GE

გერმანელ ექსპერტებთან ერთად პროფესიული განათლების მასწავლებლის გზამკვლევზე მუშაობა იწყება

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი პროფესიული განათლების გერმანელ ექსპერტებთან ერთად პროფესიული განათლების მასწავლებლის გზამკვლევზე მუშაობას იწყებს. გზამკვლევის მიზანია მასწავლებლებს პედაგოგიური უნარების თვითშეფასებაში, ხოლო სასწავლებლებს პედაგოგიური კურსის შემუშავებაში დაეხმაროს.

მასწავლებელთა სახლის ინფორმაციით, გზამკვლევის შემუშავებისას გათვალისწინებული იქნება როგორც ევროპელი კოლეგების გამოცდილება, ისე დასავლური სწავლების სტანდარტები.

ცენტრის ცნობით, საქართველოში ექსპერტების სტუმრობა გაეროს განვითარების პროგრამამ უზრუნველყო. გერმანელი ექსპერტები უკვე გაეცნენ პროფესიული განათლების მასწავლებლის სტანდარტს და ეთიკის კოდექსს, ასევე პროფესიული განათლების განვითარების სტრატეგიას, რომლის შემადგენელი კომპონენტია გზამკვლევის შემუშავება.

სამუშაო შეხვედრები 4 სექტემბრამდე გაგრძელდება. ბოლო სამუშაო შეხვედრაზე, რომელიც გაეროს განვითარების პროგრამის ოფისში ჩატარდება, მოწვეული ექსპერტები ქართველ ექსპერტებთან, მასწავლებლებთან და სასწავლებლების დირექტორებთან ერთად პროფესიული განათლების მასწავლებლის სტანდარტსა და გზამკვლევის სტრუქტურას შეაჯამებენ.

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი ამ მიმართულებით ევროპელ კოლეგებთან თანამშრომლობის გაგრძელებას მომავალშიც გეგმავს.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური