამისი მოდულური პროგრამები.

2014 წლის ანგარიშთან ერთად პრეზენტაციაზე წარმოდგენილ იქნა განათლების სფეროს ტენდენციები, რომლებიც ცენტრში არსებული მონაცემების ანალიზზე დაყრდნობით მომზადდა.
ელენე ჯიბლაძემ მოწვეულ სტუმრებს ცენტრის განახლებული ვებგვერდიც წარუდგინა.

პრეზენტაციის ბოლოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ გიორგი შარვაშიძემ ცენტრის სამომავლო გეგმებზე ისაუბრა. მან მადლობა გადაუხადა ელენე ჯიბლაძეს გაწეული სამუშაოსთვის და წარმატებები უსურვა მომავალ აკადემიურ საქმიანობაში.

ელენე ჯიბლაძე ცენტრის დირექტორის თანამდებობას 30 იანვრიდან დატოვებს.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური